აირჩიეთ გუნდი:

პირველი მოგება კანადაში!



ბორჯღალოსნებმა კანადის ნაკრები მისსავე მიწაზე 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს.

ესაა ქართველების პირველი გამარჯვება ჩრდილოეთ ამერიკიში. კანადასთან სტუმრად აქამდე ორჯერ გვქონდა ნათამაშები, ორივეჯერ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით. ამჯერად მილთონ ჰეიგმა ოკეანის გაღმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა, ამ შეხვედრისთვის მხოლოდ რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა და ისტორიულმა გამარჯვებამ არ დააყოვნა.

#კაჭი100

კანადასთან ტესტში მე-100 კეპი მოიხვეჭა და მეორე ქართველი ცენტურიონი გახდა დავით კაჭარავა. პირველმა ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქეს ლელო დაუდო და გარდასახა, ორი ჯარიმა გაუტანა და ბორჯღალოსნების 13-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.

ქალგარი არამეგობრულად დაგვხვდა და შეხვედრა ძლიერ ქარსა და წვიმაში წარიმართა. სუსხმა და გარემო პირობებმა თამაშს თავისი კვალი დაამჩნია და ის სანახაობრივი ვერ გამოდგა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით ბურთის წინ დავარდნა, თუმცა შერკინებაში ბორჯღალოსნები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და უმრავლეს შემთხვევაში ეპიზოდი ჯარიმით სრულდებოდა.

პირველ ტაიმში პირქარში მოგვიწია თამაში. კანადელებმა ტაქტიკა ფეხით თამაშზე და ქართველების შეცდომებზე ააგეს. ამან გაამართლა, შეცდომები მართლაც მრავლად იყო, თუმცა მასპინძლებმა მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, რადგან ღია თამაშში ქართველთა დაცვამ უკან არ დაიხია.

ანგარიში კვირიკაშვილმა დებიუტშივე ჯარიმით გახსნა. შესვენებამდე დაგვიშავდა და შევცვალეთ ორი მორაგბე - ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

მეორე ტაიმში ქარი ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და ახლა ჩვენ გამოვკეტეთ მეტოქე მისსავე ნახევარზე. დებიუტში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. საქართველომ დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარა, თუმცა ლელომხოლოდ მატჩის მიწურულს ვიხილეთ: გიორგი ბეგაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოს ხაზთან გადაკიდა, მცველმა მისი შემაგრება ვერ მოახერხა და კვირიკაშვილმა დაამიწა. მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და დარჩენილ 3 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა - 13:0.

ახლა ბორჯღალოსნები აშშ-ში გადაინაცვლებენ და თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიის 3 საათზე ‘არწივებს’ ატლანტაში შეერკინებიან.

წყარო : საქართველოს რაგბის კავშირი

 
Реклама

0

1542
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.