დღის ახალი ამბები

"მზად ვარ, კვარაცხელია დიბალაში გავცვალო" - რუბინის დირქტორი

"მზად ვარ, კვარაცხელია დიბალაში გავცვალო" - რუბინის დირქტორი
1-04-2021, 18:40

ყაზანის რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა sport.business-gazeta-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა მისი მიზანი არ არის და უფრო მეტიც: ყველაფერს აკეთებს, რომ მომდევნო სეზონში ქართველმა ისევ რუბინში ითამაშოს.
შეკითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ხვიჩას, ფილიპ ურემოვიჩისა და დენის მაკაროვის გაყიდვა ზაფხულში, საიმანოვს ასეთი პასუხი ჰქონდა:

"როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს წინაშე არ დგას ამოცანა, რომ ფეხბურთელები ტრანსფერებისთვის მოვამზადოთ. ვქმნით გუნდს და თითოეული ეს მოთამაშე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, თუ კლუბი მიიღებს ღირსეულ წინადადებას რომელიმე ფეხბურთელზე, მაშინ ყოველთვის მზად ვართ, განვიხილოთ. მინდა, ხაზი გავუსვა - ღირსეულ შემოთავაზებას ვგულისხმობ! უხეშად რომ ვთქვათ, ხვიჩას 20 წელი გუშინ შეუსრულდა, სკოლის ჩანთა მოიხსნა და დიდი ფეხბურთის თამაში 19 წლის ასაკში დაიწყო. ძალიან ნიჭიერია და ძალიან მინდა, მომდევნო სეზონშიც ჩვენთან თამაშობდეს. ყველა ღონეს ვხმარობ, რათა ის ჩვენთან იყოს. მაგრამ ამავე დროს მესმის, რომ ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია", - თქვა საიმანოვმა.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა რუბინის ხელმძღვანელს ჰკითხა, რომ პრესაში კვარაცხელიას ფასად 20 მილიონი ევრო სახელდება, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში ფინანსური კრიზისია და ყველა გუნდი ცდილობს მოთამაშეების გაცვლას. მაგალითად, იუვენტუსს სურს, რომ პაულო დიბალა ბარსელონას ანტუან გრიზმანში გაუცვალოს. სიამონოვმა ამ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა: "მზად ვარ, ხვიჩა დიბალაში გავცვალო!"

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულში, მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლის გატანა, 4 საგოლე პასის გაკეთება და 3-ჯერ პენალტის მოპოვება მოახერხა. საქართველოს ნაკრებში მის ანაგრიშზე 8 თამაშში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.





გაზიარება
მოინახულეს 7 785-ჯერ
კომენტარები
რეკლამა