ოლიმპიადაზე გამოსვლა და იქ მედლის მოპოვება ჩემი კარიერის მთავარი მიზანია

სხვა სახეობები / ჭიდაობა 07-აპრ, 16:399 slim4me 1606 0





ახლახანს დორტმუნდში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საინტერსოა, რომ სამივე პრიზიორი ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში წელს გადავიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან, სადაც მთავარი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობითაც რამდენიმე შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე.

ერთი მათგანი, 55 კგ-ის ფინალისტი ლადო ხინჩეგაშვილი სულაც გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის აღზრდილია, ანუ უშუალოდ სხირელის შეგირდია. ასევე გორელები, საქართველოს ნაკრების ლიდერები გიორგი გოგშელიძე და ოთარ თუშიშვილი ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე მედლების კანდიდატებად მიიჩნევიან და მართლია, ამჟამად ტრავმის გამო გამოტოვეს კონტინენტის ჩემპიონატი, მაგრამ ცხადია დიდი ინტერესით ადევნეს თვალი მას ელექტრონული მედიის საშუალებით.

შესაბამისად, ყველა მათგანის მოსაზრება ევროპის ჩემპიონატის, თუ სამომავლო გეგმების შესახებ მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.

ლადო ხინჩეგაშვილი:" მაგომედოვთან, როგორც შარშანდელ ჩემპიონთან მოგება (1:1, 2:1) ცხადია, ძალიან რთული იყო. თანაც, მაგომედოვმა ამ შეჯიბრებაზეც კარგად დაიწყო, დამარცხა რა წონის ორი გამორჩეული ფალავანი, აჰმედ პეკერი (თურქეთი) და ნიკოლა აივაზიანი (უკრაინა). ვთვლი, რომ აზერბაიჯანელთან მოგების მერე, ფინალურ შეხვედრაშიც არ მიჭიდავია ცუდად. პირველ პერიოდს 2:0-საც ვიგებდი, მაგრამ დამთავრებამდე 9 წამით ადრე ორქულიანი გდგება მისცეს ჯამალ ოთარსულთანოვს და 2:2-ზე, ბოლო ტექნიკური ქულით მოგება მას მიეკუთვნა.

მეორე პერიოდსაც ვიგებდი 1:0-ს, როდესაც ჩემი ფანდი მსაჯებმა ორქულიანად შეაფასეს, ტაბლოზე 3:0-ც აინთო, მაგრამ რუსებმა გააპროტესტეს და დიდი დავის მერე მეტოქეს 3 ქულა დაუწერეს, მე კი მხოლოდ ერთი (?!). ამის მერე იძულებული გავხდი ვა-ბანკზე წავსულიყავი, სამწუხაროდ რადიკალურმა ქმედებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და დავმარცხდი.

- დორტმუნდში შენი ასპარეზობიდან გამომდინარე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება საკმაოდ რეალურია?

- ადრეც მითქვამს, რომ ცხადია ისევე როგორც ნებისმიერი ფალავანისათვის, ჩემთვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობა და იქ კარგი შედეგის ჩვენებაა კარიერის უმთავრესი მიზანი. ახლაც ყველაფერს გავაკეთებ ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად. ისე კი იქამდეც ერთობ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები მაქვს ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის სახით. შარშან იქ ევროპულ ვერცხლს, მსოფლიოზე ოქროს მედალი მოვაყოლე. ვეცდები წელსაც შედეგიანად ვიჭიდაო".

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) ტრავმების გამო, უკანასკნელ წლებში ნაკლებად გამოდის საჭიდაო ხალიჩაზე. ევროპის ჩემპიონატი ოთარს ამჯერადაც ძველი მიზეზის გამო გაუცდა.

ოთარ თუშიშვილი:" ახლახანს მოვრჩი საზარდულის კუნთის ტრავმის მკურნალობას, რომელიც დიდი ხანია მაწუხებდა. ბოლოს ხელის თითებიც გვარიანად მაწუხებდა, მაგრამ ამას უფრო იოლად მოევლება. უკვე დიდი ხანი გამიცდა, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ვარჯიშს და ვიასპარეზებ სადმე. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გადაბმულად ერთი კვირაც ვერ ვივარჯიშე, აღარაფერს ვამბობ შეჯიბრებაზე გამოსვლაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენითი პროცესი ახლანდელივით წარმიმართა ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირზე უთუოდ მივიღებ მონაწილეობას. მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიჭიდაო და ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო.

- ბუნებრივია, ევროპის ჩეპიონატზე შენს წონით კატეგორიაში ასპარეზობას თვალს მიადევნებდი?..

- ინტერნეტის საშუალებით ვუყურე. ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვი საერთოდ სტაბილური შედეგებით გამოირჩევა, აქამდე ის ევროპის ჩემპიონიც იყო და ფინალისტიც. რუსებს მაგალითად ასეთი გამოკვეთილი ერთპიროვნული ლიდერი ამ წონაში არ ჰყავთ. 66 კგ-ში იქ ბოლო წლებში ლიდერები იცვლება. ამჟამად მაგალითად ადამ ბატიროვმა იასპარეზა, შარშან მსოფლიოზე სხვა იყო, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სულ სხვა, წელს მგონია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც კიდევ სხვა მოჭიდავეს გამოიყვანენ.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს ნუგზარ სხირელს, არაერთხლ უთქვამს, რომ მისი მთავარი მიზანი ამ გუნდში შედეგთან ერთად, ქვეყნის პირველი ნაკრებისთვის ღირსეული შევსების მომზადებაა. ხუციშვილი და მარსაგიშვილი ახალგაზრდულიდან ამ სეზონში გადავიდნენ უფროსებში, ხინჩეგაშვილი კი ჯერ კიდევ ახალგაზრდულის წევრია, მაგრამ დიდებში უკვე წონის ფავორიტთა შორისაა საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ ნაკრებს დორტმუნდში, ნუგზარ სხირელიც ახლდა...

ნუგზარ სხირელი:" მიხარია, რომ ამ ფალავნების პირადი მწვრთნელების დიდი ხნის და ახალგაზრდულ ნაკრების მწვრთნელების უკანასკნელ სამი-ოთხი წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს შედეგი ამაო არ აღმოჩნდა. მართლია ოქრო ჯერჯერობით ვერ მოიპოვეს მათ, მაგრამ არც კვარცხლბეკის მეორე-მესამე ადგილებია იოლი ასაღები. თანაც გავითვალისწინოთ, რომ მარსაგიშვილს და ხინჩაგაშვილს ფინალურ შეხვედრებში მსაჯები ძალიან არაობიექტურად მოექცნენ! მარსაგიშვილი ფაქტობრივად ჩემპიონი იყო და ბინძური წესებით აართვეს კუთვნილი ოქროს მედალი. ჯამალ ოთარსულთანოვთან ლადო ხინჩაგაშვილსაც ყველა წესებით აღებული ორქულიანი გაუუქმეს და პირიქით მდევრის როლში ჩააგდეს. არადა იქამდე მსიამოვნებდა რომ ვუყურებდი, რომ იტყვიან ცეკვავდა ისე მოქმედებდა ლადო ხალიჩაზე! ფილას პრეზიდენტმა მარტინეტიმ სამსაჯო კომიტეტის სხდომა რიგგარეშედ მეორე დღესვე დანიშნა, სადაც ვფიქრობ უთუოდ იქნებოდა არბიტრების უკანონო მოქმედებებზე საუბარი.

- ამ მიკერძოებაზე „ფილა" ყოველთვის თითქოს მწვავედ რეაგირებს, მაგრამ მომდევნო შეჯიბრებაზე ხშირად მაინც იგივე მეორდება ხოლმე...

- სამწუხაროდ, მართლაც ასეა. ვინაიდან რუსეთი უზარმაზარ ფულს ატრიალებს ჭიდაობაში, მსაჯებიც შეხვედრებს მათ სასარგებლოდ სჯიან. განსაკუთრებით ქართველები ვზარალდებით ამ არაობიექტურობით, რადგან ჩვენი ფალავნები ხშირად ჩემპიონატების ფავორიტები არიან და მათი გაჩერება ხშირად მხოლოდ ასეთი მეთოდებითღა ხერდება. დორტმუნდიდან ისინი ერთი ოქროს მედლით მიდიოდნენ შინ და აბა ამას როგორ დაუშვებდნენ? ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილსაც ფაქტობრივად ამიტომ წაართვეს ჩემპიონობა! რუსეთის ჭიდაობის ფედერციის პრეზიდეტი მამიაშვილი, რომელსაც გვარის გარდა არაფერი აქვს ქართული და მხოლოდ იმას ფიქრობს ჩვენ როგორ გვავნოს, მუდამ, ყველა დაუშვებელი და დაშვებული ხერხებით ცდილობს მედლების `წაღებას~ მოსკოვში. კულუარებში ახლაც მოვისმინე და ისედაც კარგად ვიცოდით, რომ რუსებისთვის ახლა ამ თვალსაზრისით დიდ თავისტკივილად იქცა აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს მავანთა მოქრთამვაში სერიოზულად ეჯიბრება და მგონი უკვე აჯობა კიდეც!

- 96 კგ-ში ჩემპიონი ისევ აზერბაიჯანელი ხეტაგ გოზიუმოვი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგშელიძის უმთავრესი კონკურენტი, ალბათ ისევ ის იქნება?

- გოზიუმოვს ისეთი სუსტი მეტოქეები ჰყავდა, რომ არც ღირს ამ წონაზე სერიოზული საუბარი. მან ამ შეჯიბრებაზე უბრალოდ „გაისეირნა".

- ჯანმრთელობის თვალსაზრისით გოგშელიძის ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია?

- გიორგის ოპერაციამ გერმანიაში კარგად ჩაიარა, უკვე ვარჯიშობს. უმთავრესი შეჯიბრება, ცხადია მისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც სექტემბერში თურქეთში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა