დღის ახალი ამბები

„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება

„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება
21-11-2023, 22:38

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე იაშვილი ეროვნული ნაკრების პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გარშემო არსებულ ვითარებას განცხადებით ეხმაურება და ბოდიშს იხდის.

მისი განმარტებით, „კონკრეტულმა პირმა დაუშვა ადამიანური შეცდომა“, რისთვისაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. 
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
მანამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამი ყვითელი ბარათის გამო კვარაცხელია მომდევნო მატჩს გამოტოვებდა. 
კვარაცხელიამ ყვითელი ბარათები შესარჩევ ციკლში ესპანეთთან, შოტლანდიასთან და ისევ ესპანეთთან (სტუმრად) მიიღო. უეფას რეგლამენტის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული დისკვალიფიკაცია პლეი-ოფის რაუნდზეც გადადის. 
საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში ორ დაპირისპირებას გამართავს და ორივეში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

წყარო : newshub.ge





გაზიარება
მოინახულეს 430-ჯერ
კომენტარები
რეკლამა