დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"

ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
3-10-2023, 13:08

გამოცემა „დიარიო ასმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას.

„ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში უკვე ჩაწერა. ოსიმენთან ერთად გასული სეზონის გმირი გახდა. მოედანზე შიშის გარეშე ხვდება ნებისმიერ მეტოქეს, მოედნის მიღმა კი მოკრძალებული და მორცხვი ბიჭია. კომპლიმენტებზე წითლდება. „კვარადონა“ გვესაუბრა მადრიდის „რეალთან“ პირველ შეხვედრამდე იმ გუნდზე, რომელსაც ბავშვობაში თბილისში, ტელევიზორში უყურებდა და ვისი დამარცხებაც ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა“, – წერს შესავალში „დიარიო ასი“.
– შენი სახე ნეაპოლის ყველა კუთხეშია გამოსახული.
– (იცინის) ამ ადამიანების სიყვარულს სახლიდან ყოველი გასვლისას ვგრძნობ და მათი მადლიერი ვარ, მათ გარეშე აქამდე ვერ მივიდოდით. ასეთი შეგრძნება ენერგიას გვმატებს. სასიამოვნო ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სტადიონსა თუ ქალაქში მივდივართ, ნეაპოლიტანელი ყოველთვის იღიმება და მზადაა, გაჩუქოს სიყვარული. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ.
– გასული სეზონი 14 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით დაასრულე.
– ეს იმიტომ შევძელი, რომ მოვხვდი შესანიშნავ გუნდში, სადაც გამორჩეული სამწვრთნელო შტაბი და პერსონალია. მარტო ასეთ სტატისტიკას ვერ მივაღწევდი, „ნაპოლიში“ ყველა მშვენივრად მუშაობს.
– შენ სამუდამოდ დარჩები მარადონას გარეშე მოპოვებული პირველი სკუდეტოს ერთ-ერთ გმირად.
– „ნაპოლის“ საჩემპიონო სვლას ხალხი თვეების განმავლობაში ზეიმობდა, მაგრამ ყველაფერს უფრო ცხადად მაშინ მივხვდი, აპრილში „იუვენტუსი“ რომ დავამარცხეთ. ნეაპოლში დავბრუნდით და „ტიფოზებმა“ გზა გადაკეტეს, ვერ ვიჯერებდი, რაც ხდებოდა. ავტობუსის სახურავზე ავედით და მათთან ერთად ვიზეიმეთ. მე საჩემპიონო ქუდი მეხურა, რომელსაც დღემდე ვინახავ.

– სკუდეტო პლანეტის ყველა კუთხეში იზეიმეს. კლუბის ახალი დევიზია „ვზეიმობთ ნეაპოლიდან მსოფლიოში“.
– გუნდის საერთაშორისო პოპულარობის ზრდა აშკარაა. ვგრძნობთ, რომ მთელ მსოფლიოში „ნაპოლის“ მიმართ ინტერესი გაზრდილია. გავედით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და გვაქვს ძალა, ევროპაში წინსვლა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.
– კრუიფმა თქვა, რომ ფეხბურთს ქუჩაში სწავლობენ. თქვენ ზუსტად ასე გააკეთეთ და, როგორც ჩანს, ეს სულისკვეთება დღემდე შეინარჩუნეთ.
– ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები ქუჩაში თამაშით ვიზრდებოდით და იგივე სტილი გვაქვს, როგორიც ბრაზილიელებს, ეს ეზოში თამაშით ყალიბდება. გუნდში ვარჯიშის დროსაც იმავეს ვაგრძელებდი. მერე ეზოში ვბრუნდებოდი და მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვთამაშობდი, რაც ძალიან მომწონდა.
– ქუჩის გავლით იტალიის ჩემპიონი და ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი გახდი.
– პატარა ქვეყნიდან ჩამოსულს ამ ყველაფრის წარმოდგენა მიჭირდა, მაგრამ ვგრძნობ, როცა მოედანზე სულს დებ, ამ მსხვერპლისთვის ჯილდოს იღებ. როგორც ყველა, მეც ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთი მოვიგო.
– როგორ ფიქრობთ, წელს ოქროს ბურთს ვინ აიღებს?
– ვფიქრობ, მესი.
– რომელია თქვენთვის გამორჩეული გოლი?
– „ატალანტასთან“ გოლი ძალიან კარგი იყო. „უდინეზესთან“ ბოლო მატჩშიც კარგი გამოვიდა.
– ამით დასრულდა უგოლო სერია, რომელიც მარტში დაიწყო.
– ფეხბურთელი ყოველთვის ვერ აკეთებ იმას, რასაც შენგან ითხოვენ. უნდა გააცნობიერო, ხელს რა გიშლის და ეს თამაშის გაუმჯობესებაში დაგეხმარება. კრიტიკაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გუნდის დახმარებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ამას გოლით ახერხებ თუ საგოლე გადაცემით, თუმცა, რა თქმა უნდა, გოლის გატანით მიღებული ემოცია მომენატრა.
– გოლებზე ვსაუბრობთ და გაუტანე ესპანეთს, რამაც, შესაძლოა, შენი კარიერა შეცვალა.
– მაშინ 19 წლის ვიყავი. მშვენიერი იყო ესპანეთთან გოლი ისეთ სტადიონზე, როგორიც თბილისის „დინამო არენაა“. მოგების შანსები გვქონდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ამ გოლმა საკუთარი თავის რწმენა მომცა. კარიერის შესაცვლელად ბევრი ასეთი თამაშია საჭირო, თითოეული მათგანი წინგადადგმული ნაბიჯია.

– ესპანეთის ნაკრებს ახლახანს დაუპირისპირდით და ძალიან მძიმე მარცხი განიცადეთ – 1:7.
– ეს ჩვენი დღე არ იყო, ფეხბურთში ასეთები ხდება. ვართ გუნდი, რომელსაც ნებისმიერთან თამაში შეუძლია და ამას ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან შეხვედრა არცერთ გუნდს გაუხარდება.
– „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის თამაშებს უყურებთ?
– რა თქმა უნდა. ის ჩემი მეგობარია. გიორგი ძალიან ნიჭიერია და უმაღლესი პროფესიონალი. მე მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ვთვლი.
– ისტორიული დღე ახლოვდება. მადრიდის „რეალი“ „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ ჩამოდის.
მე გავიზარდე „რეალის“ ყურებით და ახლა ისინი ჩვენს სტადიონზე ჩემი მეტოქეები არიან. შეუძლებელია, ამით ბედნიერი არ იყო.
– შენი სიტყვებია, რომ „რეალის“ ორი მოთამაშის, გუტისა და კრიშტიანო რონალდოს ფანი იყავი.
– ვუყურებდი და ვცდილობდი, მათსავით მეთამაშა, გამეკეთებინა ფინტები და დამერტყა. ამ მოთამაშეებმა შთამაგონეს.
– გუტიმ ეს რომ გაიგო, საკუთარი მაისურა გადმოგცა.
– მომწონდა, ბურთს როგორ ფლობდა და ეპყრობოდა, მთელი ბავშვობა მის თამაშს ვუყურებდი და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დამირეკავდა. მესიჯებიც გავცვალეთ, რამაც გამახარა. ამით ჩემი პატარა ოცნება ავისრულე.

– საქართველოში „რეალის“ ბევრი გულშემატკივარია…
– ასეა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი „ნაპოლის“ ჰყავს (იცინის).
– „რეალში“ შესანიშნავი მარცხენა გარემარბი ვინისიუსია.
– ის ბრწყინვალე ტალანტია და ამ პოზიციაზეა საუკეთესოა. მისი და მადრიდის „რეალის“ სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება. მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი… მთელი გუნდის დასახელება შემიძლია. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან.
– „ნაპოლის“ შეუძლია მადრიდის „რეალის“ დამარცხება?
– ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ არავისი გვეშინია. იტალიის ჩემპიონები ვართ და ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
– თქვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლა გსურთ. „ნაპოლი“ წინა სეზონამდე მეოთხედფინალში არასოდეს გასულა.
– ეს იყო დიდი მიზანი და ახლაც ამ ბარიერის გადალახვაზე ვოცნებობთ, გაჩერება არ გვინდა, მაგრამ რამდენად შორს შეგვიძლია გასვლა, ამას დრო გვიჩვენებს.
– „ნაპოლის“ მწვრთნელის შეცვლა როგორ დაეტყო?
– უპირველეს ყოვლისა, სპალეტის მადლობა უნდა გადავუხადო. მან ჩემი ირწმუნა. მადლიერების გამოსახატად სიტყვები არასოდეს მეყოფა. დროდადრო ვსაუბრობთ და ის ჩვენ გვამხნევებს. რუდი დიდი მწვრთნელია და მისი ხელმძღვანელობით თამაშს თანდათან ვაუმჯობესებთ, მის ტაქტიკასა და ხედვას ვსწავლობთ. დარწმუნებული ვარ, მალე „ნაპოლის“ საუკეთესო ვერსიას იხილავთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მწვრთნელს მხარს უბამს.
– შენ და ოსიმენს ერთმანეთის ძალიან კარგად გესმით.
– ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია, რაც მოედანზე კარგად ჩანს. ის ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.
– რომელი მცველი გირთულებს ცხოვრებას მოედანზე?
– ასეთია ვარჯიშებზე ჩვენი კაპიტანი დი ლორენცო!
– ბევრს მიაღწიეთ, მაგრამ მხოლოდ 22 წლის ხართ. სამომავლოდ რა მიზანი გაქვთ?
– ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და მინდა მოვიგო ყველაფერი, რაც შესაძლებელია.
– და რა არის შენი ოცნება?
– ორი ოცნება მაქვს: ჩემპიონთა ლიგის მოგება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

წყარო: 1tv.ge/





გაზიარება
მოინახულეს 1 546-ჯერ
კომენტარები
რეკლამა