ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრებიან

სიახლეები / სხვა სახეობები / ოლიმპიური 11-თებ, 18:049 Sportnews 2262 0





ევროპის ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, კონტინენტის მასშტაბით, ყველაზე წარმომადგენლობითი და პრესტიჟული სპორტული ფორუმია და მასში 49 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

აღნიშნულ შეჯიბრებას ართცუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს - ზაფხულის თამაშები - 1991, ხოლო ზამთრისა 1993 წლიდან ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება. შეხსენებისთვის, 2015 წელს, ზაფხულის ფესტივალი თბილისში ჩატარდება, თუმცა ამჯერად, გულშემატკივართა ყურადღებას თეთრ ოლიმპიურ ფესტივალზე მივაპყრობთ.

13-19 თებერვალს, ჩეხეთის ქალაქი ლიბერეცი, რიგით მეათე საიუბილეო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. 49 ქვეყნის ახალგაზრდა ათლეტები სპორტის 8 სახეობაში - ბიატლონში, სამთო სათხილამურო სპორტში, თხილამურებით რბოლაში, ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, ტრამპლინიდან ხტომაში, სნოუბორდსა და სათხილამურო კომბინირებულ რბოლაში იასპარეზებენ. თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 13 თებერვალს, ლიბერეცის "ტიპსპორტის" არენაზე გაიმართება. საქართველოს მცირერიცხოვანი დელეგაცია ჩეხეთში ხვალ, გამთენიისას მიემგზავრება. ლიბერეცში სამთო სათხილამურო სპორტში ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ნიკოლოზ კოზანაშვილი, კახა კურტანიძე, ზურაბ ბაქრაძე, თამარ ბაქრაძე და სუსანა გავა სლალომსა და გიგანტურ სლალომში მოსინჯავენ ძალებს. საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ვახტანგ გეგელია უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება.

დასასრულ დავძენთ, რომ აქამდე ჩატარებული ცხრა ზამთრის ფესტივალიდან, ქართველმა სპორტსმენებმა ორი - 1999 (პოპრადი, სლოვაკეთი) და 2003 (ბლედი, სლოვენია) წლის შეჯიბრებები გამოტოვეს, საპრიზო ადგილზე გასვლა კი, ჯერჯერობით მხოლოდ ვახტანგ მურვანიძემ მოახერხა, რომელმაც 1997 წელს, სუნდსვალში (შვედეთი), ფიგურულ სრიალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა