გიორგი ედიშერაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ჭიდაობა 20-მარ, 20:539 Sportnews 1462 0






20 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპირველობაზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ვაჟებმა საუკეთესოები 55 და 60 კილოგრამში, ქალებმა კი 51 და 59 კგ-ში გამოავლინეს.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი გიორგი ედიშერაშვილმა მოუტანა, ვინც საოცარი ჟინით და შემართებით იჭიდავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) შესძინა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) პირველი წრის შეხვედრა აზერბაიჯანელ ნაშარ ალიევს მოუგო. გიორგიმ პირველი პერიოდი 1:2 დათმო, თუმცა შეხვედრის ბედი სათავისოდ შეატრიალა და მომდევნო ორ სეტში 1:0, 2:0 გაიმარჯვა. ედიშერაშვილი მეორე წრეში ფრანგ ელ ოუარაქის დაეჭიდა და 1:0, 1:0 აჯობა. ნახევარფინალურ შეხვედრაში კი რუსი არტიომ გებეკოვი 1:0, 5:2 დაჩაგრა და ფინალში გავიდა. ქართველმა ფალავანმა, გადამწყვეტი შეხვედრა ბელარუს ვლადისლავ ანდრეევთან გამართა, გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებულმა თავიდანვე აქტიურად შეუტია, 0:1, 1:0, 2:1 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

60-კილოგრამში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუნირ აკტასს 3:1, 6:0 მოუგო. ხინჩეგაშვილს მეორე პერიოდის და მთლიანად შეხვედრის მოსაგებად ერთი წუთიც არ დასჭირდა. საერთოდ კი, ხინჩეგაშვილს ურთულესი ბადე ერგო, რასაც ისიც დაერთო, რომ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება ერთმანეთის მიყოლებით მოუხდა - ნახევარფინალში რუს ოპან სატთან გადამწყვეტ შეხვედრას დაღლილი შეხვდა და 0:6, 0:1 დამარცხდა. ბრინჯაოს შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა საწყისი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს 3:0, 7:0 სძლია, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 1:0, 2:6, 3:1 გაიმარჯვა. ამ წონის გამარჯვებული, რუსი ოპან სატი გახდა, ვინც ფინალური ორთაბრძოლა ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს 1:0,

ქალთა შორის 51 კილოგრამის გამარჯვებული პოლონელი როკსენა მარტა ზასინა გახდა, 59-კილოში კი ბელარუსმა ანასტასია ხუჩოკმა იჩემპიონა.

დღესვე, სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 74 და 120 კილოგრამამდე წონითი კატეგორიების კენჭისყრა გაიმართა. ამ წონებში მედლები ხვალ გათამაშდება, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გავლენ. ხუციშვილი შეჯიბრებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ავსტრიელ ფილიპ კრეპაზს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი რუს ანიაურ გედუევსა და პოლონელ ტომაშ როგიზს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ალექსანდრ გოსტიევი და ბულგარელი ლეონიდ ბაზანი. მათი და ხუციშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება. მძიმე წონაში სულ 15 მონაწილე აიწონა და ტურნირი მერვედფინალით იწყება. გენო პეტრიაშვილს პირველ მეტოქედ მაკედონიელი ბობან დანოვი ერგო. ამ წყვილიდან გასული კი, რუს მაგომედგაჯი ნურასულოვსა და ბელარუს ვადიმ შვედაუს შორის საუკეთესოს გაეჯიბრება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018