მორიგი აღიარება და წარმატება ქართველი მორაგბეების მსოფლიო მაშტაბით!

რაგბი 21-ნოე, 19:169 Sportnews 4108 0





სხვადასხვა ავტორიტეტული სარაგბო და სპორტული გამოცემების სიმბოლურ ნაკრებებში, ახალი ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი, უელსელი და შოტლანდიელი ვარსკვლავების გვერდით, სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ბორჯღალოსანი ვარსკვლავები.

ევროპაში საშემოდგომო ტესტ-მატჩების მეორე კვირა მიილია და ქართველი მორაგბეები სიმბოლურ XV-ში თუ „უახლოეს რეზერვში“ ზედიზედ მეორე კვირაა ხვდებიან.

თუ 11-12 ნოემბრის თამაშების შემდეგ, ფულბეკის პოზიციაზე ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოთამაშე სოსო მათიაშვილი (კანადასთან 34 ქულის შემოქმედი) SkySports-ისა და Telegraph-ის სიმბოლურის ძირითადში, ხოლო Planetrugby-ის „თადარიგში“ იყო, 18 ნოემბერს ‘პრინსიფალითიზე’ უელსთან გამართული ომის შემდეგ, SkySports-მა ბურჯი ლევან ჩილაჩავა გამოარჩია:

„ქართულმა შერკინებამ, ჩილაჩავას მეთაურობით, სტუმრები ბოლო წუთამდე თამაშში დატოვა და თითქმის მიიყვანა დაუვიწყარ შედეგამდე. ეს იყო შესანიშნავი ძალისხმევა, რომელიც ტიერ ერთის გუნდის ნებისმიერ ქომაგს მოეწონებოდა“ - წერია გამოცემის დახასიათებაში.

Planetrugby-მ პირველ ნომრებად ბორჯღალოსნების დასახელებისგან თავი ამჯერადაც შეიკავა, სამაგიეროდ სამი მათგანი უახლოეს რეზერვად მოიხსენია: 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე ინგლისელი დენ ქერის; მარჯვენა ბურჯი ჩილაჩავა ავსტრალიელი სეკოპე კეპუს; და მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი ირლანდიელი სენ ჰილის შემცვლელად.

წყარო: rugby.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა