უილიამსმა ჰულკენბერგი დაითხოვა

უილიამსმა ჰულკენბერგი დაითხოვა

16-11-2010, 17:08

ფორმულა 1-ის გერმანელი ახალბედა ნიკო ჰულკენბერგი გუნდის გარეშე დარჩა - აბუ დაბის რბოლის მეორე დღეს, ამის შესახებ ”უილიამსმა” მედიას ამცნო. 23 წლის პილოტმა ბრაზილიის ეტაპზე კვალიფიკაცია მოიგო, თუმცა, სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა. ინგლისურმა გუნდმა ადგილი შეუნარჩუნა ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს, ჰულკენბერგის შემცვლელის ვინაობა კი ჯერ არ გამოცხადებულა. თუმცა, ამ ადგილს, ალბათ, მალე ვენესუელელი პასტორ მალდონადო დაიკავებს, ვინც ამ სეზონში სერია გრანპრი2-ის ჩემპიონი გახდა.
”უპირველესად მინდა, გაწეული სამუშაოსთვის, ნიკოს მადლობა გადავუხადო. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მან ჩვენი მფარველობის ქვეშ შეძლო ფორმულა 3-ის და გრანპრი2-ის ტიტულების მოპოვება და ჩვენთან ერთად, ფორმულა 1-ში პირველი სეზონი ჩაატარა. დიდი ხანია, ”უილიამსი” ახალი ტალანტების აღმოჩენას ცდილობს და ვფიქრობთ, ნიკოს დიდი მიღწევები ექნება. ჩვენ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება”, - განაცხადა ”უილიამსის” შეფმა ფრენკ უილიამსმა.
რაც შეეხება ბარიკელოს, ის თანამედროვე ფორმულა 1-ის ყველაზე გამოცდილი პილოტია - მსოფლიოს ჩემპიონატზე მას 18 სეზონი აქვს გატარებული. გასულ სეზონში მან ათ რბოლაში შეძლო ქულის დაგროვება, 47 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გავიდა.
”რუბენსი ჩვენს გუნდში იმის გამო გადმოვიყვანეთ, რომ მას უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება აქვს. მისგან იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ვიმედოვნებდით და მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება”, - ამბობს უილიამსი.
და ბოლოს მალდონადო - მისით ინგლისური გუნდი იმ მარტივი მიზეზით დაინტერესდა, რომ მხარს ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA უჭერს და მისი აყვანის სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროს ჰპირდება. ეს კი მისწრებაა იმ დროს, როდესაც ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ”უილიამსი” რამდენიმე სოლიდურმა სპონსორმა მიატოვა. ”უილიამსის” ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ მომავალ სეზონში აუცილებლად ეყოლება ეგრეთ წოდებული პაი პილოტი, ანუ გადამხდელი პილოტი.

# 527ავტორი: beqa_beqa
ეს ვინაა???
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით