კოკოშკოვმა შივეკს რევანში თბილისში აუღო

ქართული კალათბურთი 17-აგვ, 14:479 Sportnews 1854


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელს რევანში აუღო. თანაც იმაზე მეტით იმარჯვა, რამდენითაც ებრაელებთან 4 დღის წინ ჰოლანდიაში, ამხანაგურ ტურნირზე დამარცხდა (72:77). ეს შეხვედრები ამხანაგური, ევროჩემპიონატისთვის მოსამზადებელი იყო და შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუმცა გამარჯვება უსიტყვოდ კარგია და ჩვენს ნაკრებს დამაჯერებლობას ჰმატებს.

ისრაელი ევროპული მასშტაბით საშუალოზე ძლიერ გუნდად ითვლება. ებრაელები ევროპის ჩემპიონატის უცვლელი წევრები არიან და ლიტვაში გასამართ კონტინენტის პირველობაზეც თავიდანვე დაიბევეს ადგილი. შესარჩევ ჯგუფში იტალია ჩატოვეს და ევრობასკეტზე თავდაპირველად გასულ 16 გუნდს შორის მოხვდნენ. ამით იმის თქმა გვსურს, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდს მეტად ძლიერი და გამოცდილი მეტოქე ჰყავდა, რომელიც საკმაოდ გაჭირვებით, თუმც დამსახურებულად დაამარცხა.

რომ არ ჩავთვალოთ სამქულიანები, ქართველები პირწმინდად დაჩაგრავდნენ ებრაელებს. სამწამიან ზონაში ჩვენი ფორვარდების შემჩერებლები ახლოაღმოსავლელები არ იყვნენ. აი, პერიმეტრზე კი ისრაელის დომინანტობა საგრძნობი იყო. გაი პნინმა 11–დან 7 სამქულიანი ჩაგვიგდო, მთლიანობაშ კი ებრაელებმა 23–დან 12 შორი სროლა ჩააგდეს. სწორედ ამ სამქულაინების ხარჯზე დაწინაურდა ისრაელი პირველ მეოთხედში და შემდეგ კუდიდან არ მოსშორებია ქართველებს. კოკოშკოვის გუნდი რამდენჯერაც გალიდერდა, იმდენჯერ მოახერხეს ებრაელებმა წამოწევა. ქართველების 8–9–ქულიანი ლიდერობა არაფერს ნიშნავდა, იმდენად სწრაფად აბათილებდნენ ჩამორჩენას არიკ შივეკის შეგირდები.

ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, უკანასკნელ 2 წუთში კი უფრო ზუსტნი ქართველები აღმოჩდნენ. საბოლოოდ კოკოშკოვის გუნდმა 97:91 დაამარცხა ისრაელი. ამ მატჩის მთავარი შტრიხი კი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდური სულისკვეთებით ითამაშა. გამოკვეთილი ლიდერი ჩვენებს არ ჰყოლიათ. მწვრთნელმა მოედანზე გაყვანილ ათივე მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენისთვის საკმაო დრო. შესაბამისად, ექვსმა კალათბურთელმა უწია ათქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი, 18 ქულა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მოინაგრა.

ქართველებმა ჩინებულად ესრილეს საჯარიმოები: 20–დან 18 ჩააგდეს. საშუალო მანძილებიდან სროლებში კი 50–პროცენტიან ზღვარს გადააჭარბეს, რაც ასევე კარგი შედეგია. კოკოშკოვის გუნდს სამქულიანებისგან თავდაცვის ტაქტიკის დახვეწა ესაჭიროებათ, რასაც, იმედია, მომავალ ამხანაგურ მატჩებში – ლატვიასა და ლიტვაში გამოასწორებენ.

საქართველოს ნაკრები ვარჯიშს თბილისში გააგრძელებს და 20 აგვისტოს ღამე ლატვიაში გაემგზავრებიან, სადაც 22 და 24 აგვისტოს ლატვიელთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.

გიორგი ცინცაძე:
- მთავარია რომ გავიმარჯვეთ. კარგად ვითამაშეთ, თუმცა გვქონდა მინუსები, რომელთა აღმოფხვრაზე სამუშაო კიდევ გვაქვს. ისრაელი სწორ და დალაგებულ კალათბურთს თამაშობდა და მატჩიც საინტერესო სანახავი გამოდგა. შეხვედრა ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, რაც ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო - ევრობასკეტზე, სავარაუდოდ, არაერთი მატჩის ბედის გადაწყვეტა მოგვიწევს ბოლო წუთებზე და დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.



ვიქტორ სანიკიძე:
- ჩვენთვის ისრაელთან დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან გვინდოდა ისრაელის ძლევით გულშემატკივარი გაგვეხარებინა. რთული თამაში იყო, თუმცა კარგად ვითამაშეთ და ჰოლანდიაში წაგების გამო ისრაელთან რევანში ავიღეთ. მიუხედევად იმისა, რომ მეტოქეს ორი წამყვანი კალათბურთელი აკლდა (იოთამ ჰალპერინი და ომრი კასპი), მაინც კარგად ითამაშა. ისრაელი ნამდვილად ძლიერი გუნდია. ასეთ ნაკრებს რომ ვაჯობეთ, გამოდის, არც ჩვენ გვყავს ურიგო ნაკრები.

ამხანაგური მატჩი. თბილისი. 16 აგვისტო

საქართველო 97:91 ისრაელი

24:25 21:18 24:23 28:25

საქართველო: ცინცაძე (2), მარკოიშვილი (13), სანიკიძე (15), ვლადიმერ ბოისა (13), ფაჩულია (18), გამყრელიძე (2), შერმადინი (5), ცქიტიშვილი (10), შენგელია (10), ჰეინესი (9).

ისრაელი: მეკელი (10), პნინი (26), ბერნსტაინი (14), ელიაჰუ (14), გრინი (6), ონაიაჰუ (1), ნისიმი, ნაიმაი (3), ბლუ (14), კადირი (3), კოკია.

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი.

კომისარი: როლანდ ხომერიკი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი