უბრალოდ რაული!

უცხოური ფეხბურთი 28-მაი, 22:399 Sportnews 2513


ერთ-ერთ ქართულ "რეალის" ფან კლუბ საიტზე მეტად ჩემთვის საინტერესო სტატიას წავაწყდი , სტატია ეხება რაულ გონსალეს და ამ ფეხბურთელს ახასიათებენ ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდები , გადავწყვიტე ეს სტატია დამედო ამ საიტზე და მინდა უდიდესი მადლობა მოვუხადო ამ სტატიის ავტორს , როგორც რაულის გულშემატკივარმა.

ხესუს ჰილი, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი პრეზიდენტი:
"რაული ჩემი ბოროტი გენიოსია". (ჰილმა "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ აკადემიაში რეფორმები გაატარა და რაული იძულებული გახდა, "რეალში" გადასულიყო - TF - ს შნშ.).

ფერნანდო იერო, რაულის ყოფილი პარტნიორი ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის "რეალში", "ბლანკოსის" ლეგენდარული მოთამაშე:
"რაულის დაწინაურებიდან ორიოდე კვირის შემდეგ ყველას სურდა, რომ იგი ვარჯიშებზე საკუთარ გუნდში აერჩია. მაშინ ვთქვი, რომ ეს ბიჭი ნამდვილი ფერარია. და არც შევმცდარვარ".

ალფრედო დი სტეფანო, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე, საპატიო პრეზიდენტი:
"რაულს გამოსდის ის, რაც ყველას არ შეუძლია: ის გადის მინდორზე, ასი ათასი ადამიანის თვალწინ, და თამაშობს ისე, თითქოს საკუთარ უბანში აგორებს ბურთს. ვფიქრობ, ის დიდებული ფეხბურთელი გახდება, რომელიც უზარმაზარ წვლილს შეიტანს მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების წარმატებაში".

ტელმო სარა, ბილბაოს "ატლეტიკის" ლეგენდარული მოთამაშე:
"რაულს უჩვეულო სიმარტივით გააქვს გოლები, არადა, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იღბალზე: შეიძლება საოცარი მატჩი ჩაატარო, მაგრამ ვერ მოახერხო მეტოქის კარის აღება. მას ხშირად უწევს ღრმად თამაში, მაგრამ ყოველთვის, ყველგან ავლენს საკუთარ საგოლე ალღოს. რაულს უდიდესი მომავალი აქვს. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ის ახლაც კი ძალიან გამოცდილია".

ხორხე ვალდანო, მადრიდის "რეალის" ყოფილი მოთამაშე, მწვრთნელი, სპორტული და გენერალური დირექტორი:
"რაულმა თავად შექმნა საკუთარი თავი. მისი წარდგენა ჩემი დამსახურება არ არის, რადგან მან თავად წარუდგინა თავი მსოფლიოს. ის სხვა პლანეტიდანაა. როდესაც რაული ბურთს ეხება, სამყარო ჩერდება. მისი ერთადერთი მეტოქე ისტორია იქნება".

კარლუშ კეირუში, მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი:
"რაული ფანტასტიურად მოძრაობს. გარდა შედეგიანობისა, მე მაოცებს თამაშის მისეული ხედვა და უნარი, აირჩიოს შეტევის გაგრძელების ერთადერთი სწორი ვარიანტი".

მარკო ვან ბასტენი, ლეგენდარული მოთამაშე, "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი:
"ჩემი აზრით, "ოქროს ბურთის" მომდევნო მფლობელი რაულია... ეს გადაწყვეტილება უცნაურად გეჩვენებათ? რაული საუკეთესოა".

კარლო ანჩელოტი, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი:
"ოქროს ბურთს" რაულს გადავცემდი, ანდრეი შევჩენკოს კი ხუთეულში შევიყვანდი".

ჰრისტო სტოიჩკოვი, კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშე:
"არ მესმის, როგორ შეიძლება ოუენი იყოს მერვე "ფიფას" ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის წოდების კანდიდატთა სიაში და პირველი - "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის? ჩემი ფავორიტი ორივე შემთხვევაში რაული გახლდათ, მაგრამ ჯიდლოების განაწილებაზე გარეშე ფაქტორები მოქმედებს".

იოჰან კრუიფი, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული მოთამაშე:
"ჩემთვის რაული ყველა დანარჩენზე წინ დგას. ფიზიკური მონაცემებისა და ნიჭის გათვალისწინებით, ის ჩემი ფავორიტია. იმსახურებდა თუ არა იგი "ოქროს ბურთს" რონალდოზე მეტად? დიახ".

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე:
"რაული ყოველთვის მზადაა, როდესაც ის გუნდს სჭირდება. ჩვენ შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს, ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. რაული იმსახურებს "ოქროს ბურთს". თუ ის გააგრძელებს ასეთ დონეზე თამაშს, ამ ჯილდოს მოპოვების ბრწყინვალე შანსი ექნება".

ფაბიო კაპელო, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მაიკლ ოუენმა დიდებულად ჩაატარა სეზონის დასკვნითი ნაწილი, ამ დროს კი რაული, უკვე დიდი ხანია, იმსახურებს "ოქროს ბურთს". რატომ არ მისცეს მას ეს პრიზი? აუხსნელია. ახლა იგი ისეთივე სიტუაციაში იმყოფება, როგორშიც თავის დროზე - ფრანკო ბარეზი, რომელიც ყოველთვის ფავორიტებს შორის იყო, თუმცა ჯილდო არასდროს მოუპოვებია. იმედი მაქვს, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება".

ზინედინ ზიდანი, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე:
"როგორ შეიძლება რაულის დახასიათება? რაული - ეს თავად "რეალია".

რობერტო კარლოსი, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე, მახაჩყალის "ანჟის" ფეხბურთელი:
"რაული "რეალის" საკვანძო მოთამაშეა, ლიდერი, ვარსკვლავი. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ის ნამდვილი მეთაურია მოედანზე".

ფრანცისკო ჰენტო, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე:
"დი სტეფანო საოცარი მოთამაშე იყო, ყოველი ბურთი, რომელსაც ის ეხებოდა, საფრთხეს წარმოადგენდა. როგორც რაული, ის მუდამ გოლზე ფიქრობდა და მიისწრაფოდა მეტოქის კარისაკენ, მაგრამ მაშინდელი ფეხბურთი მნიშვნელოვნად განსხვავდება დღევანდლისგან".

სერ ალექს ფერგიუსონი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი:
"მადრიდის "რეალმა" დიდებული ფეხბურთელები შეიძინა, მაგრამ რაული საუკეთესოა. ღმერთმა ქნას, მას არ მისცენ ინგლისამდე მოღწევის საშუალება". ("ჩემპიონთა ლიგის" 2003 წლის გამოშვების განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩის წინ - TF - ს შნშ.).

უგო სანჩესი, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე:
"რაული უკვე ახლა არის მადრიდის "რეალის" სიმბოლო და კლუბის ცოცხალი ლეგენდა. ის ემილიო ბუტრაგენიოს ბუნებრივი მემკვიდრეა. ეს თაობათა ცვლის კულმინაცია გახლავთ, "მტაცებელთა ხუთეულის" ეპოქის დასასრულს. მიხარია, რომ სწორედ რაული ამხობს ამ რეკორდებს. ("ელ კაპიტანომ" გადაასწრო სანჩესს "ბლანკოსის" საუკეთესო ბომბარდირთა დავაში - TF - ს შნშ.) იმედი მაქვს, სპორტული კარიერა მისცემს რაულს საშუალებას, უკან ჩამოიტოვოს "მადრიდიზმის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი - ალფრედო დი სტეფანო".

ოტმარ ჰიტსფელდი, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"აქ და ახლავე შევიძენდი რაულს და ასეთი ფეხბურთელით სამყაროს კიდემდე წავიდოდი. ის ნამდვილი ვარსკვლავია და გიჟდება იმაზე, რასაც აკეთებს. ახლა მისი გადაბირებისთვის საუკეთესო დრო იქნებოდა: ის ჩამოყალიბდა, შეიძინა ფასდაუდებელი გამოცდილება". (მიუნხენის "ბაიერნისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირების დღეს - TF - ს შნშ.).

პაოლო მალდინი, "მილანის" ლეგენდარული მოთამაშე:
"არ ვიცი, რატომ ვერ აღწევენ ესპანელი მოთამაშეები წარმატებას იტალიაში. შეიძლება საქმე მენტალიტეტსა და იმ ზეწოლაშია, რომელიც იტალიური ფეხბურთის ნაწილი გახლავთ. თუმცა, აქ არ ჩამოსულან ნამდვილი ესპანელი ვარსკვლავები. დარწმუნებული ვარ, რომ რაული ნებისმიერ წამყვან იტალიურ კლუბში მიაღწევდა წარმატებას".

ხუან სებასტიან ვერონი, "ესტუდიანტესის" მოთამაშე:
"ყოველ გარდასულ წელთან ერთად რაული თითქოს უფრო ახალგაზრდა ხდება..."

ხორხე ვალდანო, მადრიდის "რეალის" ყოფილი მოთამაშე, მწვრთნელი, სპორტული და გენერალური დირექტორი:
"ყოველ ჯერზე, როდესაც რაულის შესახებ ვსაუბრობთ, თავში მოგვდის სიტყვა "ყოველთვის". მისი მეტსახელი უნდა ყოფილიყო რაულ გონსალეს ბლანკო სიემპრე (ყოველთვის). მისი გავლენა გუნდში გასაოცარია, არადა, მას ჯერ კიდევ წინ აქვს სპორტული კარიერის ნახევარი. შთამბეჭდავია".

დევიდ ბექჰემი, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე:
"მინდა წარმატებები ვუსურვო კაპიტანს, მთელი ამ დროის განმავლობაში ის უზარმაზარი ძალა იყო უამრავი ადამიანისა და ამ გუნდისათვის; პიროვნება, რომელთან გათანაბრებისკენაც უნდა ისწრაფოდე. რაული თავდადებით ემსახურება იმას, რასაც აკეთებს. მადლობა მასა და გუნდს! და ყველას გისურვებთ კარიერის წარმატებით გაგრძელებას". (მადრიდის "რეალთან" დასამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე - TF - ს შნშ.).

დიეგო მარადონა, არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მოთამაშე:
"რაული გენიოსია. ის ისეთ დონეს ინარჩუნებს, როგორზეც არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია ამდენი წლის განმავლობაში. რაულის ირგვლივ დებატების არსებობა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, მე მასში ეჭვი არასდროს შემპარვია".

ლუის არაგონესი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი:
"მე არ ვთვლი საჭიროდ რაულის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას. ამ თემაზე დისკუსიის გამართვას არ ვაპირებ".

ფერნანდო ტორესი, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი:
"ვინ არის უკეთესი, მე თუ რაული? რაული დიდებული მოთამაშეა. მაგრამ მე ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ, ის კი - არა".

მანუელ პელეგრინი, მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი:
"უკანასკნელ პერიოდში რაულს ძალიან ბევრჯერ მოუხდა თამაში და ახლა რამდენიმე გარემოების გამო ორი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მისი მუშაობის უნარი შესანიშნავად მეტყველებს იმაზე, რომ მას ისევ შეუძლია იყოს ძირითადი შემადგენლობის წევრი. მე რაულით კმაყოფილი ვარ, ის რჩება ძირითად მოთამაშედ".

ბერნდ შუსტერი, მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი:
"ასე არ შეიძლება. რაულის გასახურებლად გაშვება არ არის იგივე, რაც - გასახურებლად დრენტეს გაშვება. მსგავსი რაღაცები, ჩემი აზრით, უპატივცემულობაა გუნდის კაპიტნის მიმართ". (ერთ-ერთი მატჩისას მანუელ პელეგრინიმ რაული გასახურებლად გაუშვა, თუმცა, საბოლოოდ, ცვლილება არ განუხორციელებია - TF - ს შნშ.).

ხოსეპ გუარდიოლა, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი:
"სტატისტიკის მხრივ ეს ისეთი... ისეთი... არ ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო... ისეთი საოცარია, რომ არსებობს ხალხი, რომელიც აკრიტიკებს ფეხბურთელს ორი-სამი ტურის ნაკლებად მაღალ დონეზე ჩატარების გამო. რაულს შვიდი სიცოცხლე აქვს, ის ხელახლა დაიბადება. და როდესაც ძველი რაული დაბრუნდება, კრიტიკოსებს საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევთ".

ალესანდრო დელ პიერო, ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მოთამაშე:
"308 გოლი ოფიციალურ მატჩებში ისტორიული მაჩვენებელია! დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია და არა საბოლოო მიზანი დიადი ჩემპიონისა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ახდენდა დაუჯერებელი ღირსებების დემონსტრირებას, ღირსებების, რომელთა ჩვენებასაც ის კიდევ მრავალი წელი გააგრძელებს - ახლა უკვე კლუბის საუკეთესო ბომბარდირის რანგში".

ხავიერ მუნიოს სანჩესი, ტაქსისტი ალკობენდასადან, რაულის მხარდამჭერი ორგანიზაციის ლიდერი:
"რაულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და სამივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა! მესამე თითქოს საფეხბურთო სახელმძღვანელოდან იყო ამოღებული. ეს ნამდვილი საჩუქარი გახლდათ მადრიდისტებისთვის, რომლებსაც უყვართ საკუთარი კაპიტანი. დღეს, "ვალენსიას" წინააღმდეგ, იმედი მაქვს, აღვნიშნავ მის ისტორიულ გოლს, რომელიც გერდ მიულერის რეკორდს დაამხობს".

ჟოზე მოურინიო, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი:
"დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რაულს საკუთარ განკარგულებაში, რადგან ის გუნდის სიმბოლო და უდიდესი პროფესიონალია. მაგრამ, ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფეხბურთელმა დაიმსახურა უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ. რაული ჭკვიანი მოთამაშეა, რომელსაც ყოველ მატჩში თამაში სწყურია. მაგრამ მას ესმის, რომ გუნდში ახალგაზრდა ბენზემასა და იგუაინის ყოფნის გამო მისი შანსები მცირდება. მან მამაცური გადაწყვეტილება მიიღო".

ფლორენტინო პერესი, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი:
"რაული მადრიდის "რეალის" კაპიტანია, თუმცა ის თავად განაგებს საკუთარ ბედს. მან გადაწყვიტა, დაასრულოს თავისი ცხოვრების ეტაპი ჩვენი გუნდის ფეხბურთელის რანგში, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მას არ ვეუბნებით: "მშვიდობით", არამედ: "ნახვამდის". მინდა გავიხსენო, რომ ზუსტად იგივე მოხდა კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ალფრედო დი სტეფანოს შემთხვევაშიც".

ხოსე მარია გუტიერესი, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე:
"დარწმუნებული ვარ, რომ მე და რაული მეტს ვიმსახურებთ. შეიძლება რაღაც დროის შემდეგ სხვანაირად დაგვხვდნენ. იმდენი წელი მაქვს გატარებული მის გვერდით, ჩვენი გუნდის ფერების დაცვისას... როდესაც ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი მთავრდება, გრძნობები, უბრალოდ, ნიაღვარივით მოდის. ასეთ წამებში რთულია ცრემლების შეკავება".

კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის "რეალის" მოთამაშე:
"რაული ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, მაგრამ მან წასვლა გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ასე მისთვის უკეთესი იქნებოდა. მე სიამოვნებით ავიღებდი რაულის ნომერს და დარწმუნებული ვარ, ის იამაყებდა ამით, რადგან ჩვენი ხასიათები ერთმანეთს ჰგავს. თუ შევძლებ, 9 ნომრიან მაისურს 7 ნომრიანზე გადავცვლი".

ალბერტო კონტადორი, ესპანელი ველომრბოლელი:
"რაული ახალგაზრდა თაობის მაგალითია. მინდა მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რადგან მან მთელი ცხოვრება შესწირა მადრიდის "რეალს". ის კლუბის სიმბოლოა და მე მას ვაღმერთებ".

ალფრედო რელანო, გაზეთ "ას" - ის მთავარი რედაქტორი:
"რაულის "შალკეში" გადასვლის გადაწყვეტილებამ და "რედ ბულისა" და ყატარის ჩემპიონატიდან გაცილებით მომხიბლავი შემოთავაზებების უარყოფამ ბევრი შოკში ჩააგდო. მას, უბრალოდ, სურდა გაეგრძელებინა მონაწილეობა საკუთარ საფეხბურთო კორიდაში, მიუხედავად ეროვნულ ნაკრებში გამოუძახებლობისა. და მისი ეს გადაწყვეტილება საყოველთაო აღფრთოვანებასა და სიყვარულს იწვევს".

ფელიქს მაგათი, "შალკე 04" - ის ყოფილი მწვრთნელი:
"გულშემატკივრები მოხიბლულნი არიან რაულით. ის ფეხბურთის ლეგენდაა, ადამიანი გამარჯვებულის ბუნებრივი მენტალიტეტით. თანაგუნდელებმა მაშინვე ამოიცნეს მასში ლიდერი. ადაპტაციამ, უბრალოდ, საოცრად ჩაიარა".

კრისტოფ მეტცელდერი, "შალკე 04" - ის მოთამაშე:
"მე ოთხმოცი მეტრი გავირბინე საკუთარი კარიდან, რათა რაულისთვის მიმელოცა - ეს კი ჩემს ასაკში, გავბედავ აღვნიშნო, სულაც არ არის იოლი! დღეიდან "შალკეში" როკ-ენ-რაულია!" ("ვერდერის" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ - TF - ს შნშ.).

ფერნანდო მორიენტესი, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე, რაულის მეგობარი:
"თუ იმის მიხედვით განვსჯით, ვინ და რამდენი მოიგო აქ, ვინ და რამდენი გადაიტანა გუნდთან ერთად, მაშინ რაული საუკეთესო იყო "გალაქტიკოსში". ის ვარსკვლავია, "რეალის" სიმბოლო, ყოველგვარ ეჭვს გარეშე. აუცილებელია მისი დაფასება, რადგან მეორე რაული "ბლანკოსს" შეიძლება აღარ ჰყავდეს".

რაულის მამა:
"ჩემი ვაჟი ისეთი კარგია, რომ მას მთელ El Corte Inglés - ზე არ გავცვლიდი". (ჰიპერმარკეტების ქსელი ესპანეთში - TF - ს შნშ.).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 29 მაი 2011 10:23
dato_cule,
არა არ ვარ მაგ საიტზე დარეგისტრირებული
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
dato_cule 29 მაი 2011 09:47
რაულიტო,
ბრატ შენ ფცი.გე ზე რო–––––> რ–ა–უ–ლ ––––> ია ეგ ხარ?
Papuu 29 მაი 2011 08:16
მაგარია მაგარი . ჩემთვის დიდი არაფერითქო wink ყველა ესპანელს აქვს კომენტარი თან მაგარ ესპანელებს .... შენთვის დიდია ჩემთვის არც თუ ისე დიდი
Sportnews 28 მაი 2011 22:40
Papuu აი ძმა , არ შეიძლება რაულს გენია არ ვუწოდოთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (131)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი