ნაკრებში დაბრუნებული რონალდინიო სატრანსფერო ბაზრიდან ამოშლას ითხოვს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 10:489 FCB 1083 0






ბოლო პერიოდში რონალდინიოს თითქმის აღარ ეძლევა "მილანის" ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა გასულ კვირას ჩატარებული დერბიც გამოტოვა. "დინიოს" უთამაშებლობამ მრავალ ჭორს დაუდო საფუძველი. მავანის აზრით, ეს სამხრეთამერიკელის ბოლო მილანური სეზონია და ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, მავანი ამტკიცებს, რომ "როსონერი" მას ანტონიო კასანოში გაცვლის...
მოკლედ, რონალდინიოს სამომავლო კარიერაზე არაერთი ვერსია არსებობს, თუმცა, "მილანის" ხელმძღვანელობა კვლავ ჯიუტად აცხადებს, რომ ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებს და იგი მომავალშიც ლომბარდიული გრანდის შემადგენლობაში ითამაშებს. აგორებულ ჭორებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი თვითონ ფეხბურთელმაც გააკეთა.
"არ შეიძლება კმაყოფილი იყო მაშინ, როცა დროის უმეტესი ნაწილის გატარება სათადარიგოთა სკამზე გიწევს. თუმცა, ჩვენ ამჟამად იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები ვართ და ეს ფაქტი ცოტა მამშვიდებს. უთამაშებლობის მიუხედავად, "მილანის" დატოვებას არ ვაპირებ. ამას მე ოფიციალურად ვაცხადებ და გთხოვთ სატრანსფერო ბაზრიდან ჩემი გვარი საერთოდ გააქროთ", - აღნიშნა რონალდინიომ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.
"მილანის" 30 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი კარლოს დუნგა აშკარად არ სწყალობდა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, დღეს კვლავ მიეცემა ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება. სიმბოლურია, რომ "სელესაოს" რიგებში "დინიოს" დაბრუნება არგენტინასთან დაპირისპირებაში შედგება. როგორც ირკვევა, რონალდინიოს ნაკრებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კარიერას თავიდან ვიწყებ. ბრაზილიის ნაკრების ფორმა ჩემთვის მეორე კანია, რომლის გახდა ძალიან მტკივნეული იყო. იმედი მაქვს, მანუ მენეზეში ამერიკის თასზეც მათამაშებს და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. მინდა ასევე ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშიც. ჩემთვის სულ ერთია, რამდენი წლის ვარ, მთავარი კი ენთუზიაზმია, რომლის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. უმთავრესი ოცნება კი, 2014 წელს ბრაზილიაში ჩასატარებელ მუნდიალზე თამაში და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. ვფიქრობ, ამაზე თითოეული ბრაზილიელი ფეხბურთელი ოცნებობს", - დასძენს "დინიო".
რონალდინოს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 87 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018