ბილი ჯო სანდერსი - ბრალდებები, რაც ავთანდილ ხურციძეს აქვს წაყენებული, ბევრ შანს ართმევს თავის პროფესიაში

ბილი ჯო სანდერსი - ბრალდებები, რაც ავთანდილ ხურციძეს აქვს წაყენებული, ბევრ შანს ართმევს თავის პროფესიაში

12-06-2017, 15:40

ქართველი მოკრივის პატიმრობის გამო, ბრიტანელი ჩემპიონი ბილი ჯო სანდერსი WBO-ს ჩემპიონატს გამოეთიშა.

სწორედ ავთანდილ ხურციძეს უნდა გაეწია მისთვის მეტოქეობა ლონდონში, 8 ივლისს, Copper Box Arena-ზე.

ხურციძე რომ ბრიტანეთში ჩასვლას ვეღარ შეძლებდა, WBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) მისმა პრომოუტერმა აცნობა. ბილი ჯო სანდერსის მენეჯერმა ჯერ ორთაბრძოლის გადადებაზე გააკეთა განცხადება, სანდერსმა კი „ტვიტერის“ პოსტების მიხედვით ოპონენტის ძებნა დაიწყო, თუმცა დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ხურციძეს შემცვლელი ვერ ეყოლება და შესაბამისად ბილი ჯო სანდერსი ჩემპიონატს ეთიშება.

ამერიკის შეერთებულ შატატებში დაკავებულ ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით სანდერსი მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„მე მას ახლოს არ ვიცნობ, თუმცა ის სერიოზული ბრალდებები რაც მას წაყენებული აქვს, ბევრ შანს ართმევს თავის პროფესიაში. ჩემი აზრით, თუ მან მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს“ - აცხადებს ბილი ჯო სანდერსი, რომელიც ჩემპიონის ქამრის დაცვას ვეღარ შეძლებს.

მოკრივე ამბობს, რომ განაგრძობს ვარჯიშს და ელოდება რას გადაწყვეტენ მისი მენეჯერები.

„ვიცი, რომ ფანებს ისევ უნდათ რინგზე მნახონ, თუმცა ეს ასე მარტივი აღარ არის. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ძალიან გულგატეხილი ვარ, მაგრამ ეს კრივია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“,- განაცხადა სანდერსმა.

განცხადებას ავრცელებს სანდერსის პრომოუტერი ფრენკ უორენიც.

„WBO-მ გადაწყვიტა, რომ ბილის შემდეგი ნაბიჯი იქნება ქამრის დაცვა. ამ მომენტისთვის ეს ისევ მხოლოდ ხურციძესთან ბრძოლით არის შესაძლებელი, თუმცა რადგან ხურციძე პატიმრობაში დარჩა, ახლა ველოდებით WBO-ს მორიგ მითითებებს. სამწუხაროდ, მარტივი არ აღმოჩნდა ხურციძის სხვა მოკრივით ჩანაცვლება. ალბათ, გადაჯგუფებები გვაჩვენებს მომავალს, თუ რა იქნება უკეთესი ბილისთვის. მე და მას გვინდა, რომ ეს იყოს კანელო-გოლოვკინის ორთაბრძოლის გამარჯვებული. ეს მხოლოდ იდეაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე მოხდეს“,- აცხადებს უორენი.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე გასულ კვირას ნიუ-იორკში ე.წ. რიკოს აქტზე დააკავეს, რაც რეკეტს გულისხმობს. მოკრივეებს არაერთხელ შექმნიათ პრობლემები სამართალდამცველებთან - ტიპური თავდასხმებისა თუ ფულთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებზე, თუმცა როგორც უცხოეთის სპორტული პრესა წერს, რეკეტიორობა კრივის ისტორიაში პირველია.

ხურციძე ნიუ-იორკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სპორტსმენის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ის ციხეში ორ თვეს გაატარებს, თუმცა მას სავარაუდოდ მანამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა, სანამ სასამართლო მის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

წყარო : 1tv.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით