სენსაციური ფლეი ოფები

NBA 18-აპრ, 21:129 SillY 1772


ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფლეი ოფმა სტარტი ისე აიღო, სენსაციების მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ სცალიათ. ფავორიტებად შერაცხული გუნდებიდან, საწყისი მატჩები იოლად ხომ ვერავინ მოიგო, “ორლანდომ”, “სან ანტონიომ” და “ლეიკერსმა” კი სერიები სულაც მარცხიანად გახსნეს.
დღეს დილით, “უცნაური” შედეგებით მდიდარი დასავლეთ კონფერენციის შერკინებები გამოდგა. შინაურ კედლებში წააგეს “სპურზმა” და “ლეიკერსმა”. შედეგად, 1983-84 წლების შემდეგ (16 გუნდიანი ფლეი ოფის სისტემა სწორედ მაშინ შემოიღეს) პირველად, რეგულარული სეზონის მიხედვით, კონფერენციის ორმა მოწინავე კლუბმა ფლეი ოფში წარუმატებელი სტარტი აიღო.
დროის მიხედვით, პირველი სენსაციის ავტორი “გრიზლიზი” გახდა, რომელიც სან ანტონიოში აშკარა აუტსაიდერის რანგში ჩავიდა (სპეციალისტთა უმრავლესობა მემფისელებს სერიის 0:4-ზე წაგებას უწინასწარმეტყველებდა), თუმცა, არგენტინელი მანუ ჯინობილის გარეშე მოთამაშე ტეხასელებს 101:98 სძლია.
აღსანიშნავია, რომ ლაიონელ ჰოლინზის შეგირდებს აქამდე სამივე საფლეიოფო სერია “მშრალზე” ჰქონდათ წაგებული, ამდენად, ტეხასური “გასროლა” ამ მხრივაც ისტორიული გამოდგა. არადა, სტუმრები ბოლო წუთისთვის 4 ქულით მარცხდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ტაიმში სიზუსტის შესაშური მაჩვენებელი (თამაშიდან ტყორცნების 62% გამოიყენეს) ჰქონდათ, მათი გადარჩენა მაინც ძნელი წარმოსადგენი გახლდათ.
სენსაციას სათავე მემფისელთა ესპანელა ლეგიონერმა, მარკ გასოლმა დაუდო, რომელმაც ტონი ალენის პასის შემდეგ ორქულიანი ჩააგდო, მომდევნო შეტევაში კი, “გრიზლიზში” თებერვალში დაბრუნებულმა შეინ ბატიემ სამქულიანი გამოიყენა და “სპურზი” კატასტროფის წინაშე დააყენა.
ცხადია, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს გადარჩენის შანსი კიდევ ჰქონდათ, თუმცა, ჯერ ჯორჯ ჰილმა, შემდეგ კი რიჩარდ ჯეფერსონმა შორეული სროლები გააცუდეს, რის შემდეგაც ალენმა ორი საჯარიმო გამოიყენა და ტენესელებს, არსებობის ისტორიაში, ფლეი ოფში პირველი გამარჯვება მოუტანა.
თუკი “სან ანტონიოს” თამაშის გადარჩენის გარკვეული შანსი მაინც ჰქონდა, უარესად შერცხვა “ლოს ანჯელეს ლეიკერსი”, რომელიც მშობლიურ “სტეიპლ სენთერში” “ნიუ ორლეან ჰორნეთსთან” 100:109 დამარცხდა და თანაც, ბოლო წუთებში გაბრძოლების საშუალებაც არ ჰქონია.
კალიფორნიელთა იმედები შეუდარელებმა კრის პოლმა “დაასამარა”, რომელმაც დასკვნით მეოთხედში 17 (!) ქულა ჩააგდო, სულ კი ორმოც წუთში 33 ქულა, 14 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა და თანაც ვიზავი დერეკ ფიშერს ისე იოლად უსწორდებოდა, ამ უკანასკნელის მდგომარეობა ალალ სიბრალულს იწვევდა. ჯამში, 25 წლის ჩრდილო კაროლინელის (“ნიუ ორლეანმა” იგი 2005 წლის დრაფტზე მე-4 ნომრად აიყვანა) მონაწილეობით, სტუმრებმა 109-დან 63 ქულა მიითვალეს, რითაც ყველაფერი ნათქვამია.
“დღეს, ყველაფერს საოცრად ნელა ვაკეთებდით, მეტოქე კი ძალიან აგრესიული გახლდათ და თამაშის სწორ კალაპოტში წარმართვა მოახერხა. “ჰორნეთსისა” და კრის პოლის წინაშე ქედს ვიხრი. მათ გამარჯვება დაიმსახურეს” - განაცხადა “ლეიკერსის” თავკაცმა ფილ ჯეკსონმა, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას, შეგირდების უნიათო გარჯის შემხედვარე, ტაიმ-აუტების აღებას ვერ აუდიოდა.
ერთადერთი, ვის გასაკრიტიკებლადაც ჯეკსონს ენა არ მოუბრუნდებოდა, მასპინძელთა უდავო ლიდერი კობი ბრაიანტი გახლდათ. კალიფორნიელთა 24-ე ნომერმა ოცდაათ ქულაზე მეტი (ზუსტად რომ ვთქვათ – 34) კარიერაში 79-ეტედ ჩააგდო და ახლა, ამ მხრივ მხოლოდ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების ცხრილში კობი თანაგუნდელ შაკილ ო’ნილს (5248) 196 ქულამდე დაუახლოვდა და მის წინ “მდგარი” ქარიმ აბდულ-ჯაბარი (5762) და ჯორდანიც (5987) აღარ არიან ძალიან შორს.

სან ანტონიო – მემფისი 98:101 (22:27, 21:18, 31:25, 24:31)
სან ანტონიო: პარკერი (20 ქ.), დანკანი (16 ქ. 13 მ.), ჰილი (15 ქ. 7 მ.), ჯეფერსონი (13 ქ.), მაკდაიესი (3 ქ.); ბონერი (12 ქ.), ნილი (10 ქ.), ბლეირი (9 ქ.), გრინი.
მემფისი: რენდოლფი (25 ქ. 14 მ.), გასოლი (24 ქ. 9 მ.), კონლი (15 ქ. 10 პ.), ალენი (7 ქ.), იანგი (2 ქ.); მაიო (13 ქ.), ბატიე (10 ქ.), არტური (5 ქ.), სმიტი, ვასკესი, ჰადადი.

ლეიკერსინიუ ორლეანი 100:109 (24:26, 23:29, 25:18, 28:36)
ლეიკერსი: ბრაიანტი (34 ქ.), არტესტი (16 ქ. 11 მ.), ბაინემი (13 ქ. 9 მ.), ფიშერი (8 ქ.), გასოლი (8 ქ. 6 პ.); ოდომი (10 ქ.), ბრაუნი (8 ქ.), ჯონსონი (3 ქ.), ბარნსი, სმიტი, რეტლიფი.
ნიუ ორლეანი: პოლი (33 ქ. 7 მ. 14 პ.), ლენდრი (17 ქ.), ბელინელი (10 ქ.), არიზა (6 ქ. 7 მ.), ოკაფორი (4 ქ.); ჯეკი (15 ქ.), გრეი (12 ქ.), გრინი (8 ქ.), სმიტი (2 ქ.), ილუნგა-მბენგა (2 ქ.).

ბოსტონი – ნიუ იორკი 87:85 (24:23, 15:28, 20:13, 28:21)
ბოსტონი: ალენი (24 ქ.), პირსი (18 ქ.), გარნეტი (15 ქ. 13 მ.), ჯ.ო’ნილი (12 ქ. 4 დ.), რონდო (10 ქ. 9 მ. 9 პ.); გრინი (4 ქ.), უესტი (2 ქ.), დევისი (2 ქ.), კრსტიჩი.
ნიუ იორკი: სტაუდმაიერი (28 ქ. 11 მ.), ენტონი (15 ქ.), ბილაფსი (10 ქ.), ტურიაფი (9 ქ. 4 დ.), ფილდსი; დაგლასი (8 ქ.), უოკერი (7 ქ.), უილიამსი (3 ქ.), ჯეფრისი (3 ქ. 9 მ.), კარტერი (2 ქ.).

ოკლაჰომა სიტი – დენვერი 107:103 (24:33, 35:27, 27:22, 21:21)
ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (41 ქ. 9 მ.), უესტბრუკი (31 ქ. 7 პ.), პერკინსი (4 ქ.), იბაკა (3 ქ. 4 დ.), სეფოლოშა (2 ქ.); მეინორი (12 ქ.), ჰარდენი (5 ქ.), კუკი (5 ქ.), კოლისონი (2 ქ.), მოჰამედი (2 ქ.).
დენვერი: ილარიო (22 ქ. 8 მ.), გალინარი (18 ქ.), ლოუსონი (10 ქ.), მარტინი (10 ქ. 7 მ.), ჩენდლერი (9 ქ. 8 მ.); ფელტონი (12 ქ. 8 პ.), სმიტი (9 ქ.), ანდერსენი (8 ქ.), ჰარინგტონი (5 ქ.).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (136)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი