ლევან ყენია: “სტადიონზე ფეხბურთს ვერ ვუყურებ”

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 15-აპრ, 20:369 Sportnews 2204


ქართულმა გამოცემამ "მსოფლიო სპორტმა" ინტერვიუ ჩაწერა გერმანიაში მყოფ ლევან ყენიას , ინტერვიუ ძალიან საინტერესოა და ლევან ყენიას მდგომარეობას ეხება , რომლის დაბრუნებას ქართველები უკვე წელიწად ნახევარი ელის, მაგრამ იგი ტრავმებმა გააწამეს , რაც დიდი ტკივილია, როგორც მისთვის ასევე მისი გულშემატკივრებისთვის.

დამაჩქარეს!



- ჯერ ჯანმრთელობაზე. თითქმის თვენახევარია, რაც ოპერაცია გაიკეთეთ. რა მდგომარეობა გაქვთ?

- დამაიმედებელი სიტუაციაა. აუზზე დავდივარ და ტრენაჟორებსაც ნელ-ნელა “ვეპარები”. ჯერ ძალიან ადრეა თამაშზე ფიქრი. ყავარჯნებიც არ გადამიგდია ბოლომდე.

- ექიმები რას გეუბნებიან?

- “შალკეში” ახალი ექიმი მოვიდა, საკმაოდ კვალიფიცირებულია. საფუძვლიანად გამსინჯა და მითხრა, ამგვარი ტრავმა ფეხბურთელებში პირველი არაა და მოურჩენელი არაფერი გჭირსო. მეც იმედიანად ვარ.

- და თუ ყველა პროცედურა ნორმალურად წარიმართება, როდის შეგეძლებათ ვარჯიშის დაწყება?

- რაც მთავარია, არ უნდა ავჩქარდე. წელიწადნახევარი გამიცდა და ნაადრევად დაწყება ცუდ შედეგს მოიტანს. წესით, აგვისტო-სექტემბერში შემეძლება ვარჯიში, ხოლო ოქტომბერ-ნოემბრიდან თამაშსაც დავიწყებ.

- და მაინც, რა იყო ასეთი ტრავმის მიზეზი? რა დაასკვნა ექიმმა?

- შარშან ზაფხულში ოპერაცია რომ გავიკეთე, ნაადრევად დამაწყებინეს ვარჯიში. არასწორი რეაბილიტაციის ბრალიაო, მითხრა ექიმმა. დამაჩქარეს... დიდი შეცდომა დავუშვი, არ უნდა დამეწყო მალე ვარჯიში.

- ეს თქვენი შეცდომა იყო?

- ერთის მხრივ, ჩემიც. არ უნდა დამეჯერებინა მწვრთნელისთვის, რადგან ვატყობდი, ბოლომდე მოშუშებული არ ვიყავი. ახლა უკვე მეცოდინება და მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ.

- წლეულს იანვარში, თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად ვარჯიშობდით და მაშინ გაგიმიზეზდათ კოჭი...

- არ ვიყავი მზად და იმიტომ. არადა, მაჩქარებდნენ. თურქეთში ვარჯიშებისას მეგონა, თითქოს ქუსლებით დავრბოდი. ტკივილმა რომ არ მომასვენა, ვთქვი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი. კოჭი მოღრეცილი მქონდა, საშინელ დღეში იყო, შეხედვისა მეშინოდა. 4 ნაწილი მქონდა დაზიანებული.

- ისე, გულგატეხილი ხომ არ ხართ?.. უელსელი გარეთ ბეილი ჯერ 21 წლისაა, მაგრამ ორჯერ გაუცდა დიდი დრო – ჯერ წელიწადი, მერე წელიწადნახევარი, თუმცა როგორ ათამაშდა, ყველა ხედავს...

- მეც ამის იმედი მაქვს. მადლობა ღმერთს, გვერდში მიდგანან ადამიანები, რომლებმაც ფეხბურთისთვის თავის დანებება გადამაფიქრებინეს.



ფეხბურთში დედ-მამამ დამტოვა



- ვინ გამხნევებთ ყველაზე მეტად?

- დედა და მამა. ისინი რომ არა, უკვე დიდი ხნის წინ ჩამოვიდოდი თბილისში და სხვა საქმეს დავიწყებდი. რა თქმა უნდა, სხვებიც მამხნევებენ. თუნდაც ბიძა, ნათესავ-ახლობლები და მეგობარი გოგონა. ის ქართველი არაა. და მაინც, დედ-მამა ყველაზე მეტად მიდგანან გვერდში.

- “შალკეს” ფეხბურთელებისგან თუ გრძნობთ თანადგომას?

- არა, ეს საქართველო არაა... აქ ორ დაშავებულ ფეხბურთელს ახსენდება ერთმანეთი. აი, ძალიან გაწვალდა “შალკეს” მარცხენა მცველი კრისტიან პანდერი. არადა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას რომ ვუყურებ, ფსიქოლოგიურად ძალიან გამართულია და სჯერა, რომ მაინც ითამაშებს მაღალ დონეზე. სულ ტრავმებშია პანდერი და მეცოდება. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ იღბალი არ გაქვს, შორს ვერ წახვალ. ამაში დავრწმუნდი.

- “შალკეს” გმირობაზეც ვთქვათ – გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. რა ემოცია სუფევს გელზენკირხენში და როგორი იმედით უყურებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრებს?

- ჩემთვის უარესი ტანჯვაა, ასეთი მატჩები რომ მიცდება. ჩემპიონთა ლიგაში რომ არ ვიყოთ და მხოლოდ ბუნდესლიგის რიგით მატჩებს ვატარებდეთ, კიდევ როგორმე ავიტანდი... ენით ვერ გადმოვცემ, ისე მწყდება გული... გელზენკირხენში კი ნამდვილი ზეიმია. “შალკე” არც “ვალენსიასთან” და არც “ინტერთან” არ ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ ორივე გამოაგდო და ნახევარფინალს იმედიანად უყურებენ. თანაც, ფსიქოლოგიური მომენტია – “შალკეს” დიდი ვალდებულებები არ აკისრია, მანჩესტერელებისთვის კი ტვირთია. მოკლედ, ნახევარფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.



უბრალოდ, რაული...



-  ფელიქს მაგათის ნაცვლად, “შალკეში” მწვრთნელად რალფ რანგნიკი დაინიშნა. შეხვდით მას?

- დიახ. როცა რანგნიკი გუნდში მოვიდა, ყველანი ვიყავით შეხვედრაზე. ჩემთან კონკრეტული საუბარი არ ჰქონია, მაგრამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. გადმოცემითაც ვიცი, რომ კარგი სპეციალისტი და ადამიანია.

- “ხუმარების” გულშემატკივრებს გაუხარდათ რანგნიკის მოსვლა?

- დიახ. ინტელიგენტი კაცია, არც ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეშლება და არც ფანებთან. თან, მაგათისგან განსხვავებულ, გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და ეს ჩემთვის ძალიან კარგია. რანგნიკმა “ინტერთან” მატჩებში ისეთი ფეხბურთელები დააყენა, რომლებიც მაგათს რეზერვში ჰყავდა. საერთოდაც, რა შედარებაა თამაშის სტილში – “ინტერთან” რომ “შალკემ” ფეხბურთი ითამაშა, რაც აქ ვარ, ასეთი არ მინახავს. ვუყურებდი და მიკვირდა, ეს ის “შალკე” იყო, მაგათის დროს რომ თამაშობდა-მეთქი?

- რაულზე ცალკე რომ არ გკითხოთ, არ იქნება. რას იტყვით რაულზე – როგორც პიროვნებაზე?

- ძალიან სასიამოვნო ადამიანია. აი, როგორსაც ტელევიზორში ხედავთ, ისეთია. მეც როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ის პიროვნებაა.   

- უბრალო, ხომ? ამბობენ, ავტოგრაფების დარიგებაზე უარს არასოდეს ამბობს და ქუჩაშიც ისეთი ტანსაცმლით დადის, სულ ვერ შეატყობ, რომ ამხელა ვარსკვლავია და დიდძალი ფული აქვსო. ასეა?  

- დიახ, ზუსტად ასეთია. უშუალოა და არასოდეს იყურება ზემოდან. მე მხოლოდ ორი კვირა მქონდა მასთან კონტაქტი, როცა თურქეთში ვიყავი შეკრებაზე. აბა, ისე გუნდთან ერთად არ ვარ.



ნეტავ, რაკიტიჩის სახე დამენახა



- თამაშებს ესწრებით სტადიონზე?

- არა, არ შემიძლია. რომ ვერ ვთამაშობ, საშინლად განვიცდი. “ინტერთან” ვიყავი, ისიც ძალით წამიყვანეს... პირველ ტაიმს გავუძელი, წამოვედი და ტელევიზორში გავაგრძელე ყურება.

- ახლა საქართველოს ნაკრებზეც – წარმოგვიდგენია, რა დღეში იყავით ხორვატიასთან მატჩის დროს.    

- ნაკრების თამაშებისას სახლში, ოთახში მაქვს “ვიპ-ლოჟა” და არანორმალურად ვქომაგობ ხოლმე ჩვენს ბიჭებს. ხორვატიასთან გოლი რომ გავიდა, სკამიდან გადმოვვარდი. თამაში რომ დამთავრდა, მაშინვე ვინატრე, ნეტავ, ივან რაკიტიჩის სახე დამანახა-მეთქი... ის ხომ ჩემთან ერთად თამაშობდა “შალკეში” და სულ მეუბნებოდა, თქვენ რა გუნდი გყავთ, უეჭველად ორივე თამაშს მოგიგებთო. ისე, ძალიან ტრაბახობდნენ ხორვატები, თბილისში ჩამოსვლისასაც სულ იცინოდნენ, რაღაც  ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ.

- ბუნებრივია, “შალკეზე” არანაკლებ, საქართველოს ნაკრებში გაცდენილ მატჩებზე გწყდებათ გული...

- ასეა. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშს, მაგრამ ვიცი, რომ ოქტომბერ-ნოემბრამდე არ გამოვა და არც ვჩქარობ. ძალიან მეწყინა, ისრაელთან რომ წავაგეთ. შეგვეძლო თუნდაც ფრედ თამაში, მაგრამ... მომწონს ჩვენი ნაკრების თამაში, შედეგიც აშკარაა და არაა გამორიცხული, მაინც მოვხვდეთ ფლეი ოფში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 16 აპრილი 2011 00:21
აუ მაგრად მწყდება გული სასექტემბროდ მაინც მორჩეს შესარჩევსში დაგვეხმაროს იქნებს :(
Sportnews 15 აპრილი 2011 20:37
ძალიან საინტერესო ინტერვიუა და ამიტომ გადავწყვიტე აქაც დამედო , ამ ფეხბურთელის მჯერა, არასდროს დამავიწყდება ამის თამაში შოტლანდიასთან, კაი ამბავია, რომ შალკეში ახალი ექიმი მივიდა და უმკურნალებს და არ დააჩქარებენ სანამ ბოლომდე არ იქნება მზად .
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი