„სამუდამო ჩემპიონი“ და „სასაცილო ფინალი“ - პრესა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ

ფეხბურთის ვიდეოები 27-მაი, 13:299 Sportnews 2277 0






„სამუდამო ჩემპიონი“ და „სასაცილო ფინალი“ - პრესა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ


ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ინგლისური გაზეთები განიხილავენ “ლივერპულის” მეკარის ლორის კარიუსის შეცდომებს, ესპანური პრესა კი “რეალს” ლეგენდარულს უწოდებს.

The Sunday Times – მეკარის შეცდომებმა “ლივერპულის” იმედები დაამსხვრია

„კარიუსის ორმა უხეშმა შეცდომამ დაამსხვრია “ლივერპულის” იმედები. ეს იყო გარეტ ბეილის საღამო, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ორი გოლი გაიტანა და “რეალს” კიდევ ერთი ევროპული ტრიუმფი მოუტანა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, კარიუსი საჯარიმოში იწვა და მას მხოლოდ “რეალის” წევრები ამშვიდებდნენ. “მე ახლა ვერაფერს ვგრძნობ, – აღიარებდა მეკარე. – მე წავაგე ეს მატჩი და ძალიან ვწუხვარ. პატიებას ვითხოვ იმისთვის, რომ ჩემი შეცდომები ასე ძვირად დაგვიჯდა. ვიცი, რომ გუნდი დავაღალატე და ეს რთული გასაცნობიერებელია. მაგრამ, ასეთია მეკარის ცხოვრება”.
იმ დროს, როცა “რეალმა” მეცამეტედ იზეიმა მოგება ჩემპიონთა ლიგაზე, “ლივერპულის” მოთამაშეების მწუხარებას დაემატა სალაჰის ტრავმის გამო შეშფოთება. ის მოედანს თვალცრემლიანი ტოვებდა. იურგენ კლოპმა კი განაცხადა, რომ რამოსისა და სალაჰის შეჯახება ძალიან ხისტი იყო”.

Daily Mail – აღფრთოვანება და აგონია

„მხოლოდ იმედი საკმარისი არ იყო “ლივერპულის” გამარჯვებისთვის. შემტევ, ფეთქებად, სანახაობრივ ფეხბურთს, რომელმაც კონტინენტის ბევრ გუნდს მოუღო ბოლო, თითქოს “ლივერპულისთვის” ახალი ტიტული უნდა მოეტანა. მაგრამ, “რეალი” არასოდეს ტოვებს ადგილს რომანტიკისთვის. ის, უბრალოდ, ტიტულებს იგებს. უნდა აღინიშნოს გარეტ ბეილის დიადი თამაში. ის შეცვლაზე შევიდა იმისთვის, რომ ეს მატჩი მოეგო და ულამაზესი გოლი გაიტანა, რასაც დიდი ხანი ვერავინ გაიმეორებს. მოგვიანებით, ბეილმა მეორე გოლი გაიტანა და ბოლო მოუღო ინტრიგას და ასევე ლორის კარიუსს.
რთულია გაიხსენო მატჩი, რომელიც ამგვარ დონეზე ამდენად საშინელი იყო ერთი ფეხბურთელისთვის. ზოგიერთ ეპიზოდში მეკარე ბრწყინვალედ მოქმედებდა და რთულ ბურთებს იგერიებდა. მაგრამ, ეს სამუდამოდ დარჩება ფინალად, რომელიც მეკარემ წააგო. ასეთი მატჩების შემდეგ, გონს მხოლოდ უძლიერესები მოდიან”.

Marca – მანქანა, რომელიც გამარჯვებებს ბეჭდავს

“რეალი” არ არის მხოლოდ ერთი უბრალო გამარჯვებული, ამ გუნდმა მეცამეტედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ეს თავის სტილში გააკეთა: შრომით, დიდი წინააღმდეგობით, “ლივერპულის” შეტევების შეჩერებით და ამის შემდეგ, ვარსკვლავზე დროულად ასვლით. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავი გახდა გარეტ ბეილი, რომელმაც გაამარჯვებინა კიდეც გუნდს. “რეალი” გადაიქცა მანქანად, რომელიც მოგებებს ბეჭდავს. გუნდი აგრძელებს თავის კოსმოსურ ფრენას, ზიდანი კი ახალი ისტორიას შექმნას”.

AS – სამუდამო ჩემპიონი

“სამუდამო ჩემპიონი – ასეთია “რეალი” მას შემდეგ, რაც ევროთასებზე გამოსვლა დაიწყო. ერთგვარი ნოვატორი, რომელმაც შეცვალა მუსიკა, მაგრამ სიტყვები იგივე დატოვა. ამ გუნდს შეუძლია მოთმენა, ლოდინი და შემდეგ შედეგის მიღწევა თავისი გამოცდილების წყალობით. “ლივერპულთან” მატჩში “რეალი” გონებით მოქმედებდა. კლოპის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ – იყო ცივი, როგორც ყინული. ეს გუნდი – საუკეთესოა არა მხოლოდ წელს, არამედ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ის ლეგენდა გახდა, ლეგენდებს კი, ხანდახან, ახსნა არ მოეძებნებათ.
ეს მატჩი დიდი ხანი დარჩება გონებაში, განსაკუთრებით დაამახსოვრდება ის ლორის კარიუსს, რომელმაც ორი შეცდომა დაუშვა და დაამახსოვრდება “ლივერპულს”, რომელიც მიხვდა, რომ ლეგენდების წინააღმდეგ წამალი არ არსებობს”.

SPORT – სასაცილო ფინალი

კატალონურმა გამოცემამ კარიუსის შეცდომების გამო ფინალს სასაცილო უწოდა.

“ლივერპულის” მეკარე ფინალის ანტიგმირი გახდა. ის გაშვებული სამი გოლიდან ორშია დამნაშავე. პირველ შემთხვევაში შეიძლება უიღბლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ბეილის გოლის შემთხვევაში, მას ხელს არავინ უშლიდა იოლი დარტყმის მოგერიებისას“.

წყარო: 1tv.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018