Image

ტორპედო – დინამოს შეხვედრა ჩხუბის გამო ჩაიშალა (ახალი კადრები)

ვიდეო / საქართველო 10-მარ, 18:019 Sportnews 2310


















ის, რაც 9 მარტს ქუთაისში, "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩისას მოხდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთ სამარცხვინო და ამაზრზენ მოვლენად ჩაიწერება...

ქუთაისელი ფანების საქციელს კი, რა წინაპირობაც უნდა ჰქონოდა მას, გამართლება არ აქვს. ამ ვანდალური ქმედებით, მათ, პირველ რიგში, საკუთარი კლუბი დააზარალეს და ქალაქის იმიჯსაც მძიმე დარტყმა მიაყენეს...

...მატჩის 59-ე წუთი მიმდინარეობდა, მასპინძლები "დინამოსთან" 0:2-ს აგებდნენ და თამაშიც ჩვეულებრივ, გართულებების გარეშე მიმდინარეობდა... და ამ დროს სტადიონის ტაბლოსქვეშა ტრიბუნის ჭიშკარი გაიღო და მოედანზე აგრესიული ფანების "არმია" შეიჭრა.

თავდაპირველად, ისინი სარბენ ბილიკზე მოძრაობდნენ, თუმცა შემდეგ ხალხის მასამ იმატა და მთელი მოედანი დაფარა.

ფეხბურთელები და მსაჯები ფანების გარემოცვაში აღმოჩნდნენ, ვითარება უმართავი გახდა. ამ აგრესიული ჯგუფის დაწყნარებას "ტორპედოს" ფეხბურთელები შეეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ - სხვადასხვა საგნით "შეიარაღებული" ვაიგულშემატკივრები საპირისპირო ტრიბუნაზე განთავსებული "დინამოს" ფანკლუბისკენ დაიძრნენ და მათ სხვადასხვა ნივთი დაუშინეს.

პასუხი არც თბილისელებს დაუკლიათ - სკამები დალეწეს და "ტორპედოს" ფანებს გადმოაყარეს. საბედნიეროდ, პოლიციამ "დინამოს" ფანკლუბის დროული ევაკუაცია მოახერხა და ისინი შემოვლითი გზით გაიყვანა ქალაქიდან...

ამასობაში, სტადიონთან სპეცრაზმიც გამოჩნდა, მანამდე კი გავეშებულმა ფანებმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ავტომობილის უკანა საქარე მინის ჩამტვრევა მოასწრეს. ბედად, ფეხბურთელები და მსაჯები უვნებლები გადარჩნენ, მხოლოდ ჩისკომ და გიორგი პაპავამ მიიღეს მცირე დაზიანებები. თავი გაუტყდა სტადიონის დაცვის რამდენიმე თანამშრომელს.

ვნებათაღელვამ სტადიონიდან ქუჩაში გადაინაცვლა და საპატრულო ეკიპაჟებს სიტუაციის განსამუხტავად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. მოგვიანებით კი, თბილისის "დინამოს" ავტობუსი პოლიციის 10-მდე მანქანამ ზესტაფონამდე გააცილა...

ტორპედო – დინამოს შეხვედრა ჩხუბის გამო ჩაიშალა (ახალი კადრები)


კომენტარები:
თამაში რომ ჩაიშლებოდა, ეჭვი აღარ იყო. მალე ეს მატჩი დამკვირვებელმა სერგო კვარაცხელიამაც დაგვიდასტურა:

"მაყურებლის აგრესიული ქმედებების გამო თამაში 59-ე წუთზე შეწყდა. მსაჯთა ბრიგადამ, იმ მიზეზით, რომ მსგავსი ექსცესები არ განმეორებულიყო, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. დღევანდელ შემთხვევას სადისციპლინო კომისია განიხილავს და რეგლამენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს".

რომან ფიფია ("დინამოს" პრეზიდენტი):
"არ ვიცი, როგორ შევაფასო ეს მოვლენა. ეს არის კატასტროფა! ასეთ ვითარებაში რომელი ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი?!

მესმის მეტოქეობა და შეჯიბრება, მაგრამ დღეს ადგილობრივ ქომაგთა საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ალბათ, სამომავლოდ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სიტუაცია ნორმალურია, "დინამო" ქუთაისში სათამაშოდ არ ჩამოვა".

"დინამოს" პრეზიდენტს ქუთაისელი ფანების მოტივაციაზეც ვუთხარით - ამ ფაქტს იმით "ხსნიან", რომ მათ თბილისში, "დინამო"-"ტორპედოს" პირველი წრის მატჩისას, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა სცემეს და დღევანდელი აგრესიაც სწორედ ამით იყო გამოწვეული...

"თბილისში ვინმეს უნახავს მსგავსი რამ? როგორ შეიძლება ამის თქმა?! რა მოჰყვება ამ ამბავს, ვერ გეტყვით, ეს უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", - ამბობს ფიფია.

რევაზ ძოძუაშვილი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი):
"ქართულ ფეხბურთს რომ მიხედვა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ორი სახელოვანი გუნდი თამაშობდა და ასეთ დაბოლოებას არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა. არადა, ძალიან კარგი თამაში იყო, ფეხბურთელები კორექტულად იქცეოდნენ და ერთმანეთისთვის მცირედი შეურაცხყოფაც არ მიუყენებიათ.

არ იყო იმის წინაპირობა, რომ თამაშს ასეთი სამარცხვინო დასასრული ჰქონოდა. ამ მოვლენას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგანაც შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და სხვა ქალაქებშიც ანალოგიური მოხდეს.

აშკარად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, ამას გამოძიება სჭირდება. ასეთ პირობებში გუნდის მშენებლობა და წინსვლაზე საუბარი ზედმეტია. იქ, სადაც ფეხბურთი უყვართ და მისი განვითარება უნდათ, ასეთი ვანდალური ფაქტები არ ხდება.

რა ვქნათ ჩვენ, სპორტსმენებმა? ვითამაშოთ თუ "დუბინკები" დავიკავოთ და გულშემატკივრები გავაჩეროთ?! რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დღევანდელი მატჩი კარგად ჩაგვეტარებინა. ვაგებდით, მაგრამ ბრძოლა არ დაგვიკლია.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მოხდა... დისკვალიფიკაციას და ჯარიმას ავიტანთ, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ჩაძირვა უნდათ თავიდან ბოლომდე და ვინ არის ამ მუხანათური საქმის სათავეში, აი, იმას უნდა მივაკვლიოთ".

გიორგი დემეტრაძე ("ტორპედოს" სპორტული დირექტორი):
"გულშემატკივრებისაც მესმის. თბილისში გამართული შეხვედრის დროს რაღაც ინციდენტი მომხდარა, რომლის დროსაც "ტორპედოს" ფანები დაზარალდნენ; დღეს კი ისარგებლეს იმით, რომ უსაფრთხოების ზომები შესაბამისად არ იყო მიღებული და სარბენ ბილიკზე შევიდნენ, ისინი მოედანზე არ შეცვენილან (?! - გასაოცარია პირდაპირ, რა ვუყოთ იმ კადრებს, რაც ყველას თვალწინ გვაქვს და რომლებზეც კარგად ჩანს, ვინ სად შევარდა. "ტორპედოს" სპორტულ დირექტორს შეუძლია, აქვე იხილოს ტელეკადრები - რედ.). მატჩის კომისარმა ჩათვალა, რომ თამაში უნდა ჩაშლილიყო.

სამწუხარო ფაქტია, რომ თამაში ვერ დავამთავრეთ. უსაფრთხოებას ჩვენ ხომ ვერ დავიცავდით? სტადიონზე იმყოფებოდა პოლიცია, იქ იყო სპეცრაზმი და მათ უნდა უზრუნველეყოთ სტადიონის სათანადო დაცვა".







ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა