დღის ახალი ამბები

კვარაცხელიას ტრავმა და სავარაუდო შემადგენლობა - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

კვარაცხელიას ტრავმა და სავარაუდო შემადგენლობა - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა, სადაც გუნდის მეკარე გიორგი ლორიასთან ერთად წარსდგა.


ვილი სანიოლი: ნებისმიერ შემთხვევაში რთული მატჩი გველის

...კვარაცხელიას და მიქაუტაძის მდგომარეობაზე: "შვედეთთან მატჩში კვარაცხელიამ თავის ტკივილი იგრძნო, შესვენებაზე გავესაუბრეთ და კარგად რომ არ იყო, ამიტომ შევცვალეთ. ახლა უკვე თავს კარგად გრძნობს და ხვალ ესპანეთთან სათამაშოდ მზად არის. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, სამწუხაროდ, მას კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო ორ მატჩში ვერ ითამაშებს".

...შვედეთთან მატჩზე: "შვედეთთან პირველი ტაიმი რთული იყო, მაგრამ მეორეში ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობები კარგად აჩვენეს. მეორე ნახევარში რაც ვნახეთ, როგორც დაცვით ფაზაში, ისე მთლიანობაში, მინდა, რომ მომავალშიც ასე გამართულად ვითამაშოთ.

ამ გადმოსახედიდან, შვედეთთან მატჩში არაფერს შევცვლიდით. ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მეტოქემ გოლი გაიტანა, რაც მთავარია გამარჯვებისთვის. ვისურვებდი, რომ გუნდმა მომავალშიც ისეთივე დისციპლინა აჩვენოს და ის მიდგომა შეინარჩუნოს, როგორც ეს წინა თამაშში იყო".

...კანკავას შეცვლასა და დებიუტანტების თამაშზე: "კანკავას შეცვლა ტატიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ბურთის ფლობა გვჭირდებოდა. დებიუტანტებისთვის ადვილი არ იყო ასეთ მატჩში თამაში, ვფიქრობ, დავალებებს კარგად გაართვეს თავი და კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელების თამაშით, რომლებსაც შვედეთთან დებიუტი ჰქონდათ".

...გუნდზე, სამწვრთნელო შტაბსა და მუშაობის პროცესზე: "ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. რა თქმა უნდა, რაც შეკრება დაიწყო, ამ პერიოდში ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა, ბევრი ვიმუშავეთ და რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი კონცენტრირებულია და ეს ყველაფერი მუშაობის პროცესს აადვილებს. რაც ვნახეთ შვედეთში, ვფიქრობ, კარგი იყო და იგივეს ველოდებით შემდეგ შეხვედრაშიც.

ძალიან კმაყოფილი ვარ სამწვრთნელო შტაბის წევრებით. ზურაბ ხიზანიშვილთან მჭიდრო კავშირი მაქვს. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ფეხბურთელებთან კომუნიკაციის მხრივ".

...ოქრიაშვილის დანაკლისზე: "რა თქმა უნდა, ოქრიაშვილის გამოკლება დიდი დანაკლისია, რადგან სანაკრებო დონეზე დიდი არჩევანი არ არის".

...ესპანეთის ნაკრების პირველ თამაშზე: "საბერძნეთის ნაკრები ესპანეთთან თავს კარგად იცავდა და ეს შედეგშიც აისახა. ესპანეთს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის ის გუნდი ვერ იგებს, ვინც უპირატესობას ფლობს. როგორც არ უნდა დასრულებულიყო, ამ მატჩს ჩვენთვის მნიშნელობა არ ჰქონდა და ხვალ, ნებისმიერ შემთხვევაში, რთული თამაში გველოდება".

...შემადგენლობაში ცვლილებებზე: "კორონავირუსის პანდემიის გამო, კალენდარი საკმაოდ მჭიდროა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი იმისთვისაა გამოძახებული, რომ ნაკრებს შეიძლება დასჭირდეს. შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ, მაგრამ ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე დაიხარჯება და ყველაფერს გააკეთებს წარმატებისთვის".

გიორგი ლორია: მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით 

"არ აქვს მნიშვნელობა, დიდი მატჩია თუ პატარა, ფსიქოლოგიურად ყველა თამაშისთვის მზად ვარ.  უბრალოდ, ესპანეთთან მოტივაცია შეიძლება უფრო მეტი იყოს, რადგან დიდი გუნდია. სანაკრებო დონეზე ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩემთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. მთავარია, რასაც მწვრთნელი გვეტყვის ის შევასრულოთ და ყველა ერთად მივაღწევთ დადებით შედეგს.

ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. ვლადიმირ ვაისის ხელში ნაკრები ერთ მუშტად შეიკრა. დავამსხვრიეთ მითი, თითქოს ერთიანი გუნდი არ ვიყავით. სწორედ ამ ერთიანობით გავედით ფინალში, სადაც სამწუხაროდ, წაგავეთ. გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ვეხმარებით, რომ ნაკრებში ადაპტაცია სწრაფად გაიარონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ გულშემატკივარი დაესწრება მატჩს. მგონი, ბოლოს 2019 წელს იყვნენ სტადიონზე და ძალიან მიხარია. ვეცდებით, რომ გამარჯვების გემო დავუბრუნოთ და ყველა ერთად ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

წყარო : პოპსპორტი





გაზიარება
მოინახულეს 2 211-ჯერ
კომენტარები
რეკლამა