ოლიმპიური
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ,,ქართული სახლი იფუნქციონირებს

ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ოთხწლეულის ამ შემაჯამებელ, ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე უშუალოდ სპორტული შედეგების გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყანა თამაშების ათიათასობით სტუმარს განსხვავებული კუთხითაც დაანახოს, რისი საუკეთესო საშუალებაც ოლიმპიადის დედაქალაქში ეროვნული სახლის მოწყობაა.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ კუთხით თადარიგი ნაადრევად დაიჭირა და ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ფეშენებელური შენობა შეარჩია. რეზიდენციის მფლობელებთან მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდა. სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ლონდონში დღეს მიემგზავრება და ბრიტანულ მხარესთანაც ხელშეკრულებას ხელი 1 მარტს მოეწერება. ,,ქართული სახლი" ბინას ნიმბურკის 45 ნომერში ჩელსის უბანში დაიდებს.

,,ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიური თამაშების მსვლელობის პერიოდში ლონდონში ,,ქართული სახლი" იფუნქციონირებს, სადაც წმინდა სპორტული თემატიკის გარდა ოლიმპიადის მონაწილეებს, ტურისტებს, თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ პატარა საქართველოს დიდი ისტორია, მისი წარსული და დღევანდელობა, კულტურა, მიღწევები სპორტსა და ოლიმპიზმში უფრო ახლოს გაიცნოს. ,,ქართული სახლის" მისია წარმატებულად ჩაითვლება თუ მის სტუმარს აღუძრავს სურვილს ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და დაათვალიეროს მისი ღირშესანიშნაობები.

გარდა ამისა "ქართულ სახლში" გვექნება ოფიციალური მიღებები სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან და ა.შ. მოკლედ ეს იქნება პატარა საქართველო შუაგულ ლონდონში" - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა ინგლისის დედაქალაქში გამგზავრების წინ.

როგორც ცნობილია თბილისში 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ნისლიანი ალბიონიდან სეოკ-ის პრეზიდენტი რომში გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში ფესტივალის მასპინძელ ქალაქთან ოფიციალურ კონტრაქტი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს ეოკ-ის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, თბილისის მერი გიგი უგულავა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი მოაწერენ.











კომენტარის დამატება