17-წლამდელების პირველი გამარჯვება მინსკის ტურნირზე

საქართველო 23-იან, 01:289 Sportnews 2079


საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, პირველი მატჩი გამართა მინსკის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე და მასპინძელთა ნაკრები 4:3 დაამარცხა.

საქართველოU17 - ბელორუსიU17 4:3 (1:2)

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, მელიქიძე (ცინცაძე 41), ნ.ჭანტურია (კაპ), სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, გოროზია, ახვლედიანი (მაჭავარიანი 71), პაპუნაშვილი (მესხი 41), წილოსანი, ჯიქია (დარციმელია 67)

მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

ბელორუსი: ფრანცკევიჩი, ნაზარენკო, გორბაჩიკი, მოროზოვი, კაბორდა, კორზუნი, მილევსკი (იაროცკი 27), კაპლენკო (ჟურნევიჩი 54), ვოდიანოვიჩი (მეტლიცკი 77), კუჩეროვი (აზერსკი 58), რასადკინი

მთ.მწვრთნელი - მიხაილ მარხელი

გოლები: ჯიქია (23, 54), რასადკინი (30 პენ, 71), კორზუნი (32), ახვლედიანი (62), მესხი (80)

გაფრთხილება: მილევსკი, კაპლენკო, მელიქიძე, ცინცაძე

მსაჯი: დმიტრი ლიპნიუკი (ბელორუსი)

მატჩის დაწყებამდე, ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შეხედრას გულშემატკივარიც მრავლად დაესწრო, თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას, მაინცდამაინც არ იგრძნობოდა, რომ მასპინძელთა გუნდი თამაშობდა, რადგან დარბაზი მშვიდად ადევნებდა თვალს შეხვედრის მიმდინარეობას. შეიძლება ითქვას, რომ მცირერიცხოვანი ქართველი გულშემატკივრების ხმა და შეძახილები უფრო მეტად ისმოდა. მატჩს, მინსკში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველ ფეხბურთელებს ყველა თამაშზე აქტიური მხარდაჭერა აღუთქვეს.

მატჩი კი, რომელიც პირველი სათამაშო დღის ყველაზე დრამატული და უხვგოლიანი აღმოჩნდა, ქართველთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო. მატჩის პირველივე წუთებზე, ჩვენი გუნდის გააზრებული შეტევა ჯიქიას დარტყმით დასრულდა; მეკარემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, რომელიც საჯარიმოს ხაზთან მყოფ წილოსანს მიუვიდა და მანაც ძლიერად დაარტყა. ძელი რომ არა, ალბათ, ანგარიში ამ დროს გაიხსნებოდა.

მაისურაძის გუნდს სადავეები არც ამის შემდეგ გაუშვია ხელიდან. ჯერ ახვლედიანის ძლიერად დარტყმული ასცდა მცირედით ბელორუსთა კარს; მომდევნო ეპიზოდში კი, პაპუნაშვილის დარტყმულს მეკარე ფრანცკევიჩი დაეუფლა. ბელორუსები ჩვენს ნახევარზე კი გადმოდიოდნენ, თუმცა, გადამწყვეტ ფაზამდე მისვლა უჭირდათ.

23-ე წუთზე კი, ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა: გიგა სამხარაძემ საჯარიმოში კარგი პასი გაუკეთა დავით ჯიქიას, რომელმაც ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო, ტრიალით კარგად დაუსხლტა მეურვეს და ნახევრად ვარდნაში მყოფმა აიღო მეტოქის კარი.

გაშვებული გოლის შემდეგ, მეტოქემაც „გაიღვიძა“ და ზედიზედ რამდენჯერმე საკმაოდ მწვავედ შეუტიეს ადამიას კარს. ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის დროს კი, როცა ბურთი ცენტრში დავკარგეთ, საჯარიმოში შეჭრილი თავდამსხმელი ჩვენმა მცველმა ფეხებში ვარდნით შეაჩერა და მსაჯის რეაქციამაც არ დაიგვიანა - პენალტი! თერთმეტმეტრიანი ზუსტად გლებ რასადკინმა შეასრულა - 1:1.

გატანილი გოლიდან ზუსტად 2 წუთში კი, მასპინძლებმა მეორე ბურთის გატანაც შეძლეს. გაშვებულის გოლის გამო დაბნეული ქართველები სანამ გონს მოვიდნენ, უკანა ხაზში დაშვებული მორიგი შეცდომის შემდეგ, კვლავ კონტრშეტევა გაგვეპარა და ბელორუსები უკვე ნიკიტა კორზუნმა დააწინაურა. მასპინძლებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ვასილ მაისურაძემ გუნდის შემადგენლობაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და მოედანზე აჩიკო მესხი და მათე ცინცაძე შეუშვა. ამ ცვლილებებმა აშკარად გაამართლა, რადგან ორივე მათგანმა თამაში აშკარად გაამწვავა.

ანგარიშის გათანაბრება 54-ე წუთზე შევძელით, როცა ცენტრიდან დაწყებული შეტევის შემდეგ, ახვლედიანისა და ჯიქიას ოსტატურად გათამაშებულმა „კედელმა“ ბელორუსი მცველები სახტად დატოვა; ჯიქიამ ბურთი საჯარიმოში შეიგდო და თითქმის დაწოლილ მეკარეს დასწრებაზე გაუტანა.

მესამე გოლი 62-ე წუთზე გავიტანეთ. ჭიაბერ ჭეჭელაშვილის პასის შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილმა ნიკა ახვლედიანმა თავის მეურვე მცველებსაც აჯობა და მეკარესაც და ჩვენი ნაკრების დაწინაურება შეძლო - 3:2.

თუმცა, სულ რამდენიმე წუთში, კვლავ დავკარგეთ ბურთი მოედნის ცენტრში და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ტემპს უფრო მოუმატა. მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ მასპინძლებზე მეტად მონდომებულები, სწორედ, ქართველი 17-წლამდელები იყვნენ. მატჩის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა, როცა მაჭავარიანის პასის შემდეგ, საჯარიმოში ბურთსშეყოლილმა მესხმა ძლიერად დაარტყა; ბურთი დარტყმის მოსაგერიებლად ჩაწოლილ მცველს მცირედით შეეხო და კარში შევარდა - 4:3.

მატჩის ძირითადი დროისთვის დამატებული 3 წუთი ბელორუსთა ქაოტურ შეტევებში გაილია და საფინალო სასტვენმაც ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი და ძალზე საჭირო გამარჯვება დააფიქსირა.

„ძალიან რთული მატჩი იყო. თამაშის სადავეები ჩვენ გვეჭირა და წესით, დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, თუმცა, უკანა ხაზში დაშვებული უაზრო შეცდომების გამო გავუშვით ის ბურთები, რამაც ამ თამაშის მოგება სანერვიულო გაგვიხადა. მიუხედავად ამისა, მე ბიჭების მადლობელი ვარ იმ ბრძოლიუნარიანობისა და შეუპოვრობისთვის, რაც გამოავლინეს და რისი წყალობითაც შევძელით სამი ქულის მოპოვება“ - განაცხადა მატჩის შემდეგ 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ.

დღის სხვა შეხვედრებში, ჩვენს ჯგუფში, ბელგიის ნაკრებმა დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა ლატვიის გუნდი და ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე იმყოფება. ასე რომ, 23 იანვარს, საქართველოს ნაკრებს, სწორედ, ბელგიასთან უმძიმეს და ურთულეს დაპირიპირებაში მოუწევს ჯგუფის პირველადგილოსნის ბედის გარკვევა. ჩვენს გუნდს, მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.

მეორე ჯგუფში, რუსეთმა 4:0 სძლია ფინეთს. უკრაინამ კი, 2:1 დაამარცხა ლიტვის ნაკრები. ჯგუფის პირველადგილოსანი, ბურთების უკეთესი სხვაობით, რუსეთის ნაკრებია.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ, 23 იანვარს, თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი