გაბადრული სახეები თბილისის აეროპორტში

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 19-ნოე, 16:059 FCB 2171


თბილისის აეროპორტში დღეს საქართველოს დროშები ფრიალებდა და სიმღერის ხმაც ისმოდა – “ქართული სპორტის ქომაგები” საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დახვდნენ, რომელმაც სლოვენიას სტუმრად 2:1 სძლია ამხანაგურ მატჩში. აეროპორტში იყვნენ ჟურნალისტებიც.
ლიუბლიანა – თბილისის რეისის თვითმფრინავი 18:30 საათზე დაეშვა აეროპორტში. ქომაგებმა კორიდორი გაუკეთეს ფეხბურთელებს, იყო შეძახილები, გაბადრული სახეები... რასაც კარგა ხანს მონატრებული იყო გულშემატკივარი და წლეულს გატყდა ნავსი. ნაკრებმა ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, 17 ნოემბერს კი მოუგო იმ ნაკრებს, რომელიც ფიფას რეიტინგი მე-15 ადგილზე გახლდათ და სულ რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზეც რიგიანად ითამაშა.
გამარჯვების მთავარი შემოქმედი თემურ ქეცბაია სლოვენიიდან სახლში, კვიპროსზე გაფრინდა. ლეგიონერებმაც თავიანთ კლუბებს მიაშურეს, თბილისში კი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები და პლუს, რუსული “ვოლგას” ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ჩამოფრინდნენ.
ჟურნალისტებისგან ყველაზე დიდი ინტერესი, რა თქმა უნდა, მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო (შესაძლოა, “ერთ-ერთი” ზედმეტიცაა) ფეხბურთელს, მეკარე გიორგი ლორიას ხვდა წილად.


- პენალტზე სასწაული რეაქცია გამოავლინე. სლოვენიელმა თითქოს კარგად დაარტყა, მაგრამ მაინც შეძელი მოგერიება.
- ვიცოდი, რომ ჩემგან მარცხენა კუთხეში დაარტყამდა, თავიდანვე მოვემზადე ამისთვის და მადლობა ღმერთს, მოვიგერიე.
- მარტო პენალტი არა, სხვა რთული ბურთებიც მოიგერიე.
- ყველა ეს დარტყმული ძნელი მოსაგერიებელი იყო. გახარებული ვარ, რომ ნაკრების გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.
- შეადარე შენი თავი ორი წლის წინ და ახლა. თავდაჯერებას გრძნობ, ხომ?
- რა თქმა უნდა. მაშინ იმდენი სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, როგორც ახლა. კლუბში მუდმივად ვთამაშობ და ეს ნაკრებშიც წამადგა.
ლევან კაკუბავა სლოვენიაში 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რთული მომენტია – თამაშში ერთვება დაცვითი სტილის ფეხბურთელი იმ დროს, როცა მისი გუნდი იგებს და აშკარაა, რომ ბოლო წუთებში დიდი დაწოლა წამოვა. თანაც, კაკუბავასთვის ეს პირველი თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ დავალებას კარგად გაართვა თავი.
- ძნელი თამაში მოვიგეთ. რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერი იყო, სლოვენია მე-15 ადგილზეა ფიფას რეიტინგში.
- შენ საყრდენ ნახევარმცველად ითამაშე. თბილისის “დინამოში” ამ პოზიციაზე იშვიათად თამაშობ და არ გაგიჭირდა?
- “დინამოში” ვთამაშობ ამ პოზიციაზე და მთლად უცხოც არა. ასე რომ, დიდი პრობლემა არ ყოფილა.
- რა დაგავალა ქეცბაიამ?
- ნახევარდაცვაში სლოვენიელებისთვის გზა უნდა გადამეკეტა. მცველების წინ თამაში და მაქსიმალური სიფრთხილე დამავალა.
- ნერვიულობდი?
- ეგ მომენტი ნამდვილად იყო, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი უკან დარჩა და მოვიგეთ.
იმედია, ისრაელთან 29 მარტის ევროშესარჩევი მატჩის შემდეგაც ასეთი გახარებული სახეები იქნება თბილისის აეროპორტში. “ქართული სპორტის ქომაგებს” კი აეროპორტში მისვლა ნამდვილად არ დაეზარებათ...


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 19 ნოემბერი 2010 16:09
ცოტა უფრო დიდი ოვაციებით უნდა დახვედროდენ ამ ბიჭებს დაიმსახურეს ნამდვილად :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი