ლოპესი ისევ დაუმარცხებელია

ბოქსი 09-ნოე, 19:179 beqa_beqa 2249 0





გასულ უქმეებზე საკრივო სამყარომ რამდენიმე საინტერესო ორთაბრძოლა იხილა, რომელთაგანაც გამორჩეული იყო ლას ვეგასში გამართული შეხვედრა ნახევრად მჩატე წონაში WBO-ის ჩემპიონს, პუერტორიკოელ ხუან მანუელ ლოპესსა (29-0-0, 26 KO) და მექსიკელ რაფაელ მარკესს (39-6-0, 35 KO) შორის.

მექსიკელმა ბრძოლის სტარტზე ჩემპიონის მძიმე დარტყმა გაატარა და თავიდანვე არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ოთხი რაუნდი თავდაცვის შემდეგ მარკესმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელა და შეახსენა ლოპესს, რომ მის წინააღმდეგ მოდუნება არ შეიძლებოდა.

პუერტორიკოელმა გაკვეთილი კარგად აითვისა და მეექვსე რაუნდში დაიბრუნა უპირატესობა. მეშვიდე და მერვე რაუნდი ასევე ჩემპიონს დარჩა, რის შემდეგაც მარკესის სეკუნდანტებმა უარი თქვეს ბრძოლის გაგრძელებაზე, მიზეზად კი პრეტენდეტის მხარის ტრავმა დაასახელეს.

ამ ბრძოლის წინ MGM Grand-ის არენაზე ცნობილი Super Six-ის ტურნირის რანგში გაიმართა ნახევარფინალი გლენ ჯონსონსა (51-14-2, 35 KO) და ალან გრინს (29-3-0, 20 KO) შორის. ბრძოლა მერვე რაუნდში გრინის ნოკაუტით დასრულდა და ამ მოკრივემ ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

მექსიკის ქალაქ მერიდაში უმჩატეს წონაში WBC-ის ტიტული ომარ ნინიოდან (30-3-2, 12 KO) გილბერტო კებ ბაასის (34-20-4, 21 KO) მფლობელობაში გადავიდა. მართალია, ნინიომ ორჯერ ნოკდაუნში ჩააგდო მეტოქე, მაგრამ ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა და ქულებით ბაასის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ასევე მსაჯების გადაწყვეტილება გახდა საჭირო ზაბ ჯუდასა (40-6-2, 27 KO) და ლუკას მატისეს (27-1, 25 KO) ბრძოლაში უძლიერესის გამოსავლენად. გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯუდას მიენიჭა, რომელმაც IBF-ის ვაკანტური ტიტულისთვის კაიზერ მაბუზასთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა