დღის ახალი ამბები

გარდაიცვალა სოსო ჯაჭვლიანი

გარდაიცვალა სოსო ჯაჭვლიანი
8-02-2024, 13:25

65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.
სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა.
არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.





გაზიარება
მოინახულეს 715-ჯერ
კომენტარები
რეკლამა