სხვა სახეობები / რაგბი
მინისტრმა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა

7 აპრილს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, ა-ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრნენ.

პრესკონფერენციის თემა ა-ნაკრების მიერ ინგლისში ჩატარაებული ორი თამაში, ინგლისელ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებები და საქართველოს ჩემპიონატი იყო, რომელიც 10 აპრილს დაიწყება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დახურულ კარს მიღმა, რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, მოადგილეებმა დავით ნამგალაურმა და გია გალდავამ, აგრეთვე მამუკა ქაცარავამ მაისში ჩასატარებელი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

გია ნიჟარაძე:" გვინდოდა დაგვეწყო ურთიერთობა ინგლისელ კოლეგებთან, რათა საფრანგეთის ალტერნატივაც გვქონოდა. მოგეხსენებათ, საფრანგეთში კანონი გამკაცრდა და ამან განსაკუთრებით დაბალ დივიზიონებში ჩვენ მოთამაშეებს პრობლემები შეუქმნა. ვესაუბრეთ „ჰართფუდის" სარაგბო აკადემიის წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისშიც ჩამოვლენ.

საკმაოდ რთული კანონების გამო, ქართველი მორაგბების ინგლისში მოხვედრა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ რაღაც უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება ა-ნაკრების თამაშს - ნამდვილად კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო მოთამაშე, ვინც ნაკრების მწვრთნელებმაც მოინიშნეს. ინგლისის არმიის ნაკრები ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, ისევე როგორც „ოქსფორდის" გუნდი და სასიამოვნოა, რომ ორივეჯერ გავიმარჯვეთ.

შაბათს ვიწყებთ საქართველოს ჩემპიონატს. თავიდან გუნდები ხელოვნურსაფარიან მოედანზე ითამაშებენ, მაისში ჩასატარებელი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერე კი ბუნებრივ საფარიანზე გადაინაცვლებენ, რაც სანახაობას და კომფორტს გაზრდის. დარწმუნებული ვარ, ეს პირველობა წინაზე უკეთესი იქნება და საპრიზო ადგილებისთვის 6 გუნდი იბრძოლებს".

ლევან მაისაშვილი:" როგორც წესი ა-ნაკრებში მეორე და მესამე ნომრები თამაშობენ, მაგრამ ამჯერად ყველა სასურველი მორაგბე ვერ მოვიწვიეთ, რადგან ბიჭებს შეხვედრები კლუბებში ჰქონდათ. ასე რომ, ექსპერიმენტული შემადგენლობა მოგროვდა, თუმცა ნაკრების თამაშით მაინც კმაყოფილი დავრჩი. ამ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს მსოფლიოს თასზე მოხვედრა შეუძლია. მორაგბეების დიდი ნაწილი კი ეროვნულ გუნდში მსოფლიოს თასის შემდეგ უნდა გამოჩნდეს".

ლადო ვარძელაშვილი:" ქართველმა მორაგბებმა ინგლისში ორი რთული მატჩი მოიგეს. რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა კი საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ინგლისელ კოლეგებთან, მომავალი თანამშრომლობის შესახებ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ ჩვენი მორაგბეები საფრანგეთის გარდა ინგლისშიც ითამაშებენ. ასევე, დღეს ვისაუბრებთ კარს მომდგარ 20-წლამდელთა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე".








კომენტარის დამატება