ამერიკამ შესუსტებულებს გვაჯობა

ამერიკამ შესუსტებულებს გვაჯობა

18-06-2012, 03:32

ბევრისთვის მოულოდნელი, მაგრამ ბევრისთვის მოსალოდნელი მარცხი ვიწვნიეთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის თავდადებას და ღირსეულ გამარჯვებასაა ნაჩვევი ჩვენი სპორტსმენებისგან. თავდადება არ გვაკლდა, თუმცა იყო ბევრი შეცდომა, ბევრი მიზეზი, რითაც მარცხის ახსნა შეიძლება.

პირველ რიგში აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი ნაკრების ძირითად ბირთვს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ - გორგოძე, ბასილაია, სუთიაშვილი, კოლელიშვილი, დათუნაშვილი, კაკოვინი, ხინჩაგიშვილი, ნატრიაშვილი, ბრეგვაძე, ქუბრიაშვილი. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ამერიკის ნაკრებმა თანამედროვე, სწრაფი, გაშლილი რაგბი ითამაშა. გვაჯობეს ხელით თამაშში, სისწრაფესა და დავალებების უკეთ შესრულებაში. გუნდში გია ლაბაძის დაბრუნების მიუხედავად, ვერ ივარგა საქართველოს ნაკრების დერეფანმა და რამდენჯერმე ბურთი ჩვენი მოწოდებისასაც დაიკარგა.
მთლიანობაში, ეს იყო ორი ღირსეული ნაკრების დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება იმ გუნდმა მოიპოვა, რომელიც მოცემულ მომენტში უკეთ მომზადებული აღმოჩნდა.

"არწივებმა" მატჩი თავიდანვე შეტევებით დაიწყეს და მათმა სწრაფმა თამაშმა ქართველებს ბევრი სირთულე შეუქმნა. ქართველები როლანდ სუნიულას წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. კრის ვოლესმა იოლი პოზიციიდან გაიტანა და თავისი გუნდის 3:0 დაწინაურა.
მალევე აშშ-მ ქართველთა 22 მეტრში შესვლა შეძლო და საბოლოოდ ენდრიუ სანიულამ ლელოც დადო - 8:0.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთი დაიბრუნა და შეტევას ცენტრიდან ცდილობდა. მაგრამ აშშ თავს კარგად იცავდა. თუმცა ქართველებმა გამალებული შეტევების შემდეგ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც ვერ გამოიყენეს.
საქართველოს ნაკრების შეტევა ლელოთი დასრულდა. ირაკლი მაჩხანელმა ალექსანდრე თოდუას გადააწოდა, რომლის შეჩერება ლუკ ჰამელმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და მის მხარდასაჭერად ჩასულმა მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი "არწივების" ჩათვლის მოედანში დაამიწა.
ანგარიში 8:5 გახდა, მაგრამ აშშ-მ ქულების მოპოვება მალევე მოახერხა. ვოლესმა საჯარიმო გაიტანა - 11:5.
რამდენიმე წუთში, მასპინძელთა მორიგი ლელოსა და გარდასახვის შემდეგ, ანგარიში 18:5 გახდა. ეს ამერიკელებისთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა.
"ბორჯღალოსნებმა" პასუხად ერთი საჯარიმო კი გამოიყენეს, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლო 7 წუთში "არწივებმა" ძალიან მონდომებით ითამაშეს - ჯერ ლელო გაიტანეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, ბოლოს კი ვოლესმა საჯარიმო დაარტყა ზუსტად. 28:8 - პირველი ნახევარი ასე დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრები ბურთს ამერიკელებზე გაცილებით მეტ ხანს ფლობდა და შორიდანაც ურტყამდა.
მალე ქართველებმა ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს - 28:13. ლელო მერაბ შარიქაძემ გაიტანა.
მაგრამ "არწივები" კვლავ გააქტიურდნენ და 57-ე წუთზე ვოლესმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა კვლავ გაზარდა - 31:13.
მაგრამ საქართველოს ნაკრები არ ნებდებოდა. კაჭარავამ მორგი შეტევის შემდეგ ლელო დადო და მალაღურაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 31:20.
შეხვედრის ბოლოს ლელო პეტერსონმა დადო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 36:20.

23 ივნისს კანადას დავუპირისპირდებით - კანადა საქართველო (ვანკუვერი, ბრითიშ კოლამბია ჩვენი დროით კვირას 01:00)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით