ნინო სალუქვაძემ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ოლიმპიური 23-მარ, 14:359 admin 3203 0





საქართველოს პირველი ლიცენზია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მოუტანა. ევროპის არაერთგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიდნეიში მსოფლიოს თასი მოიგო, რაც ამ ტურნირის სუპერფინალის საგზურის მოპოვებასთან ერთად, ოლიმპიური ლიცენზიის დაუფლებასაც ნიშნავს.

2011 წლის სეზონში ეს მსოფლიოს თასის პირველი ეტაპია და სალუქვაძისთვის პირველივე ცდა წარმატებული გამოდგა. ქართველმა ტყვიის მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შედეგი აჩვენა - 385 ქულა, თუმცა ფინალში მეხუთე შედეგით შევიდა, რადგან 386 ქულა ერთბაშად ოთხმა მსროლელმა დააგროვა. გადამწყვეტი ფინალური სერია გამოდგა, სადაც სალუქვაძემ კარგად ისროლა და 100,5 ქულა აჩვენა.

ჯამში სალუქვაძეს 485,4 ქულა გამოუვიდა და 2,5-ით აჯობა მეორეზე გასულ ფინელ მირა სუჰონენს (484,0). ბრინჯაო უკრაინელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიპოვა - 483,6. ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც ამ სამეულს ერგო.

ამ წარმატების შემდეგ, ნინო სალუქვაძეს სიდნეიში შევეხმიანეთ.

ნინო სალუქვაძე: "სასიხარულოა, რომ საქართველომ ლონდონის ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების სათვალავი გახსნა. პირველი ლიზენცია ტყვიის სროლაში ავიღეთ და იმედია ლიცენზიების მოპოვების პროცესი სპორტის სხვა სახეობებშიც წარმატებულად გაგრძელდება.

ავსტრალიის მსოფლიო თასზე წარმატება რთული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა. გახარებული ვარ იმითაც, რომ ასეთ შორეეულ მანძილზე ტყუილად არ მოგვიწია გამგზავრება.

მოკლედ, საკმაოდ ვიყოჩაღე და გამარჯვება მოვიპოვე. პირადად ჩემთვის ეს უკვე მეშვიდე ოლიმპიური თამაშები იქნება. სიდნეის მსოფლიო თასი ჯერ კიდევ გრძელდება და საქართველოში 30 მარტს დავბრუნდებით."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა