საქართველო ერთა თასის მფლობელია

საქართველო ერთა თასის მფლობელია

10-06-2012, 13:40

9 ივნისს, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 33:3 დაამარცხა, რითაც 2012 წლის ერთა თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მილტონ ჰეიგის გუნდის უპირატესობით წარიმართა. უკვე შეხვედრის მე-5 წუთზე, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრეს, ჩვენი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ, 18 წლის მერაბ შარიქაძემ უკრაინელთა ჩათვლის მოედანში ლელო დადო.

რეალიზაცია ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.

უკრაინელებს ანგარიშის შემცირება საჯარიმო დარტყმით მალევე შეეძლოთ, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, 35-ე წუთზე კვლავ მასპინძლებმა შეძლეს ლელოს დადება. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ უკრაინელთა დამწუხრება ვახტანგ მაისურაძემ შეძლო, ყიასაშვილმა კი კვლავაც ზუსტად გარდასახა - 14:0.

39-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს მესამე ლელოს დადებაც შეეძლო, თუმცა ლექსო გუგავას კარგ შეტევას წინ უკრაინელები დროულად აღუდგნენ და შანსი გამოუყენებელი დარჩა.

მეორე ტაიმში ჩვენმა ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და უკვე 44-ე წუთზე ვახტანგ მაისურაძემ ამ შეხვედრაში მესამე, საქართველოს ნაკრების ისტორიაში კი საიუბილეო - მეოთხასე ლელო დადო. ყიასაშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 21:0 გახდა.

ერთადერთი, რასაც სტუმრები ამ თამაშიდან გამორჩნენ, 3 ქულა იყო, ამის შემდეგ კი ირაკლი მაჩხანელმა ორჯერ - 51-ე და 79-ე წუთებზე დალაშქრა უკრაინელთა ჩათვლის მოედანი. ყიასაშვილმა ორიდან ერთი რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 33:3 დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებული უკვე მეხუთედ გახდა, ამ თამაშში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ კი 80-ე კეპი მოიხვეჭა.

"ბორჯღალოსნები" 10 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრებიან, სადაც ორ ტესტ-მატჩს გამართავენ აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან.

09.06. 17:00 სთ. ერთა თასი. ავჭალის სარაგბო სტადიონი.
საქართველო-უკრაინა 33:3
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ბექა ბიწაძე, 19. გიორგი კალმახელიძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. ბექა წიკლაური.

უკრაინა: 15. ვიტალი კრასნოდემსკი, 14. სერგეი მონსრირიოვი, 13. ვიაჩესლავ პნამარენკო, 12. პავლე მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. მიკოლა დელეგირიოვი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ოლეგ ლიტვინენეკო, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ოლექსანდრ ცარენკო, 6. დიმიტრი ფედიშინი, 7. ვიტალი ორლოვი, 8. ჯაბა მალაღურაძე.
16. სერგეი სუხიხ, 17. ოლექსანდრ პოლიანსკი, 18. ვიტალი კრამარენკო, 19. ოლექსანდრ ცისისი, 20. მიროსლავ შულიაკი, 21. არტიომ კულიკი, 22. სერგეი ერმოლენკო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით