სრული აურზაური!

საქართველო 19-მაი, 21:179 Sportnews 1966


როგორც გუშინ გამცნეთ ეროვნულ ჩემპიონატში ახალი რეგლამენტი შესახებ , დღეს "მიხეილ მესხზე" გამართულ შეკრება ახალი რეგლამენტის თაობაზე სრული კამათით ჩაიარა.

გასაკუთრებით იკამათეს ერთმანეთში საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ელია კოკაიამ , კოკაიამ გააკრიტიკა ახალი რეგლამენტი , მისი განცხადებით არ შეიძლება რეგლამენტის დადგენა ჩემპიონატის დასრულებმადე და ასევე საქართველოში არ არის ამდენი გუნდი , რომლებმაც წესით უმაღლესი ჩემპიონატის პირობებს დააკმაყოფილებს , აქვე გთავაზობთ სრულ დიალოგს , რომელიც "მიხეილ მესხზე" გაიმართა.

დომენტი სიჭინავა: “ბევრი საუბრობს, რომ ეს პროექტი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ფედერაციას ცხინვალის “სპარტაკის” დატოვება სურს. არავინ იცავს “სამტრედიასა” და “სპარტაკის” პოზიციას. ეს გუნდები უმაღლესი ლიგიდან ვარდებიან, მაგრამ მათ მოუწევთ გადათამაშებაში მონაწილეობა, პირველ ლიგაში მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფ კლუბებთან. სახელმწიფოსთან მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. სამი სტადიონის საფარი სახელმწიფოს დახმარებით 2011 წელს დასრულდება. 2012 წელს კიდევ ორი სტადიონის საფარი დაიგება. პლუს, კომპანია “სოკარმა” კიდევ ორი მოედანი უნდა გააკეთოს და გამოდის - შვიდი. უეფას დახმარებით კეთდება “მიხეილ მესხი”. დასრულდა “ვიტ ჯორჯიას” სტადიონი. საერთო ჯამში, 17 სტადიონი გვექნება კარგი მინდვრის საფარით”.

ილია კოკაია: “მერე 2012-ში გაგეკეთებინათ ეს პროექტი, მოედნებს რომ ჩაიბარებთ. სულ ორი სტადიონია საქართველოში. დანარჩენი ყანაა ზუგდიდიდან დაწყებული, ბოლნისით დამთავრებული”.

სიჭინავა: “2011-ში ხუთ მოედანს გავაკეთებთ. ახლა მთელი ტექნიკა, რომელიც ნაკრების ბაზაზეა, ქუთაისში წავა მოედნის გასაკეთებლად. ზუგდიდი ყანაა, დავთესავთ იქ რაღაცას და ბიზნესს გავაკეთებთ”.

“დამერწმუნეთ, მოედნების კეთების დიდი გამოცდილება გვაქვს და ორ თვეში მოედანს ვერ გააკეთებთ” – მიმართა კოკაიმ “ტორპედოს” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი პაპიაშვილს.

კოკაიას მხარი დაუჭირა თბილისის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა: “ორი ტურით, თუნდაც ოთხი ტურით ადრე, ამის თქმა მიზანშეწონილი არაა. თუ გინდათ 16-მდე გავზარდოთ გუნდების რაოდენობა, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს”.

კოკაია: “გასაბერი მოედნები არ გვაქვს? დასაბანი წყალიც ვატაროთ. პოსტფაქტუმ ჩაგვაყენეთ ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩემპიონატი დამთავრებული არ იყო. ბოლნისში გავიგეთ ეს ამბავი. “სიონს” მოტივაცია არ ჰქონდა და ისე გვეთამაშა. ბოლოს თქვეს - რას ვიკლავდით თავს, ან ფეხებს რას ვიმტვრევდით თუ მაინც ვრჩებოდითო?”.

სიჭინავა: “მაშინ, გავაკეთოთ როგორც თქვენ გინდათ და დავარქვათ ილია კოკაიას ფედერაცია”.

კოკაია: “მე ჩემს აზრს გამოვხატავ. მაშინ მესამე კარი დააყენეთ სტადიონზე და მსაჯებს უთხარით თამაში 10 წუთით ადრე დაამთავრონ, არ რამე მოიგონონ. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემპიონატს ერთი რეგლამენტით ვიწყებთ და მეორეთი ვამთავრებთ. რეგლამენტს ცვლით, რაც დაუშვებელია”.

სიჭინავა: “არის პროექტი, გვინდა დავილაპარაკოთ და გადაწყვეტილება გამოვიტანოთ”.

კოკაია: “დაგებარებინათ კლუბები, ჯერ უმაღლესი ლიგის, მერე პირველი ლიგის და გვემსჯელა. ჩემი აზრი ხომ არ არის გადამწყვეტი, აქ 27 სუბიექტია წარმოდგენილი და იქნებ 26 ჩემს წინააღმდეგია. მე არ მინდა ოპოზიციონერის როლში ყოფნა. ფეხბურთის ფედერაციას რომ დავუპირისპირდე, მე უნდა წავიდე ფეხბურთიდან და არა ფედერაცია. თუ კარგი გვინდა, მოედანზე უნდა ვითამაშოთ და არა ყანაში. უთხარით სახელმწიფოს, გააკეთოს მოედნები და რეგლამენტი მერე შევცალოთ”.

სიჭინავა: “ეს სპონსორები უკვე გამოჩნდნენ...”.

კოლეგებს მხარი დაუჭირა თბილისის “ლოკომოტივის” გენერალურმა დირექტორმა უჩა ნებირიძემ: “შარშან, “ლოკომოტივს” სტადიონიც ჰქონდა, სავარჯიშო ბაზაც და სპონსორიც, მაგრამ ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო. წელს რომ გადმოდიან გუნდები, მათ ლიცენზია როგორ უნდა მიიღონ? ორი წლის წინ, “მიხეილ მესხის” დირექტორმა გივი ჭანტურიძემ კონტრაქტი შეგვიწყვიტა, სტადიონზე რეკონსტრუქცია იწყებაო. თან, გვითხრა სიჭინავამ მიბრძანაო. “ვიტ ჯორჯიასაც” უნდოდა ამ სტადიონის იჯარით აღება, მაგრამ მასაც უარი უთხრეს”.

ნებიერიძეს “ვიტ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მალხაზ კაკაურიძე შეეპასუხა: “ხალხს შეცდომაში ნუ შევიყვანთ. სტადიონი მერიის საკუთრება იყო და იჯარა მერიის ბრძანებით არ გაფორმდა. მითუმეტეს, სტადიონს უსაფრთხოების სერთიფიკატი არ ჰქონდა და იჯარა როგორ გაფორმდებოდა”.

სიჭინავა: “ლოკომოტივის” სპონსორი ფედერაცია იყო. საგურამოს ბაზის აშენებაში თანხა ფედერაციამ და უეფამ ჩადო. რა პარტნიორები ხართ, როცა სხვებს ოთხჯერ მეტი აქვთ დახარჯული. 2009 წლის 1-ელ ნოემბერს შევედი ფედერაციაში და მე როგორ ვუბრძანებდი ვინმეს კონტრაქტის არგაგრძელებას. 18 მილიონი ვალი დამხვდა და შენობაში შუქი არ გვქონდა. სანამ დღის შუქი იყო, ვცდილობდით, საქმის გაკეთება მოგვესწრო. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს და “მიხეილ მესხი” ფიფა-უეფას სტანდარტების შესაბამისად გაკეთდება. მასზე ეროვნული ნაკრების გარდა, ყველა ასაკობრივი ნაკრები ითამაშებს”.

კოკაია: “10 პროცენტიც რომ ჰქონდეს, მაინც პარტნიორად ჩაითვლება. რამდენი ხანი უნდა ვისმინოთ, რა დაქცეული მიიღეთ ფედერაცია და როგორ ააღორძინეთ. მიიღეთ ეს ფედერაცია, ისეთი, როგორიც არის და ხმას ნუ უწევთ”.

სიჭინავა: “ეგ ვინმეს უთხარით ზესტაფონში, ეს ჩემი სახლია და როგორც მინდა, ისე ავუწევ. 90 პროცენტი მიჩვეული ხართ ტყუილების ლაპარაკს”.

კოკაია: “ჩემი სახლიცაა. კონკრეტულად ვინ შეადგენს ოთხმოცდაათ პროცენტს?”

როდესაც კამათმა მწვავე ხასიათი მიიღო, მასმედიის წარმომადგენლებს საპრესკონფერენციო დარბაზი დაატოვებინეს, მაგრამ მინებს მიღმა ნათლად ჩანდა, რომ კოკაია მთელი ორი საათის განმავლობაში სიჭინავას და არა მარტო მას ოპონირებდა. რამდენიმეჯერ “ზესტაფონის” პრეზიდენტი და კაკაურიძეც შეკამათდნენ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ახალ პროექტს მხარს უჭერდა.

დარბაზში ხმის აწევა რევაზ არველაძესაც მოუწია: “საქმეზე ვილაპარაკოთ და აღარ გვინდა ეს კამათი. მაშინ, ავდგეთ და ვიჩხუბოთ სამი-სამზე ან ხუთი-ხუთზე. თქვით, ვისაც ეს პროექტი მოგწონთ და ვისაც არ მოგწონთ ისიც თქვით. ჩემთან ან სიჭინავასთან კაბინეტში კი ნუ იტყვით. აქ თქვით, ეს არის სიმართლე. მერე ილოს კი ნუ ეტყვით ცალკე, არ მომწონსო”.

დარბაზიდან დროებით გამოსულმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მასმედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“უკეთესი იყო ახალი პროექტის შესახებ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გვემსჯელა, რადგან ზოგიერთი გუნდი უკვე მოტივაციის გარეშე თამაშობს. ახალ პროექტს იმ შემთხვევაში მივესალმები, თუ დამატებულ გუნდებს ინფრასტრუქტურა ექნებათ. როდესაც ხედავ, რომ დღესდღეობით, უმაღლეს ლიგაში კლუბებს შესაბამისი პირობები არ აქვთ, ყანაში  კიდევ უფრო მეტად თამაში აღარ გვინდა. თუ გუნდებს ელემენტარული პირობები არ ექნებათ, ამ შემთხვევაში, ეს ფეხბურთის განვითარება კი არაა, არამედ, უბრალოდ, გუნდების დამატება. ჩვენ გვინდა ხარისხი. თუ ამ პირობებში ახალი პროექტი მაინც განხორციელდება, ბუნებრივია, ჩემპიონატს პროტესტის ნიშნად არ დავტოვებთ, მაგრამ ეს ცუდი იქნება ფეხბურთისთვის. გუნდების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს, რომ კლუბებმა წარმოადგინონ საბანკო გარანტიები ან რომელიმე კომპანიების თავდებობა. მე ვფიქრობ, ჩემპიონატის ჩასატარებლად აუცილებელი არაა რთული სქემის მოგონება. დარბაზში, მაგალითად ბელგიის ჩემპიონატი მოიყვანეს. არსებობს უფრო მაღალი დონის და დახვეწილი ჩემპიონატებიც”.  

საბოლოოდ, დარბაზში კამათი შეწყდა, რასაც საფუძველი იმ ფაქტმაც დაუდო, რომ შეკრებილთა უმრავლესობა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ბორის სიჭინავას დაკრძალვაზე მიეშურებოდა. კოკაიამ და სიჭინავამ მცირე ხანი კიდევ ისაუბრეს, ოღონდ, გაცილებით უფრო მეგობრულად და დარბაზიდანაც ერთად გამოვიდნენ.

კოკაია: “მე წინააღმდეგი ვარ ამ პროექტის, რადგან მომზადებული არაა. პროექტს დამუშავება სჭირდება. კლუბებს უჭირთ და 12 გუნდის სათამაშო მოედნებიც არ გვაქვს. მეორე საკამათო თემა ისაა, თუ რამდენად გამართლებულია სეზონში 44 თამაშის ჩატარება. ამის შესახებ კონსულტაცია სპეციალისტებთან უნდა გავიაროთ. რეგლამენტის შეცვლა დაუშვებელია. ახალი რეგლამენტი უნდა მივიღოთ. როდის? როდესაც დავინახავთ, რომ 12 სტადიონი გაკეთდა, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება, ამ პროექტს მხარს მაშინ დავუჭერთ. რაც მეტი გუნდი იქნება საქართველოს ჩემპიონატში, უფრო უკეთესი. დაძაბული ურთიერთობა არავისთან გვსურს. ჩვენ გვტკივა ქართული ფეხბურთი, ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე. კამათი და ჩხუბი იქნება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია”.

სიჭინავა: “ეს პროექტი უკვე ერთი თვეზე მეტია მომზადებულია. ველოდი რომ წინააღმდეგობა იქნებოდა. კმაყოფილი ვარ, რომ ხალხს აწუხებს ქართული ფეხბურთის ბედი. აღმასკომს დაევალება შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც პროექტს დაამუშავებს, რათა არ დაირღვეს ფიფა-უეფას კანონმდებლობა. ორშაბათს ან სამშაბათს კიდევ შევხვდებით კლუბების წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოედნების გასაკეთებლად თანხებს გამოჰყოფს. ჩემი ამოცანაა, რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო გეოგრაფიას ზრდის. რეგიონებში უფრო მეტი გულშემატკივარი დადის. სამწუხაროდ, “დინამოს” თამაშს მხოლოდ 500 გულშემატკივარი ესწრება. სამტრედიაში, ფოთში, ზესტაფონში, ქუთაისში, 5000-10000 გულშემატკივარი დადის. 99,9 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ოთხი ახალი სპონსორი გამოჩნდება, მაგრამ რომელ კლუბებს ჩაუდგებიან სათავეში, ცნობილი არაა. ეს ქართული კომპანიებია. თუ ადრე 200000 ლარი იყო საპრიზო ფონდი, ახლა მინიმუმ 1000000 ლარი იქნება. უკვე გადაწყვეტილია და ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს, რომ კლუბებს დიზელის საწვავი მისცეს, რათა გუნდებს თამაშზე წასვლის პრობლემა არ შეექმნათ. უმაღლეს ლიგაში ეს 100 პროცენტით გადაწყვეტილია და გვინდა, იგივე პირველი ლიგის კლუბებსაც გავუკეთოთ. გარდა ამისა, გვსურს რაიონებში ვნახოთ სასტუმროები, სადაც მისაღები ფასი იქნება და იქ ცხოვრების ერთი დღე გუნდებს ფედერაციამ აუნაზღაუროს”.

“მსოფლიოს სპორტის” კითხვაზე, თუ რატომ არ გააგებინეს ბეჭვდური მედიის წარმომადგენლებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტი გუშინ ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებდა, სიჭინავამ უპასუხა: “ეს ჩემი პრეროგატივა არაა და პრესსამსახურის საქმეა. მე ჟურნალისტებთან ყოველთვის გახსნილი ვარ”. პრეზიდენტის თანაშემწე თათია ბურდულმა მომხდარი იმით ახსნა, რომ სიჭინავას ნათქვამს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდიც გაავრცელებდა და ბეჭვდური მედიის წარმომადგენლების ინფორმაციის მიღებას აქედან შეძლებდნენ. თუმცა, საკითხის ასე დაყენება მიუღებელია, რადგან ჟურნალისტს უნდა აცნობონ, როდესაც მსგავსი რამ ხდება და შერჩევითი პრინციპით მოქმედება მიუღებელია.

ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტის თაობაზე, “მსოფლიო სპორტმა” აზრი კლუბების წარმომადგენლებსაც ჰკითხა.

გიორგი პაპიაშვილი: “გუნდების რაოდენობის გაზრდა მისაღებია, თუ კლუბები სრულად უზრუნველყოფილი იქნებიან და არ შეიქმნება საშიშროება, რომ სეზონს ვერ ჩაამთავრებენ”.

მალხაზ კაკაურიძე: “პროექტს გავეცანით და ვფიქრობთ, დაძაბული ჩემპიონატი იქნება. მითუმეტეს, საპრიზო ფონდი მილიონი ლარია და უარი არ უნდა ვთქვათ. არ მგონია, რომ გუნდებმა ვერ დაასრულონ ჩემპიონატი, რადგან სპონსორები კიდევ გამოჩნდებიან. რაოდენობის გაზრდა ნაადრევი არ მგონია, რადგან ბოლოს მაინც აქეთ უნდა წავიდეთ”.

დიმიტრი სანაკოევი (ცხინვალის “სპარტაკის” პრეზიდენტი): “ბუნებრივია, ჩვენი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს პროექტი მისაღებია. არ მგონია, რომ სპორტული პრინციპი დაირღვეს, რადგან გადათამაშებაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა, გუნდების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, კლუბებს მინიმუმ სამწლიანი პროგრამა უნდა ჰქონდეთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურა შექმნან”.   

ნუგზარ ლომთაძე (ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორი): “ჩვენი პოზიცია ახალ პროექტთან დაკავშირებით პრინციპულად დადებითია. ფეხბურთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რაიონებში მისი მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს. ფეხბურთი მხოლოდ რამდენიმე დიდი ქალაქის თამაში არ უნდა იყოს. რაც მეტი გუნდი ჩაერთვება, კონკურენცია მეტი იქნება. როგორც შევიტყვეთ სახელმწიფო ფედერაციის და კლუბების დაფინანსებას ზრდის. ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს ფეხბურთის განვითარებაზე”.

ხვალ, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელზეც მომავალი ყრილობის თარიღს დაადგენენ და ეროვნულ ჩემპიონატში სადისციპლინო სასჯელების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 20 მაი 2011 01:36
მე ვუჭერ მხარს ფედერაციის გადაწვეტილებას. ფინანსური გარანტიები ყველამ უდნა წარადგინოს თორე ამ ვითომ მოედნებზე და ბენზინის ფული არ გვაქ და აშე შემდეგ ყელში ამოვიდა რა, თუ არ აქვთ შეძლება და არ უდნათ გაანებონ ამ საქმეს თავი თუ არადა ნება იბოძონ და დაყვენ ფედერაციის ნებას!
FCB 20 მაი 2011 00:46
მე იმის აზრს ვერ ვიგებ რატომ არიან ასეთ შეკრებებზე გუნდის პრეზიდენტები და რატომ ეკითხებიან აზრს? რა თქმა უნდა ის გუნდი რომელიც ვარდება იტყვის კარგი აზრიაო რომ ლიგაში დარჩეს..

თუ მაინც და მაინც გაჭირდა უბრალოდ წარმომადგენლები უნდა გაუშვან მარტო ამბის მოსატანად.. ფედერაცია იმიტომაა რო თვითონ გადაწყვიტოს თორე მაშინ პრეზიდენტების შეკრებას არაფერი უნდა..
slim4you 19 მაი 2011 22:02
მაგარი უაზრობაა რა მოკლედ.
ეს პრეზიდენტი საერთოდ სულელი გვყავს, მე არაფრის იმედი არ მაქვს და თქვენი არ ვიცი
Sportnews 19 მაი 2011 21:18
დიდი სტატია , მაგრამ წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა , მე ყველაზე მეტად დინამოს გენერალური დირექტორის ზურაბ პოლოლიკაშვილის პოზიცია მომეწონა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი