ნიკოლოზ ცქიტიშვილი: "საბერძნეთი პირველად მესმის. სეზონს უგუნდოდ ჩავამთავრებ"

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 07-აპრ, 18:509 Sportnews 3663


შესაძლოა, ნიკა ცქიტიშვილი ბერძნულ პაოკ–ში გადავიდეს – ესეთი შინაარსის ინფორმაცია გაჩნდა ბერძნულ ვებ–გვერდებზე და შესაბამისად, ქართულ ინტერნეტ–სივრცეშიც. 1 კვირაა, ცქიტიშვილი უგუნდოდაა. ესპანურმა „ლაგუნ არომ“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და მოსალოდნელიც იყო, რომ ნიკა რომელიმე სხვა გუნდში გადასულიყო, მაგრამ ეს ფაქტი თავად კალათბურთელმა უარყო. ცქიტიშვილის განცხადებით, ის მიმდინარე სეზონს უგუნდოდ ჩაამთავრებს.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბერძნულ პაოკ–ში გადახვიდე...

– პირველად მესმის ეგ ამბავი. რომც მქონდეს შემოთავაზება, საბერძნეთში სათამაშოდ ალბათ მაინც არ წავიდოდი. მას შემდეგ, რაც მე 2 წლის წინ ბერძნებმა გამიკეთეს, იქითკენ გახედვაც აღარ მინდა.

– ეგებ პაოკ–ის ხელმძღვანელები სიტყვის ხალხი არიან, ვიდრე შენი ყოფილი გუნდ „პანიონიოსისა“, რომელმაც კონტრაქტის პირობები დაგირღვია...

– არ ვიცი, მაგრამ არაფერი მსმენია ბერძნული კლუბის შესახებ. ამ საკითხზე ჩემთან არავის არ ულაპარაკია და მენეჯერი თუ ჩემს ზურგსუკან ჩალიჩობს რაღაცას, ეგ არ ვიცი. მაინტერესებს, რაში დასჭირდათ ამ ვებ–გვერდებს ცრუ ინფორმაციის გავრცელება. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მაქვს რამდენიმე, ოღონდ არა ბერძნული ვარიანტი, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, არსად აღარ გადავიდე და სეზონის დარჩენილი დრო დავისვენო.

–თუკი გაქვს ვარიანტები, რატომ ამბობ უარს?

– სეზონის დასრულებამდე 1 თვეა დარჩენილი. ასე მცირე დროისთვის არ მიღირს ახალ გუნდში, ახალ ქალაქში გადაბარგება. 2 თვეა, ოჯახი არ მინახავს და მირჩევნია, ეს დრო ჩემს ცოლ–შვილთან, სამშობლოში გავატარო. უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვალ და მომავალი სეზონის გეგმებს წყნარად, აუჩქარებლად დავაწყობ.

– „ლაგუნ აროსთან“ რატომ გაწყვიტე კონტრაქტი?

– ასე ჯობდა. ბოლო მატჩებში თითქმის არ მათამაშებდნენ და ორივე მხარის სურვილი იყო, რომ კონტრაქტი გაწყვეტილიყო.

– მერედა, შენ ეს გაწყობდა?

– თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა და შესაბამისად, არ მინდოდა იქ გაჩერება. დანარჩენი, ფინანსური საკითხები, კონტრაქტის შესაბამისად გადაწყდა. ანუ მე წაგებაში არ დავრჩენილვარ. ეს საქმე რომ უმტკივნეულოდ მოგვარდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულების დასტურია. „ლაგუნ აროს“ მეპატრონეებთან კარგად ვარ, ეგაა, მწვრთნელი არ მიყურებდა ბოლო დროს კარგი თვალით და გადავწყვიტეთ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვეგვარებინა. ასე რომ, ახლა თავისუფალი ვარ და მინდა, დრო ოჯახს დავუთმო.

– მომავალი კლუბის მოძებნას როდის აპირებ? ეროვნული ნაკრები 24 ივლისიდან იკრიბება...

– ნაკრების თამაშებამდე არ ვაპირებ გუნდის მოძებნას. თუკი გამოჩნდება, უარს არ ვიტყვი. ეროვნულ ნაკრებში თამაში კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოაჩინო და გუნდები დააინტერესო. მეც სწორედ ამას ვაპირებ.

– რას იტყვი ჩვენი ეროვნული ნაკრების შანსებზე?

– რთული ბრძოლები გველის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვდით. ეს რომ მოვახერხოთ, კარგად უნდა მოვემზადოთ. ყველა გულით და მონდომებით უნდა მოეკიდოს საქმეს. შესანიშნავი მოსამზადებელი განრიგი გვაქვს. 12 ამხანაგურ მატჩში ბევრი რამის დახვეწა და სრულყოფა შეიძლება. ეს ფაქტორი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

– საქართველოში კარგ დროს ჩამოდიხარ. პლეი ოფი აქაც მალე დაიწყება.

– საქართველოს ჩემპიონატზე კარგი ამბები მომდის, რაც ძალიან მახარებს. საქართველოში ჩამოსვლა იმიტომაც მიხარია, რომ სუპერლიგის გადამწყვეტ თამაშებს დავესწრები. გავიგე, რომ სახელმწიფო გუნდებს ეხმარება და მომავალში კიდევ უფორო აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. ამ დახმარებამ უკვე გამოიღო ნაყოფი. როგორც ვიცი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი კარგა ხანია, არ ჩატარებულა. რამდენიმე დღეში მანდ ვიქნები და ყველაფერს ჩემი თვალით ვნახავ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი