ევროშესარჩევის ბოლო მატჩის მოლოდინში...

საქართველო 11-ოქტ, 08:269 Sportnews 3376


ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის წინ, მთელი დღე ხალხმრავლობა იყო „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე.

საბერძნეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, მედიასთან შესახვედრად ჯერ „ჯვაროსანთა“ მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია გამოცხადდა.

საბერძნეთიდან ჩამოსული ჟურნალისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის გამოჩენას საკმაოდ დადებითი ემოციებით შეხვდა და ყველა მათგანი პირადად, ხელის ჩამორთმევით მიესალმა ქეცბაიას.

პრესკონფერენციაზე ქეცბაიას ორ ენაზე მოუწია საუბარი. განსაკუთრებულად ბევრი შეკითხვა ბერძენი ჟურნალისტებისგან წამოვიდა:

„ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. საკმაო ხანია შეკრებაზე ვართ და მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ მატჩს. ნურავინ იტყვის, რომ ეს თამაში მხოლოდ ბერძნებისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენთვისაც არანაკლები მოტივაციაა, ამ თამაშის მოგებით ქულები შევიმატოთ და შესარჩევი ციკლი იმ ადგილზე მაღლა საფეხურზე დავასრულოთ, ვიდრე ახლა ვართ.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არანაირი რადიკალური ცვლილებები არ იქნება და იმ თამაშს ვითამაშებთ, რაც გამოგვდის.

სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისგან ახლა თავს შევიკავებ; მაგის დრო აუცილებლად გვექნება და პირობას გაძლევთ, არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დარჩება“ – განაცხადა ქეცბაიამ.

პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დაიწყო. ხანგრძლივი მოთელვისა და „კვადრატების“ შემდეგ, ქეცბაიამ ფეხბურთელები გრძელ გადაცემებში ავარჯიშა და ამით დაასრულა კიდეც.

ოდნავ მოგვიანებით, „მიხეილ მესხზე“ ბერძენთა ამალაც გამოჩნდა. საპრესკონფერენციო დარბაზში კი, ჟურნალისტებთან სასაუბროდ იუბილარი ფერნანდო სანტუში შევიდა.

ბერძენთა დამრიგებლის თქმით, მისთვის საუკეთესო საჩუქარი ხვალინდელ თამაშში წარმატების მიღწევა იქნება.

„ხვალინდელ თამაშში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს და მათაც სურთ შესარჩევი ციკლის გამარჯვებით დასრულება. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, რისკენაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად მივდიოდით“ – აღნიშნა სანტუშმა.

ბერძენთა ვარჯიში ღია იყო და საკმაოდ მხიარულ ვითარებაშიც წარიმართა. განსაკუთრებით, გუნდის ვეტერანები მხიარულობდნენ. სანტუში თითქმის არ ჩარეულა საწვრთნელ პროცესში და მხოლოდ შორიახლოს მიმოდიოდა ფიქრიანი სახით. მოთელვისა და კვადრატების შემდეგ, ბერძნებმა ორკარა ითამაშეს; შემდეგ, მცირე ხანს კიდევ გაჩერდნენ მოედანზე, ბერძენ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ და მათი ვარჯიშიც ამით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი 11 ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათზე, „მიხეილ მესხზე“ დაიწყება. მატჩის დაწყებამდე კი, საქართველოს ნაკრების ერთ–ერთ ლიდერსა და გამორჩეულ ფეხბურთელს – ლევან კობიაშვილს უეფას სპეციალური ჯილდო გადაეცემა ნაკრებში ჩატარებულ მეასე მატჩთან დაკავშირებით.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (165)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი