მილტონ ჰეიგი: პოტენციალი აშკარად ჩანს, უბრალოდ ცოტა მეტი ვარჯიშია საჭირო

რაგბი 05-აპრ, 22:089 Madrid 12 1823 0





ბრიტანული ტურნედან დაბრუნების შემდეგ საქარველოს მორაგბეთა ა ნაკრების ხელმძღვანელებმა 4 აპრილს პრესკონფერენსია გამართეს „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე. ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხეს ა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა,

გუნდის კაპიტანმა ლექსო გუგავამ და ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელიც ბრიტანეთში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა და ამასთან აქტიურ მონაწილეობას იღებდა საწვრთნელ პროცესში.



ა ნაკრებმა ბრიტანეთში 21-31 მარტს სამი შეხვედრა გამარტა და სამივე მოიგო - 21 მარტს 25:8 აჯობა ინგლისის მეორე ლიგის გუნდ „ეშერს", 27 მარტს უელსის კლუბების ნაკრებს 36:32 ბრძოლაში სძლია და ბოლოს 31 მარტს 25:17 მოუგო ჩრდილოეთ უელსის კლუბების ნაკრებს.

ლევან მაისაშვილი, ა ნაკრების მწვრთნელი: „ა ნაკრები პირველ რიგში მიზნად ისახავს ეროვნულ ნაკრებთან ახლოს მდგომი კანდიდატების საერთაშორისო დონეზე გამოცდას და ეს ტურნეც ამას ემსახურებოდა. მიზეზთა გამო ჩვენ ვერ შევძელით ყველა სასურველი მოთამაშის შეკრება, რადგან ტურნე არ დაემთხვა საერთაშორისმო მატჩების ფანჯარას. ტრავმების გამო ვერ ვიახლეთ რამდენიმე მოთამაშე. გარდა ამისა უშუალოდ თამაშების დროს ტრავმა მიიღო რამდენიმე მოთამაშემ, კოტე მიქაუტაძეს კი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მთლიანობაში, ეს იყო წარმატებული მცდელობა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს საქმეში ენახათ მათთვის საინტერესო მოთამაშეები. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეროვნული და ა ნაკრები ერთი ხელწერით ითამაშებდნენ და მართალია ეს დიდწილად არ გამოგვივიდა, მაგრამ ტურნე მაინც საინტერესო იყო ჩვენთვის.

საკმაოდ ძლიერ გუნდებს სამივე თამაში მოვუგეთ, რაც ფსიქოლოგიურად ძალზე სასარგებლოა ჩვენთვის. ათი წლის წინ, როცა 19-წლამდელთა ნაკრების ვწვრთნიდი, ამ ასაკში უელსის ნაკრებთან 6 ქულით წავაგეთ, რადგან მოგება ვერ ვირწმუნეთ. იმ გუნდში თამაშობდნენ დღევანდელი ეროვნული გუნდის ლიდერები მამუკა გორგოძე, მერაბ კვირიკაშვილი, ბიძინა სამხარაძე... ასე რომ, ახლა ნამდვილად კმაყოფილები ვართ ამ თამაშების მოგებით."

მილტონ ჰეიგი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „რაგბის კავშირის გეგმის ნაწილი იყო, რაც შეიძლება მეტი მორაგბის თამაში გვენახა და შეგვეფასებინა. ეს გუნდი იყო ნაზავი ახალგაზრდა და შედარებით გამოცდილი მოთამაშეებისა, რომელთაც ხშირად ვერ უხდებათ შემადგენლობაში მოხვედრა.

ასეთი ტურნეები სასარგებლოა საერთო საქმისთვის და მოთამაშეებსაც უადვილდებათ ეროვნულ გუნდთან მიახლოვება. გუნდმა სცადა მთავარი ნაკრების სტილში თამაში, რათა იქ მოხვედრისთვის გამზადებულ მოთამაშეებს ახალ სტილთან ადაპტაცია არ გაუჭირდეთ.

ტურნეზე მყოფ მოთამაშეთა 90 პროცენტის თამაში არ მენახა. ა ნაკრების კაპიტანს და კიდევ 4-5 მოთამაშეს, რომელთა დასახელისგან ახლა თავს შევიკავებ, გარკვეული სამუშაოს ჩატარების შემდეგ ეროვნული გუნდის დონეზე თამაში შეეძლება. პოტენციალი აშკარად ჩანს, უბრალოდ ცოტა მეტი ვარჯიშია საჭირო."

ლექსო გუგავა, ა ნაკრების კაპიტანი: „ჩვენ, მორაგბეებს ამ თამაშებში მოტივაცის ნაკლებობა არ გვქონდა. ერთი, რომ როცა ნაკრების მაისური გაცვია, იქ საჭირო არცაა თავის დამატებით მოტივირება. მეორეს მხრივ ყველანი მონდომებულები ვიყავით, რადგან დიდი ნაკრების მწვრთნელისთვის ჩვენი თამაში გვენახებინა. თამაშის მხრივ ყველაფერი იდეალურად არ გამოგვივიდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამივე თამაში მოვიგეთ.

მეტოქეები საკმაოდ ძლიერი გუნდები იყვნენ, გასაკუთრებით მეორე, რომელიც უელსის კლუბების ნაკრებს წარმოადგენდა. ეს გუნდი ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, ანუ იმ ბიჭებით, რომლებიც უელსის ასაკობრიბი ნაკრების წევრები არიან, ან იყვნენ. ასევე ამ გუნდში თამაშობდნენ უელსის 7-კაცას ნაკრების წევრებიც და თავად განსაჯეთ, რა დონის გუნდს ვეთამაშეთ."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა