”მანუ” რეალურად მაგარია

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 07-დეკ, 02:579 beqa_beqa 1405


საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური “მაპორო კანტუს” ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის მე-9 ტურში ჩინებულად ითამაშა და მადრიდის ”რეალთან” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. კანტუელებმა მათთვის სასიცოცხლო მატჩში 76:70 იმარჯვეს, ქართველმა მცველმა კი 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ გუნდს ტოპ-16-ში გასვლის შანსის შენარჩუნებისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და შეხვედრა თავიდანვე ძალიან მონდომებულად დაიწყო. შედეგად, ”მაპორო კანტუ” ”სამეფო კლუბის” წინააღმდეგ 13:1 დაწინაურდა და მცირეოდენ შოკშიც კი ჩააგდო.
თუმცა, ”რეალი” გონს მალე მოვიდა და მალე მასპინძელთა უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარკოიშვილის წინამძღოლობით, კანტუელები თითქმის მუდმივად წინ იყვნენ, მადრიდელები მაინც სახიფათო სიახლოვეს იმყოფებოდნენ. ”რეალის” შეტევების მთავარი ორგანიზატორი ევრობასკეტის გასულ შესარჩევ ციკლში აზერბაიჯანის ნაკრებში ნათამაშევი ჯეისი კეროლი გახლდათ, რომელმაც საბოლოოდ 24 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება მარკოიშვილს, იგი ძალიან აქტიური იყო და ცხადია, შეცდომებიც მრავლად ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 34:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 12-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად შვიდჯერ დაჯარიმდნენ.
”მანუს” კარგად აუბა მხარი ქართველი გულშემატკივარისთვის ბელგიის ნაკრებიდან ცნობილმა ჯონათან ტაბუმ, რომელმაც ასევე 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ჯამში კი 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მისი და მაარტენ ლეუნენის (11 ქულა) დახმარებით, კანტუელებმა ბოლო წამებზე უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და ვინაიდან, რამდენიმე შეტევა მადრიდელებსაც ”გაუფუჭდათ”, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.
”მაპორო კანტუმ” 6 მარცხის ფონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და A ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრამდე კი ჯერაც შორია. ამისთვის, ორი რამ უნდა მოხდეს: დღევანდელ შეხვედრაში, სტამბულის ”ფენერბაჰჩემ” ათენში ”პანათინაიკოსთან” წააგოს, ხოლო ბოლო ტურში, 13 დეკემბერს, კანტუელებს იმავე ”ფენერთან” თურქეთში გამარჯვება მართებთ.
მარკოიშვილის კლუბისგან განსხვავებით, სანერვიულო არაფერი აქვს გიორგი შერმადინის ”მაკაბის”, რომელმაც B ჯგუფში მე-7 მოგება მიითვალა და ესპანურ ”უნიკახასთან” ერთად ლიდერობას ინარჩუნებს. საინტერესოა, რომ პოლონურ ”პროკომთან” გასვლითი შეხვედრის ბოლო მეოთხედის წინ, თელ ავიველები 5 ქულით აგებდნენ, თუმცა უკანასკნელ ათწუთეულში მასპინძლები 29:8 (!) გაანადგურეს და 89:73 იმარჯვეს.
სამწუხაროდ, შერმადინს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა. “მაკაბის” თავკაცმა დევიდ ბლატმა ქართველი ცენტრი მხოლოდ 4:30 წუთს დატვირთა, რა დროშიც გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თითო მოხსნა და დაფარება მიითვალა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო. სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია, მათგან საუკეთესო რიკი ჰიკმანმა კი 20 ქულა ჩააგდო.
მე-9 ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს სიენას “მონტეპასკი”, რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე იცავს. იტალიის ჩემპიონს მომდევნო ეტაპზე გასვლა ასევე განაღდებული აქვს, თუმცა, ცხადია, რომ საფრანგეთში “შალონთან” წასაგებად არ არის ჩასული. “მონტეპასკის” 5 მოგებით და 3 მარცხით B ჯგუფში მე-3 ადგილი უკავია და დიდი ალბათობით, ასპარეზობას ამავე პოზიციაზე დაასრულებს.

P.S. მანუჩარ მარკოიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23 გახლდათ, რაც მე-9 ტურის საწყის დღეს ვერავინ გადაფარა. თუკი დღევანდელ შეხვედრებშიც თავი დიდად ვერავინ გამოიჩინა, სავარაუდოა, რომ ქართველი კალათბურთელი ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 7 დეკემბერი 2012 02:57
ძან მაგრად ითამაშა მანუმ და ბოლოში ტაბუ გამოირჩა კანტუდან



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)