18-წლამდელეთა ჩემპიონატის მატჩში სათადარიგოები დაითხოვეს

ქართული კალათბურთი / სუპერლიგა 22-ნოე, 18:439 datopagava23 1661


სანამ გასულ შაბათს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე საკუთარი თვალით არ იხილა, გულშემატკივართა უმეტესობამ არც კი იცოდა, რომ შესაძლებელია, თამაშიდან ერთბაშად ყველა სათადარიგო გააძევონ და მატჩი შეცვლების გარეშე გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ესეთი რამ კალათბურთში ძალიან იშვიათია და ეროვნულ პირველობაზეც პირველად მოხდა, თუმცა ქართულ კალათბურთში (ასაკობრივ ჩემპიონატებში) ბოლო წლებში მსაჯს ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება უხდებოდა ხოლმე. ასეთი რამ დღესაც მოხდა, 18-წლამდელთა პირველობაზე და ანალოგიურ ფაქტს ადგილი 2009 წლის 10 მარტსაც ჰქონდა – ასევე 18-წლამდელებში.

ჯერ დღევანდელზე მოვყვეთ: ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 18-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარული მატჩი მიმდინარეობდა „ავერსსა“ და „აკადემიას“ შორის. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე აკადემიელ საბა ჯაყელსა და ავერსელ ნოდარ ღლონტს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც ერთმანეთისადმი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და მსაჯმა ორივე მოთამაშე სამართლიანად დასაჯა დისკვალიფიკაციით – თამაშიდან გააძევა. ამ კონფლიქტმა უფრო დიდ ინციდენტს დაუდო სათავე და საქმის ფიზიკურ გარჩევაში გუნდების დანარჩენი წევრებიც ჩაერივნენ. გაჩაღდა გუნდური ჩხუბი და როცა მოშუღარეები გააჩველეს, მსაჯმა თამაში არ შეწყვიტა – მოიშველია კალათბურთის ოფიციალური წესების 39.2.1 მუხლი და თამაშის შეწყვეტამდე მოედანზე მყოფი კალათბურთელების გარდა ჩხუბის ყველა მონაწილე თამაშიდან გააძევა.

აღმოჩნდა, რომ სათადარიგოთა სკამიდან „ავერსის“ 2 მოთამაშე მოედანზე არ შესულა. შესაბამისად, ჩხუბშიც არ მიუღია მონაწილეობა. მათ გარდა ორივე გუნდის სათადარიგოებს თამაშის დატოვება მოუხდათ. რა გამოვიდა? რაკი გუნდურ ჩხუბამდე მსაჯს მეტოქე გუნდების თითო მოთამაშე ჰყავდა გაძევებული და მწვრთნელებმა სანაცვლოდ სხვა კალათბურთელის შეყვანა ვერ მოასწრეს, „აკადემია“ 4 კალათბურთელით დარჩა, ხოლო „ავერსმა“, რაკი ჩხუბში ჩაურევლობის წყალობით 2 სათადარიგო შერჩა, მოახერხა მოედანზე მყოფ მოთამაშეთა 5–კაციანი ლიმიტის შევსება და და თამაში გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ „აკადემიამ“ დარჩენილი 14 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ინციდენტამდე აკადემიელები მხოლოდ 5 ქულას იგებდნენ და „ავერსს“ საკმაო დრო ჰქონდა სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა... თუმცა მთავარი ამ მატჩის შედეგი კი არა, მომხდარი ინციდენტია, რომლის ანალოგიც 4 დღის წინ ეროვნულ ჩემპიონატში, ხოლო 2009 წელს 18-წლამდელთა პირველობაზეც მოხდა.







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)