გადამწყვეტი მატჩი შოტლანდიასთანაა

საქართველო 01-ნოე, 21:469 Sportnews 1827


საქართველოს ნაკრებს ელიტრაუნდის საგზურის მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად ლუქსემბურგთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა და გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.

ორი ტაიმის განმავლობაში მინდორზე ქართველები დომინირებდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. ძალიან აქტიური იყო ნიკა ლაშხია, რომელმაც გოლიც გაიტანა და მარჯვენა ფლანგზე ვითარებას ხშირად ამწვავებდა. მას მხარი კარგად აუბა ილია კერძევაძემ, რომელიც მეტოქის მცველებს არ ასვენებდა. მშვენივრად ჩაერთო თამაშში ცოტნე მესხი და ლამაზი გოლიც მიითვალა.

ამის მიუხედავად, დაცვის ცენტრში უხეში შეცდომის დაშვების გარეშე არც განვლილ თამაშს ჩაუვლია და ლუქსემბურგელთა ფაქტობრივად ერთადერთი ხეირიანი შეტევა ოთარ გოშაძის კარში გატანილი ბურთით დასრულდა. შოტლანდიელებთან დასკვნითი მატჩის წინ ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია, რადგან ბრიტანელები ფლანგებიდან მეტოქეს ხშირად აწუხებენ და დასკვნით ფაზაში ცენტრალური ტანმაღალი მცველი რობი მერჰედი ძალიან სახიფათოა. სწორედ, მან მიითვალა პირველ მატჩში ლუქსემბურგთან ჰეთ თრიქი.

შეხვედრა 5 წუთის დაწყებული იყო, რომ ნიკა ლაშხიას მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, ბურთმა ხარიხასთან ახლოს გაიარა. მე-11 წუთზე ზარანდიამ ლამის მეტოქის ნახევარი გუნდი “მოატყუა”, მაგრამ შეტევა ხეირიანი დარტყმით ვერ დაასრულა. სამაგიეროდ, მე-15 წუთზე, მან თამაში კვლავ საკუთარ თავზე აიღო, 2 მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

ლუქსემბურგელები გოშაძის კარს პირველად 27-ე წუთზე დაემუქრნენ და კაი შვიცის შორეული დარტყმის შემდეგ, ქართველების მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 2 წუთში, ზარანდიამ მარცხნიდან კუთხური მოაწოდა და ჯემალ ტაბატაძის “მაკრატელა” არაზუსტი აღმოჩნდა. 35-ე წუთზე, კერძევაძემ ორ მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და საჯარიმოში შეღწევის შემდეგ, შორეულ “ცხრიანში” მოჭრილი დარტყმით გაიტანა.

55-ე წუთზე, ფრედერიკ ტილმა გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან გააკეთა და პიტ შუსის თავური არაზუსტი აღმოჩნდა. საპასუხო იერიშში ლუქსემბურგელთა საჯარიმოში გახსნილმა აკაკი შულაიამ პარტნიორმა დროულად მოძებნა და მარცხენა მახვილი კუთხიდან მიზანს ვერ უწია. 68-ე წუთზე, თენგიზ გოროზიას მახვილგონივრული დარტყმის მერე, ლუქსემბურგელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. 70-ე წუთზე, ზარანდია მარჯვენა ფრთაზე მეტოქეს ცრუ მოძრაობით გაცდა და ბურთი საჯარიმოში მყოფ ცოტნე მესხს გადააწოდა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვალენტინ რულსს ვერ აჯობა.

72-ე წუთზე, საჯარიმოს ფარგლებს გარედან კერძევაძის მიერ ძლეირად დარტყმული მეტოქის მეკარემ გაანეიტრალა. 3 წუთში, მესხმა თანაგუნდელისგან ძალიან კარგი გადაცემა მიიღო და კარიდან გამოსულ რულსს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 3:1. 79-ე წუთზე, მესხმა ლუქსემბურგელთა მეკარეს კერძევაძე შეატოვა, რომელსაც ბურთი კი გაექცა, მაგრამ ნახტომში მაინც დაარტყა და ვერ გაიტანა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ტილმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მარჯვნიდან ჩააწოდა და შუსმა, რომელიც ცენტრალურმა მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს, თავით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 4 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” შოტლანდიასთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ელიტრაუნდის საგზურს გაინაღდებს. თამაშის უგოლოდ დასრულების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე შოტლანდია გავა. თუ შედეგიან ფრე დაფიქსირდა, მაშინ, ქართველებს იმის იმედითღა დარჩებათ, რომ 13 შესარჩევ ჯგუფში 4 ქულით ორ საუკეთესო მესამედგილოსანს შორის მოხვდნენ.


გიორგი დევდარიანი: “წინა თამაშთან შედარებით ცვლილებები მოვახდინეთ. თავიდან ლაშხიას დავაწყებინეთ და შევეცადეთ, მესხის პოტენციალი მეტოქე რომ დაიღლებოდა, მაშინ გამოგვეყენებინა. მესხი არასათანადო ფიზიკური კონდიციების გამო თავის პოტენციალის რეალიზაციას ვერ ახდენს. ეს ის თამაში არ არის, რომლითაც შოტლანდიის ნაკრებს მოვუგებთ. ამ ასაკში ტურნირებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ამიტომ, ვამბობდი ცუდია, დიდი ხანია ტურნირი რომ არ უთამაშიათ-მეთქი. ფეხბურთელებს საერთაშორის თამაშების გამოცდილება არ აქვთ. ცენტრალური მცველების ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. მეორე თამაშია გოლები სულ ცენტრიდან გადის. შოტლანდიასთან თამაშის დროს, უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქე ფლანგებზე მაქსიმალურად შევზღუდოთ. იმის გარდა, რომ 3 ქულა ავიღეთ, გამარჯვებამ რწმენა შეგვმატა. იმედია, მე-3 თამაშს უფრო კარგად ჩავატარებთ”.
მარკ ბაუმი: “სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ლუქსემბურგის ასაკობრივი ნაკრებები ეროვნულის მსგავსად აუტსაიდერები არიან. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება. პირველ ტაიმში 2 გოლი გავიტანეთ და საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენზე კარგი გუნდია. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე იბრძოლეს. მათ ბოლო 10 წუთში ყველა რესურსი ამოწურეს, რაც გოლში აისახა”.


საქართველო (U17) – ლუქსემბურგი (U17) 3:1 (2:0)
1 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: გოშაძე, მალანია (კ), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ზარანდია, კერძევაძე, ხარაიშვილი (გოროზია, 65), გელაშვილი, ლაშხია (მესხი, 50), შულაია (პატარკაციშვილი, 77).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ლუქსემბურგი: რულსი, ვეიგა, პერეირა, ვარელა, ფლისი, ალვერდი (ბონერი, 80), საკრასი, მერში (შუსი, 57), პინტუ (კ) (მენგენი, 53), ტილი, შვიცი.
მთავარი მწვრთნელი: მარკ ბაუმი
გოლები: 1:0 ზარანდია (15), 2:0 კერძევაძე (35), 3:0 მესხი (75), 3:1 შუსი (80+3
გაფრთხილება: შულაია (12), მერში (29), მალანია (65), ფლისი (73)
მთავარი მსაჯი: ჯონი კაზანოვა (სან-მარინო)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
ethicaApparee 3 ნოემბერი 2012 16:16
http://vk.com/monkeystyles Вступайте!



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი