Image

GMG ტელევიზია / GMG ფეხბურთი / GMG სპორტი

სიახლეები 31-ივლ, 16:439 admin 7991


















როგორ გაჩნდა საკაბელო ტელევიზიების ბაზარზე „გლობალ მედია ჯგუფი“, რა გზით მოიპოვა მან კერძო მაუწყებლობის სპეციალიზებული ლიცენზია და რანაირად უკავშირდება მას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2“–ის ყოფილი და მოქმედი დირექტორები.

იმისათვის, რომ საკაბელო ტელევიზიებმა მომხმარებლის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილონ და აბონენტებს გასართობი, მათ შორის, სპორტული არხების ტრანსლაცია შეთავაზონ, მომსახურების ღირებულება 60%–ით უნდა გაზარდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული არხები უნდა გათიშონ.

ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკაბელო ტელევიზიების ბაზარზე ახალი კომპანია – „გლობალ მედია ჯგუფი“ (GMG) გამოჩნდა.

GMG 2010 წლის 27 ივლისს დააფუძნა მამუკა გამყრელიძემ, თუმცა „რუსთავი 2“ –ის გადაცემა „ვის უნდა 20 ათასის“ წამყვანი მხოლოდ 20 დღე იყო GMG–ის 100%–ანი წილის მფლობელი. 17 აგვისტოდან კომპანიის მეწილე გახდა შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“, რომლის დირექტორიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილია. „მედია საკონსულტაციო ჯგუფის“ იურიდიული მისამართია კოსტავას #68, სადაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მდებარეობს.
GMG ტელევიზია / GMG ფეხბურთი / GMG სპორტი

„მედია საკონსულტაციო ჯგუფის“ 100%–ანი წლის მფლობელი გიორგი კოღუაშვილია. კოღუაშვილი იმავდროულად არის რუსთავში საკაბელო ქსელის პროვაიდერი კომპანია „თორი“–ს მფლობელი. კოღუაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის ივნისში მოექცა, როდესაც მისმა კომპანიამ რუსთავის საკაბელო ქსელიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა გათიშა, რასაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ამ ამბებიდან ორი თვის შემდეგ, 2009 წლის 7 აგვისტოს, გიორგი კოღუაშვილმა 100%–ანი წილით შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. 2010 წლის მაისში მის კომპანიას ჯერ შპს „ჯი ელ ტვ“ შეერწყა (მფლობელები: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია – 30%–ანი წილით და „რუსთავი 2“ –ის ამჟამინდელი დირექტორი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს–პარტნიორი გიორგი გეგეშიძე – 70%–ანი წილით), ხოლო შემდეგ კი, ივლისში ეს კომპანია „გლობალ მედია ჯგუფის“ მეწილე გხადა.

GMG რეგისტრირებულია მისი ოფიციალური მფლობელის, კოღუაშვილის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა ამჟამად კომპანია იმავე შენობაში ფუნქციონირებს, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა განთავსებული.

დაფუძნებიდან ორიოდე თვეში GMG-ის წარმომადგენლები საფრანგეთში გაემგზავრნენ საეთერო ბაზრობაზე, სადაც, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე სპორტული მატჩისა და ჩემპიონატის საქართველოში ჩვენების უფლება შეიძინეს. თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ GMG, რომელიც მაუწყებლობის ლიცენზიას არ ფლობდა, ამ მატჩების საქართველოში ჩვენებას პროვაიდერი კომპანიების, ანუ ბაზარზე აქამდე არსებული საკაბელო ტელევიზიების მეშვეობით განახორციელებდა, თუმცა გასული წლის ბოლოს GMG-მ ამ ლიცენზიის მოპოვება უპრობლემოდ მოახერხა მაშინ, როცა მაუწყებლობის ლიცენზიას წლებია ვერ იღებენ განმცხადებლები, რადგან კომუნიკაციების ეროვნული კომისია მათ ეუბნება, რომ ელოდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, რომელთა დახმარებითაც უნდა დაადგინოს, როგორ ტელეპროდუქციაზე აქვს მოთხოვნა საზოგადოებას.

GMG-მ 2010 წლის 3 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და შპს „მადის“კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის (ეს ლიცენზია ოზურგეთის საკაბელო კომპანია შპს "მადს" 2004 წელს ჰქონდა მიღებული) გადაცემა მოითხოვა. კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ეს თხოვნა, რის შემდეგაც GMG-მ კომისიას ამ ლიცენზიის მოდიფიცირება და კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზია (ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა) სთხოვა. გადაწყვეტილება მოდიფიცირების შესახებ კომისიამ 2010 წლის 31 დეკემბერს მიიღო.

გასული წლის დეკემბერშივე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, „გლობალ მედია ჯგუფის“ საწესდებო კაპიტალი, რომელიც 100 ლარს შეადგენდა, გაიზარდა ნახევარ მილიონ 50 ათასი ლარით. დოკუმენტს ხელს აწერენ გიორგი კოღუაშვილი და ლევან ყუბანეიშვილი.

1 თებერვლიდან GMG–მ, საკაბელო ტელევიზიების ეთერით, ოთხი არხით – ორი სპორტული და ორი კინო არხით დაიწყო მაუწყებლობა. იმავდროულად საკაბელო ტელევიზიებმა ყველა სპორტული არხი გათიშეს.

სპორტული არხების გათიშვის მიზეზი, როგორც ნეტგაზეთს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და თავად „გლობალ მედია ჯგუფში“განუცხადეს, სპორტული მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება გახდა, რომელიც GMG–მ მოიპოვა.

GMG-ის მთავარი პროდიუსერი ბიძინა ბარათაშვილი, რომელიც მანამდე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი იყო, „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიწერეს წერილი, სადაც წარუდგინეს ჩამონათვალი იმ სპორტული ჩემპიონატებისა, თუ მატჩებისა, რომლის საქართველოში ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ GMG–ის აქვს და ამ ექსკლუზიური უფლების დაცვა მოთხოვეს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 18 თებერვალს 6 საკაბელო მაუწყებელს სხვადასხვა არხის ტრანსლირება აუკრძალა, მათ შორის, არა მხოლოდ სპორტული, არამედ ისეთი არხებისაც, როგორიცაა CNN, National Geographic, Discovery და სხვა. კომისიამ დაადგინა, რომ ამ არხებს არამართლზომიერად გადასცემდნენ საკაბელო ტელევიზიები.

რეალურად აკრძალვა მხოლოდ იმ არხებზე გავრცელდა, რომელზეც, როგორც GMG–ში აცხადებენ, მათ ექსკლუზიური ჩვენების უფლება აქვთ .

GMG–მ „ნეტგაზეთს“ უარი განუცხადა ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩვენებაზე. შესაბამისი დოკუმენტები ჩვენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან 4 მარტს ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა კომისიაში განგვიცხადეს, რომ წერილზე 10 დღის ვადაში გვიპასუხებენ.

„გლობალ მედია ჯგუფის“ არხები ერთი თვის მანძილზე საკაბელო ტელევიზიებით საცდელ რეჟიმში უფასოდ გადაიცემოდა. 1 მარტიდან GMG-მ საკუთარი არხების ტრანსლირება საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახადა. ამჟამად მან ოთხი არხის ტრანსლირებისთვის საკაბელო ტელევიზია „ჯიენენს“ თითოეულ აბონენტზე 6 ლარი მოთხოვა. GMG აპრილიდან კიდევ სამი არხის დამატებას აპირებს, რის შემდეგაც მისი პაკეტის ღირებულება თითოეულ აბონენტზე 9 ლარამდე გაეზრდება „ჯიენენ“–ს, რომელიც აბონენტებს თვეში 10 ლარად თავაზობს 40 არხიან პაკეტს, GMG-ის არხების გარეშე.

„თუკი ამ არხებს დავამატებთ, გამოდის, რომ ჩვენი კომპანიის შემოსავლების 60%–ზე მეტი GMG-ის უნდა გადავუხადათ, რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებს საკაბელო ტელევიზია. ან უნდა გავაძვიროთ ტარიფი აბონენტებისთვის,“ – ამბობს საკაბელო ტელევიზია „ჯიენენ“–ის დირექტორი მერაბ კიკნაძე. მისივე თქმით, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მისი კომპანია აბონენტების 90%–ს დაკარგავს, ამიტომაც „ჯიენენმა“ GMG-ის არხების ტრანსლირება 1 მარტიდან შეწყვიტა.

საკაბელო ტელევიზია „დიდგორი“ 40–მდე არხს აჩვენებს და მისი თვიური სააბონენტო გადასახადი 8 ლარია. 1 მარტიდან GMG-ის არხების ტრანსლირება მანაც შეწყვიტა.

„8 ლარს ვერ იხდის ხალხი და უფრო მეტს როგორ გადაიხდიდა?! ფასი რომ გაგვეზარდა, მაყურებლებს დავკარგავდით,“ – ამბობს ალექსანდრე სურმავა, საკაბელო ტელევიზია „დიდგორის“ წარმომადგენელი.

თბილისში მოქმედი საკაბელო ტელევიზიების უმრავლესობამ 1 მარტიდან GMG–ის არხების გადაცემა შეწყვიტა, ისინი ვერც სხვა სპორტულ არხებს უჩვენებენ, რამაც მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.

„ჯერ იყო და ვამბობდი, რომ არ მინდა ეს GMG, დააბრუნეთ ის სპორტული არხები, რაც მქონდა მეთქი. ახლა კიდევ ეს GMG-ც გამითიშეს. სპორტს საერთოდ ვეღარ ვუყურებ, არც ერთი არხი არ დამრჩა ისეთი, სადაც სპორტის ყურება შემიძლია. არადა, სანამ GMG იქნებოდა, მანამდე ის საკაბელო, რაც მაქვს, 5 სპორტულ არხს უჩვენებდა,” - ამბობს საკაბელო კომპანია „დიდგორის“ ერთ–ერთი აბონენტი.

მსგავსი უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, GMG-ისთან ხელშეკრულებები გააგრძელეს მხოლოდ მსხვილმა საკაბელო ტელევიზიებმა. საკაბელო ტელევიზიამ „გლობალ ტვ“–მ, რომელიც მომხმარებლებს თვეში 10–დან 30 ლარამდე ღირებულების პაკეტს თავაზობს, აბონენტებისთვის GMG–ს არხების პაკეტი ცალკე, დამატებით მოამზადა: პაკეტში შედის „გლობალ მედია ჯგუფის“ 7 არხი და მისი ღირებულება თვეში 9 ლარს შეადგენს ერთ აბონენტზე. შესაბამისად, „გლობალ ტვ“–ის ყველაზე იაფიანი პაკეტი GMG-ის არხების ჩათვლით 10–დან 19 ლარამდე იზრდება.

საკაბელო ტელევიზიების ბაზარზე ერთ–ერთ მსხვილ კომპანიას წლების მანძილზე წარმოადგენდა შპს „აიეტი“, რომლის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2011 წლის 28 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, გადაეცა არჩილ თაბაგარს. იმავე დღეს თაბაგარმა 100%–ანი წილით ახალი კომპანია – შპს „სუპერ ტვ“ დააფუძნა, რომელიც დღესდღეობით „აიეტიდან“ გადაპირებული ლიცენზიით მაუწყებლობს. „აიეტის“ აბონენტებს ამჟამად „სუპერ ტვ“ ემსახურება. „სუპერ ტვ“–მ 1 მარტიდან თავის ქსელში GMG-ის არხები ჩაუშვა და იმავდროულად ტარიფი 13–დან 15 ლარამდე გაუზარდა საკუთარ აბონენტებს. 15 ლარიან პაკეტში „სუპერ ტვ“ მომხმარებლებს 50–მდე არხს თავაზობს.

მას შემდეგ, რაც საკაბელო ტელევიზიების ბაზარზე „გლობალ მედია ჯგუფი“ გამოჩნდა, „სუპერ ტვ“ ერთადერთი კომპანიაა ამ დროისთვის, რომელიც კონკურენციის გაწევას ახერხებს ამავე ბაზარზე გაჩენილ კიდევ ერთ ახალ მსხვილ მოთამაშესთან „სილქ ტვ“–ის სახით.

„სილქ ტვ“ ახალი თაობის ინტერაქტიული ტელევიზიაა, რომელსაც კომპანია „სილქნეტი“ მიმდინარე წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს. „სილქნეტი“ 2009 წლის აპრილში დაფუძნდა სამი ქართული კომპანიის (სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს „ვანექსი“ და შპს „აჭარის ელექტროკავშირი“) მიერ, თუმცა 2010 წლის 24 მაისიდან ამ კომპანიის 100%–ანი წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „რავენსკარ ინვესტმენტს ლიმიტედია“.

„სილქ ტვ“–ის რამდენიმე ტიპის პაკეტი აქვე მომხმარებლებისთვის, მინიმალურ პაკეტში 48 არხი შედის და მისი ღირებულება თვეში 15 ლარს შეადგენს. „სილქ ტვ“ ამავე ფასში თავაზობს მომხმარებლებს GMG-ის არხებსაც.
თბილისში 39 საკაბელო მაუწყებელია. ამ დროისთვის GMG-ის არხებს მხოლოდ ოთხი მათგანი – „სილქ ტვ“, „გლობალ ტვ“, „სუპერ ტვ“ და „დელისი ტვ“ უჩვენებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 31 ივლისი 2011 17:46
ეს რა სტატია ? wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink ჩემი აიეტი ყველას მირჩევნია მე , მაინც იმედი , რუსთავი და gmg გარდა არაფერს ვუყურებ wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 31 ივლისი 2011 16:57
სუპერ ტივი მაგ 50 არხიდან 20ს არაინგლისურს არა რუსულს და არაქართულს აჩვენებს.. დანარჩენ რუსულს არც ტნტს აჩვენებს არც რუსეთის პირველ არხს ან რომელიმე რომელიც უფრო ყურებადია.. ყველაზე კარგი სილქნეტია სადაც დისქავერის და national geographic - ის რამდენიმე არხია.. ემ ტივიცაა ზემოთ აღნიშნული რუსული არხებიც..
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა