ლადოს და გენოს საახალწლო ტრადიციები

ჭიდაობა 01-იან, 11:349 Sportnews 2121 0





მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონების ცხოვრება სპორტის მიღმაც საინტერესოა მათი გულშემატკივრებისათვის. მით, უფრო თუ ეს ადამიანები არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ ქომაგის და საზოგადოდ მაყურებლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით არიან ცნობილნი.

ლადო ხინჩეგაშვილთან და გენო პეტრიაშვილთან წინასაახალწლო ინტერვიუში მიზნად დავისახეთ, რომ თქვენთვის მათი სადღესასწაულო სამზადისი და მოლოდინი გადმოგვეცა.

სასაუბრო თემა ისეთი იყო, ორივე გულღიად და ხალისიანად გვესაუბრა. დანარჩენს ქვემოთ წაიკითხავთ.

ლადო ხინჩეგაშვილი: თოვლის პაპას ვთხოვდი ჩვენი პატარა მოჭიდავეების სურვილები აესრულებინა.


– ლადო, როგორ ხვდებით ახალ წელს და თუ გაქვთ რამე ტრადიცია ოჯახში ამასთან დაკავშირებით?
– რამე გამორჩეული ტრადიცია არ გვქონია, თუმცა ყოველთვის სახლში კი ვხვდებიდით ოჯახის წევრები. ოღონდ უკანასკნელი რამდენიმე წელიწადია უკვე დაირღვა ეს ტრადიცია და ახლა ყოველთვის ვეღარ ვახერხებ ოჯახის წევრებთან ერთად ახალ წელს შევხვდე. შარშან მაგალითად თვითმფრინავში შევხვდი ახალ წელს, რადგან ინდოეთში მივფრინავდი შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, სიტუაციიდან გამომდინარე მიჭირს წინასწარ ამ დღის დაგეგმვა.
– დამდეგ ახალ წელს თუ იცი სად შეხვდები?
– ამჯერად ვიცი, რომ საქართველოში ვიქნები, აქ მეგობრებს ველოდები და სურვილი გავქვს, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს.
– რით არის წლევანდელი ახალი წელი უწინდელისგან განსხვავებული?
– ღმერთის წყალობით ყოველი მომდევნო წელი ჩემთვის ჯობია წინა წელს. სპორტული თვალსაზრისით მართალია წლევანდელი წელი მცირედით ჩამოუვარდებოდა შარშანდელს, მაგრამ ამავდროულად ვგრძნობ რომ გასულ წელთან შედარებით გამოცდილება მომემატა, გავიზარდე. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც გვერდში მიდგას და მხარს მიჭერს ჩემს კარიერულ წარმატებებში.
– ლადო მეკვლედ თუ ყოფილხართ ახალ წელს?
– კი და თანაც არაერთხელ. ადრე რამდენიმე ოჯახში სისტემატიურად მივდიოდი მეკვლედ, მაგრამ ბოლო წლებში რეჟიმიდან გამომდინარე ვეღარ მიხერხედება მათთან მისვლა, რის გამოც ისინი უკმაყოფილონი იყვნენ. ალბათ თვლიდნენ რომ კარგი ფეხი მქონდა.
– რამით გამორჩეული ახალი წლის ღამე თუ გქონია?
– განსაკუთრებული არაფერი.
– ამ დღესასწაულზე თუ აძლევ ხოლმე თავს მოლხენის უფლებას?
– არა მხოლოდ ახალ წელს, წელიწადის განმავლობაში ისეთ დროს, როდესაც არ მიწევს ყოველდღიური ვარჯიში და არ ვემზადები ცალკეული შეჯიბრებისათვის, ვაძლევ თავს უფლებას ისეთი რეჟიმითაც ვიცხოვრო, როგორც რომელიმე არასპორტსმენი ადამიანი ცხოვრობს.
– რომელ ღვინოს ანიჭებ უპირატესობას?
– თუ ერთ-ორ ბოკალს ვსვამ მაშინ შავს, საქეიფოდ კი თეთრს.
– ბედობას თუ ხვდები განსაკუთრებულად?
– ბედობას რამე რიტუალის და მოლოდინის არ მჯერა.
– თოვლის პაპის რომ გჯეროდეს რას სთხოვდი?
– ვთხოვდი, რომ ჩვენი ჭიდაობის დარბაზის ბავშვების სურვილები აესრულებინა.
– ახალ 2018 წელს რას უსურვებ საქართველოს?
– ვისურვებდი მშვიდობას, ხალხი მინდა იყოს გახარებული და ბედნიერი, საქართველო კი გაერთიანებული.

გენო პეტრიაშვილი: ახალი წლის მოახლოება მუდამ ბავშვივით მიხარია

– გენო, როგორ ხვდები წლევანდელ ახალ წელს.
– ყოველთვის სიხარულით ველოდები. ამჯერადაც დეკემბრის დასაწყისიდან ბავშვივით ველი ახალ წელს. ისე კი მთელი წლის განმავლობაში შობა-ახალი წლის და აღდგომის დღესასწაული გამორჩეულად მიხარია.
– ახალი წელთან შეხვედრის როგორი ტრადიცია გაქვთ ოჯახში?
– სანათესაო ტრადიციულად ჩვენს ოჯახში ვიკრიბებით. ჩვენთან მოდიან ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ამ დროს ოჯახი სავსეა სიხარულით და სიყვარულით. სხვათაშორის ეს ის ხალხია, რომლებიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე დამყვებიან და ხუმრობით ჩემს ფან კლუბს ვუწოდებთ ხოლმე.
– საახალწლო სუფრის მომზადებისას რომელიმე ეტაპზე თუ ერთვებით?
– სუფრას ქალბატონები ამზადებენ. დედაჩემი, დეიდაშვილი და სხვები ისეთი მზარეულები არიან, რომ ძნელია ჩაერიო. მე მათ მხოლოდ პროდუქტების ყიდვასა და შემდეგ დაგემოვნებაში `ვეხმარები~. სხვათაშორის გურმანი ვარ და სიამოვნებით გეახლებით საახალწლო ნუგბარსაც.
– რით განსხვავებდება წლევანდელი ახალი წელი შარშანდელისგან?
– მოახლოებულ ახალ წელს დიდებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით ვხვდები, რითაც ბუნებრივია ძალიან გახარებული ვარ. თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, შევეცდები ყოველ წელს ახლანდელივით ახალი წარმატებებით გახარებული შევხვდე, შევეცდები სულ მოვუმატო და მოვუმატო სპორტულ მიღწევებს.
– მეკვლე თუ ყოფილხარ?
– ვყოფილვარ, ოღონდ რასაკვირველია უფრო ხშირად ბავშვობაში. ისე შარშანაც კი ვიყავი მეკვლე მეზობელთან, სადაც ნათლული მყავს.
– თქვენს ოჯახში თუ გყავთ ტრადიციულად მეკვლე?
– მამაჩემის ბიძა თამაზ პეტრიაშვილი ჩვენი გვარის უხუცესი კაცია და ის მოდის ხოლმე მეკვლედ. მოაქვს ტკბილეული, ხილი და თავისივე ღვინო. ჩვენც ყოველთვის კარგი ღვინო გვაქვს მაგრამ ძია თამაზი გვეუბნება ჩემი ღვინით უნდა ვიქეიფოთო და არ ვეწინააღმდეგებით. პირიქით, სიამოვნებით მივირთმევთ მის მშვენიერ ღვინოს.
– საერთოდ, ღვინო რომელი ჯიშის მოგწონს?
– უპირატესობას ვანიჭებთ დირბულას და ლომიაურს – ესაა ჯიშები, რომელიც ნულში ჩვენს სოფელში (ნული ამჟამად ოკუპირებულია – ვ.ბ) გვქონდა და ისინი ახლა აქეთაც მოვაშენეთ. გარდა ამისა, ძალიან მომწონს გორული მწვანე. საერთოდ კარგ ღვინოს პატივს ვცემ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ხშირად ვერ ვაძლევ თავს მოლხენის უფლებას.
– რას უსურვებდი საქართველოს?
– საქართველოს პირველ ყოვლისა გამთლიანებას ვუსურვებდი. მოგეხსენებათ ჩემი სოფელი ნულიც ამჟამად ოკუპირებულია და ჩემთვის საქართველოს ერთიანობის თემა ძალიან მტკივნეულია. ვუსურვებ ჩემს სამშობლოს რომ იყოს ისეთივე ძლიერი და გაბრწყინებული, როგორიც დავითის და თამარის დროს იყო. ძალიან მინდა აგრეთვე რომ შიგნით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს.
– ბედობასთან დაკავშირებული რამე ტრადიცია თუ გაქვს?
– ტრადიცია არა, მაგრამ ერთი ამბავი მახსენდება. მართვის მოწმობის გამოცდაზე ზუსტად ბედობას გავედი, მანქანაში მჯდომი გამომცდელი მეუბნება: ბედობას რომ ჩაიჭრა და ჩაჭრა დაგებედოს არ გეშინიაო? რატომ ჩაჭრა, პირიქით გამოცდის წარმატებით ჩაბარება რომ დამებედოს იმაზე ვიფიქრებ მეთქი. ის გამოცდაც წარმატებით ჩავაბარე და იმ წელიწადს ინსტიტუტში მისაღები გამოცდებიც.
ვასილ ბალახაძე
გაზეთი ,,ლელო”



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა