5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე

სიახლეები / საჩემპიონო / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ჩემპიონთა ლიგა 24-აპრ, 21:299 GioToServe 3512 0





5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში...


მიმდინარე სეზონში, მადრიდის „რეალი“ საკმაოდ უცნაურად და სპეციფიკურად ასპარეზობს. მთელი წლის განმავლობაში, მისი ფორმა ექსტრემალური ატრაქციონივით იცვლებოდა - კლუბმა მრავალი ჩავარდნა და წარმატება ერთდროულად გამოსცადა საკუთარ თავზე.

შაბათ-კვირას, ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, მადრიდის „რეალს“ მნიშვნელოვნად უძნელდებოდა ასპარეზობა, თუმცა შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ისე თამაშობდა, თითქოს ეს უკანასკნელი ტურნირი, სულ სხვა სამყაროს განეკუთვნებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის მოგებაზე, „ლოს ბლანკოსს“ უკვე რამდენიმე თვეა, რაც იმედი გადაეწურა, სამეფო გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ამ მომენტამდე, მადრიდის „რეალის“ თავგადასავალი მართლაც საოცრად გამოიყურება. ცხადია, „გალაქტიკოსს“ უბრძოლველად არაფერი მიეცა. ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს, რამაც შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო - ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა. ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული, მადრიდის „რეალს“ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა.

მიმდინარე სეზონში, ზინედინ ზიდანის გუნდი ისეთ გრანდებს დაუპირისპირდა, როგორებიც არიან „ტოტენჰემ ჰოთსფური“, დორტმუნდის „ბორუსია“, „პ.ს.ჟ.“, „იუვენტუსი“. ცხადია, აღნიშნულ კლუბთა სახელების მოხსენიება სწორედაც რომ მადრიდის „რეალის“ გამორჩეულობასაც უსვამს ხაზს.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მეტად საინტერესო პირველი მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მოდით, დეტალურად მიმოვიხილოთ ის 5 მიზეზი, რომლებზე დაყრდნობითაც, ჩვენ მადრიდის „რეალის“ გამარჯვებას მტკიცედ ვვარაუდობთ.

მიზეზი #5 - მადრიდის „რეალი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მიმდინარე სეზონი ტიტულის გარეშე არ ჩაამთავროს


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე


მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშებაში, ზიდანმა და მისმა გუნდმა, ძალიან გულდასაწყვეტი კრახი განიცადეს. ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, მადრიდის „რეალი“ პირველ ადგილზე მყოფ პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ 15 ქულით ჩამორჩება. სამეფო გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ „ლოს ბლანკოსი“ ესპანეთის საფეხბურთო თასსაც გამოეთიშა, თანაც საკმაოდ მოულოდნელად.

თუმცაღა, ამ ქაოსისა და წარუმატებლობის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგა სწორედ ის ტურნირია, სადაც მადრიდის „რეალს“ კრიტიკა არ დაუმსახურებია.

სამეფო გუნდის აპრიორი ჩემპიონთა ლიგის ჯილდოს მესამედ მოგება კი არ არის, არამედ ის, რომ წელიწადი ტიტულის გარეშე არ ჩაამთავროს და კლუბის ლეგენდარული სტატუსი დაკნინებისაგან იხსნას. მართლაც, სასწორზე სწორედაც რომ მადრიდის „რეალის“ პრესტიჟი ძევს.

მეორე მხრივ, ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად, თუმცა გერმანულ გრანდს წარმატების მოპოვების ისეთი მოტივაცია და წყურვილი ვერ ექნება, როგორიც მადრიდის „რეალს“ ამჟამად გააჩნია.

წარმატების მისაღწევად, ზიდანი და მისი გუნდი თავდაუზოგავად იბრძოლებენ - მათ ხომ დასაკარგი აღარაფერი აქვთ.

რამდენიმე კვირის წინ, მიუნხენის „ბაიერნმა“ ზედიზედ მეექვსე ბუნდესლიგის ტიტული აღმართა. აქედან გამომდინარე, გერმანული კლუბი უფრო მეტი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება, ვიდრე მადრიდის „რეალი“. ამ უკანასკნელს, დასაკარგი აღარც არაფერი აქვს და მხოლოდ სახელის განმტკიცებისათვის იბრძვის - კლუბი შეეცდება, რომ თავისი ფასი მთელ საფეხბურთო სამყაროს შეახსენოს.

მიუნხენის „ბაიერნი“ უპირისპირდება კლუბს, რომელმაც უკანასკნელ ათწლეულში, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა, მეერვედ შეძლო.

როდესაც საუბარია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დაგროვილი გამოცდილების შესახებ, მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალთან“ ახლოსაც ვერ მივა.

ყველა ნახსენები ასპექტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უმნიშვნელოვანეს და კრიტიკულ სიტუაციებში, ესპანური გრანდი არავის ინდობს.

მიუნხენის „ბაიერნს“ „ყველა სიჩქარის“ ჩართვა მოუწევს იმისათვის, რათა სამეფო გუნდს ღირსეული მეტოქეობა გაუწიოს.

ხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, “გალაქტიკოსი“ კიდევ უფრო საშიში ხდება და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას ორმაგად ან გნებავთ სამმაგად შეეცდება, რათა უტიტულო სეზონს როგორმე თავი აარიდოს.

მიზეზი #4 - ზინედინ ზიდანის არაპროგნოზირებადი ტაქტიკური ცვლილებები


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე


გუნდში მოთამაშე არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელით, ტრაბახის უფლება აქვს როგორც მიუნხენის „ბაიერნს“, ასევე მადრიდის „რეალს“. შეტევისა და დაცვის ხაზების გათვალისწინებით, ორივე გუნდის შესაძლებლობები ბალანსირებულია - ისინი თანაბარი ძალისანი არიან.

რთულია იმის თქმაც, თუ რომელი გუნდის სტრატეგიული გეგმა სჯობს მოწინააღმდეგისას. ეს ბუნებრიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდს სათავეში ძალიან გამჭრიახი, ბრწყინვალე სპეციალისტები უდგანან - ზინედინ ზიდანი და იუპ ჰაინკესი.

მიუხედავად აღწერილი მსგავსებებისა, არსებობს ერთი კონკრეტული ფაქტორი, რომელიც მადრიდის „რეალს“ მიუნხენის „ბაიერნისგან“ განასხვავებს: ეს არის ზინედინ ზიდანის სტრატეგია და ტაქტიკა.

ზემოთაღნიშნულის ნათელი გამოხატულება, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის შეხვედრაა, რომლის ფარგლებშიც, მადრიდის „რეალმა“ "სანტიაგო ბერნაბეუზე" უძლეველ „პ.ს.ჟ.“-ს უმასპინძლა.

ნეიმარის შეტევის ხაზში ყოფნამ, მადრიდელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა - გუნდი სათანადოდ ვერ ჩაება თამაშში და ვერც შესაბამისი რიტმი იპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა გოლს კრიშტიანუ რონალდუს წონასწორობის აღმადგენელი პენალტის გატანა მოჰყვა, მატჩში მაინც „პ.ს.ჟ.“ დომინირებდა იქამდე, სანამ მოვლენათა განვითარებაში ზინედინ ზიდანი არ ჩაერთო.

„პ.ს.ჟ.“ მაშინ ჩავარდა დიდ განსაცდელში, როდესაც 79-ე წუთზე, ზინედინ ზიდანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ფრანგმა სპეციალისტმა კაზემიროსა და ისკოს ნაცვლად, მოედანზე ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო გამოიყვანა.

ამის შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მიერ „პ.ს.ჟ.“ ჩაგვრის სურათი ვიხილეთ. 3 წუთის ინტერვალში, „ლოს ბლანკოსმა“ 2 გოლის გატანა მოახერხა, ეს ყველაფერი კი ზინედინ ზიდანის მიერ განხორციელებული ცვლილებიდან 4 წუთში მოხდა.

განმეორებით შეხვედრაში, ბევრისდა გასაკვირად, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა პირველ მატჩში პროდუქტიული ტონი კროოსი და ისკო სათადარიგო სკამზე დასვა, ასენსიო და ვასკესი კი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

შედეგად, მადრიდელებმა პარიზელები 2:1 ანგარიშით დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კომფორტულად გავიდნენ.

ზიდანის ოსტატობა აქ არ მთავრდება. ჩვენ „გალაქტიკოსის“ მთავარი მწვრთნელის ბრწყინვალება „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაშიც ვიხილეთ - ფრანგმა ძირითად შემადგენლობაში ისკო და კროოსი დააყენა, მაგრამ ისევ ბევრისდა გასაკვირად, ბეილი არ ათამაშა. გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო - გასვლაზე, სამეფო გუნდმა ტურინულ კლუბს 3:0 ანგარიშით სძლია.

ტურნირის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალს“ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პირველი ნახევრის დასრულების შემდგომ, ზიდანმა ბეილი და კაზემირო გაიყვანა - ეს ფეხბურთელები ასენსიომ და ვასკესმა ჩაანაცვლეს.

არავინ დაობს იმის შესახებ, რომ იუპ ჰაინკესი დიდებული სპეციალისტია, მაგრამ გერმანელი ხელმძღვანელის სასტარტო 11-ეული ფრიად ალბათური და პროგნოზირებადია. ჰაინკესთან შედარებით, ზინედინ ზიდანის პირველადი არჩევანის ამოცნობა გაცილებით რთულია.

ზუსტად იდენტური მიზეზის გამო, „ლოს ბლანკოსი“ თავის მოწინააღმდეგეებს, წინასწარი სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობასა და ეფიშენტურობას ართმევს.

მართალია, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი სასტარტო 11-ეულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ ზიდანს ასენსიო, ისკო, ბეილი, ვასკესი და კოვაჩიჩიც ჰყავს - საბოლოო არჩევანი ისევ ფრანგ სპეციალისტზეა დამოკიდებული.

მადრიდის „რეალის“ სათადარიგო სკამი კიდევ უფრო გააძლიერა ისეთი ფეხბურთელების გაფორმებამ, როგორებიც არიან ბორხა მაიორალი, დანი სებალოსი, ტეო ერნანდესი, მარკოს ლორენტე, ხესუს ვალეხო და აშრაფ ჰაკიმი.

საერთო შემადგენლობის მრავალფეროვნებისა და სიღრმის გათვალისწინებით, მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ შესაძლოა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ჯობნის - სამეფო გუნდს განკარგულებაში უბრალოდ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ იუპ ჰაინკესი უფრო მოწიფულ და გამოცდილ გუნდს ფლობს, სწორედ ზიდანია ის, ვის განკარგულებაშიცაა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები. ამ მოთამაშეებმა უკვე არაერთხელ დაგვიმოწმეს, რომ ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ მოედანზე, უდიდესი წნეხის ქვეშაც კი შეუძლიათ აჩვენონ ფენომენალური ფეხბურთი, მათ დაამოწმეს, რომ ასეთი მაღალი მაგნიტუდის თამაშებში მონაწილეობის ღირსნი ნამდვილად არიან.

ყველა ზემოთაღნიშნული ფაქტორი ცხადჰყოფს, რომ ზინედინ ზიდანის სტრატეგია, ტაქტიკა და ხერხები, მეტოქეს მრავალ პრობლემას უქმნის და საქმეს ერთიორად უძნელებს.

მიზეზი #3 - მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ, მადრიდის „რეალის“ ბოლოდროინდელი სტატისტიკა განმაცვიფრებელია


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე


პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უპირისპირდება - გრანდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ორივე გუნდი ევროპის საუკეთესოთა შორის მოიაზრება. როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაზე მათი შეხვედრა გარდაუვალია.

უკანასკნელ პერიოდში, ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალი“ ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ - სამივეჯერ პლეი-ოფის ეტაპზე.

ტურნირის 2011-2012 წლების სეზონის გათამაშებაში, გერმანულმა მხარემ იმარჯვა. გუნდმა მადრიდის „რეალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გერმანელთა ხელში განცდილი მარცხის შემდგომ, მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნზე“ რევანში ორჯერ აიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჯერ 2013-2014 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, შემდგომ კი 2016-2017 წლების სეზონის გათამაშების 1/4 ფინალში.

ამავე ათწლეულში, მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მეოთხედ დაუპირისპირდება. მოქმედი ჩემპიონისათვის, აღნიშნულმა სტატისტიკამ შესაძლოა, მორალური გამაძლიერებლისა და სტიმულის ფუნქცია შეითავსოს და მადრიდელებს გამარჯვებისაკენ გაუკვალოს გზა.

მიზეზი #2 - ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალის“ ციხესიმაგრეს წარმოადგენს


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე


ვფიქრობთ, გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ არ მოიძებნება ისეთი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში სურდეს და დიდი ენთუზიაზმით იყოს განწყობილი.

დროდადრო, მადრიდის „რეალი“ კვლავ და კვლავ ამოწმებს ჩვენთვის უკვე არაერთგზის ცნობილ ფაქტს, რომ იგი ნებისმიერი მეტოქისათვის დიდ საფრთხესა და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ბუნებრივია, ამ მხრივ, გამონაკლისი არც მიუნხენის „ბაიერნი“ გახლავთ.

მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშებაში, მადრიდის „რეალმა“ სუსტი სტარტი აიღო, რამაც სამეფო გუნდს ოპტიმალური ფორმის პოვნა კიდევ უფრო გაუძნელა.

თუმცაღა, ბევრისდა საკვირველად, მადრიდის „რეალის“ პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე ფანტასტიკური აღმოჩნდა. ახლა, სამეფო გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალში იმყოფება და ბუკმეიკერები ტურნირის პოტენციურ გამარჯვებულად სწორედ ზინედინ ზიდანის გუნდს ასახელებენ - „გალაქტიკოსს“ საშუალოდ 3.00 კოეფიციენტი ერგო. წარმატების შემთხვევაში, „რეალი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მესამედ მოიგებს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული ტურნირის დაარსების წლიდანვე, მადრიდის „რეალი“ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. სამეფო გუნდმა პირველივე გათამაშება მოიგო, რასაც კიდევ 4 წარმატება შეჰმატა - საუბარი გვაქვს 1956-1960 წლების ტრიუმფზე.

2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეცხრედ მოგების შემდგომ, „ლოს ბლანკოსს“ მძიმე პერიოდი დაუდგა. „რეალს“ ზუსტად 12 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ნავსი გაეტეხა და მეათე ტიტული აღემართა. 2014 წლიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალი“ კვლავ დომინანტ ძალად მოგვევლინა და უკანასკნელ 4 წელიწადში, „გალაქტიკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტულის მოგება შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტი ტიტული სწორედ მადრიდის „რეალს“ აქვს მოგებული. ეს ის გუნდია, რომელმაც ტურნირის 1/2 ფინალებსა და ფინალებში ყველაზე მეტჯერ იასპარეზა.

სტაბილურობის ამგვარი ხარისხის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ არ შეირყეს ისეთი მრისხანე მოწინააღმდეგის პირისპირ, როგორიც მადრიდის „რეალია".

მიზეზი #1 - ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ერთადერთი სახელი: კრიშტიანუ რონალდუ


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე


მადრიდის „რეალის“ ყველაზე დიდი მონაპოვარის - კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებით დახასიათება შეუძლებელია.

პორტუგალიელის მოტივაცია და წყურვილი ჩემპიონთა ლიგაზე, აბსოლუტურად სხვა საფეხურზე ინაცვლებს. ფორვარდის შესაძლებლობების ირგვლივ კამათი გაუმართლებელია. ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარი რეკორდების მოხსნა, მისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

რონალდუ რომ გუნდი ყოფილიყო, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვგოლიანი კლუბების სიაში, იგი მე-10 პოზიციას დაიკავებდა. თავად დაფიქრდით, რაოდენ განმაცვიფრებლად ჟღერს მსგავსი რამ ?

უკვე მრავალი წელია, რაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ხდება. ამ კუთხით, არც მიმდინარე სეზონია გამონაკლისი - რონალდუ განაგრძობს თავისი მემკვიდრეობის გამდიდრებას.

კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების თითოეულ თამაშში შეძლო გოლის გატანა. ამ მიღწევით, რონალდუმ საკუთარი სახელი ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაწერა - მის გარდა, მსგავსი რამ სხვა არცერთ ფეხბურთელს არ განუხორციელებია.

რაც შეეხება რონალდუსა და მიუნხენის „ბაიერნის“ დაპირისპირებას, პორტუგალიელი გერმანელებს ყოველთვის დიდ პრობლემებს უქმნიდა. ცნობილი ფაქტია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ „ალიანს არენა“-ზე დამარცხება ნებისმიერი გუნდისათვის წარმოუდგენლად რთული მისიაა, მაგრამ როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდის „რეალისათვის“, მსგავსი რეალობა არ არსებობს.

უკანასკნელ რამდენიმე მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გრანდი შეხვედრებს საკუთარ მოედანზე მართავდა, მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალისა“ და განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუს ხელში, ნამდვილად გამწარდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა