თემურ ქეცბაია: “ხორვატიას რა ძალა აქვს ვიცი, მაგრამ უნდა მოვუგოთ”

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 25-ნოე, 18:599 Sportnews 2374


- შედეგი შედეგად, მაგრამ შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე გამართული გუნდია?

- ზედიზედ 8 თამაშის არწაგება შემთხვევითი არაა. შესაძლოა, ორი-სამი კარგი მატჩი გადააბა, მაგრამ როდესაც წელიწადს დაუმარცხებლად განვლებ, ეს ცოტას არ ნიშნავს. რაც მთავარია, ვიცით, რა გზით მივდივართ, ნაკრების თამაშმა თავისი სახე მიიღო და წლევანდელმა მატჩებმა ბიჭებს რწმენა შემატა. რაც შეეხება გუნდის გამართულობას, ვცდილობთ და ეტაპობრივად წინ მივდივართ. ხარვეზი ბევრია და ჩვენი სამუშაოც ისაა, რომ აღმოვფხვრათ.

- უშუალოდ სათამაშო კუთხით ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა რომელია? რისი გადაწყვეტაც გსურდათ, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეთ...

- ის, რომ ბევრ ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ეს ნაკრებში პრობლემას ქმნის. ძლიერ ნაკრებებთან ეს თვალსაჩინოდ ჩანს, მობილურობის მხრივ და მინდორზე სწრაფი გადაადგილებებით გაჯობებს მეტოქე.

- უშუალოდ სლოვენიასთან მოგებულ ამხანაგურ მატჩს როგორ შეაფასებთ?

- ძალიან სასარგებლო მატჩი იყო, თუნდაც იმ მხრივ, რომ სლოვენიამ უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა. მათი ფეხბურთელები სამ წელიწადზე მეტია, ერთად თამაშობენ, აწყობილი გუნდი ჰყავთ და სიაშიც ნახავდით, რა გუნდებში ირიცხებიან. რომ გითხრათ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. იყო შეცდომები, დროის უმეტეს ნაწილში სლოვენია ფლობდა უპირატესობას, მაგრამ სასიხარულოა, რომ ასეთ მეტოქეს სტუმრად 2 გოლი გავუტანეთ და მოვუგეთ.

- შესვენებაზე რა უთხარით ფეხბურთელებს? ფაქტია, გუნდმა მე-2 ტაიმი მოიგო.

- უწინარესად, რისი თქმაც აუცილებელი იყო, სლოვენიისადმი ასეთი პატივისცემა არ შეიძლებოდა. უფრო თამამად უნდა ეთამაშათ. პირველ ტაიმში ამის პრობლემა ჩანდა. თავდაჯერება ბევრს ნიშნავს ფეხბურთში. თავიდანვე ამის მოთხოვნა ძნელი იყო ნაკრებისთვის, რომელსაც 2 წელი თამაში არ მოეგო, მაგრამ ახლა სხვა მომენტია.

- ნაკრების დებიუტანტთა თამაშს როგორ შეაფასებთ? ვინ გაამართლა თქვენი იმედები და ვინ – ვერა?

- დაკონკრეტება არ მინდა. მომდევნო მატჩისთვის სიას რომ გამოვაცხადებ, იქ გამოჩნდება, ვინ მომეწონა და ვინ – არა. იქამდე კი, დიდი დროა და არ მინდა, ზოგმა ფეხბურთელმა უკვე ნაკრებში დამკვიდრებულად იგრძნოს თავი, ზოგმა კი უიმედოდ ჩათვალოს სიტუაცია. ზოგადად კი, ზოგიერთი დებიუტანტის თამაში მომეწონა, ზოგისგანაც უფრო მეტს ველოდი.

- ოქტომბერში ლატვიასთან თამაშის წინ თქვით, ასათიანის ნახევარდაცვაში დაყენებას მოვერიდები, რადგან დაცვის დაშლა არ მინდაო. სლოვენიასთან რამდენად კარგად ითამაშა დაცვამ?

- შეცდომები ჰქონდათ და ეს ისეთი დაცვა არ იყო, როგორიც მსურს, მაგრამ ცუდადაც არ უთამაშიათ. კალაძემ, ხუბუტიამ, კაშიამ და კვირკველიამაც ბევრი იმუშავეს. მართალია, ვთქვი, დაცვის დაშლა არ მინდა-მეთქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვინმეს გარანტირებული აქვს ადგილი. ხელშეუხებელი არავინაა. თუ რომელიმე ფეხბურთელი სხვებზე უკეთ იქნება მზად, ძირითადშიც ის ითამაშებს.

- წეღან თქვით, სლოვენიის მიმართ ზედმეტი პატივისცემით თამაშობდნენ ჩემი ფეხბურთელებიო. არაა საშიშროება, რომ იგივე მოხდეს ხორვატიასთან 26 მარტის მატჩში? მეტოქე სლოვენიაზე ძლიერია და თან, გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩიცაა...

- ჩვენი მიზანიც ესაა, რომ გუნდი შემართული იყოს და სრული კონცენტრაციით ითამაშოს. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ხორვატია იქნება და ამის უარყოფა სისულელეა. ლაპარაკია ჩვენი ჯგუფის ლიდერზე, რომელსაც უკვე 10 ქულა აქვს და ისე ჩანს, 20-ქულიან ბარიერსაც გადალახავს. მართლაც მაღალი დონის გუნდია, მაგრამ მინდორზე შიშით გასვლა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, “ეროვნული” სტადიონი სავსე იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად. დიახ, შინ ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ.

- ხორვატთა მწვრთნელ სლავენ ბილიჩს პირადად იცნობთ?

- დიახ, ვიცნობ. ამ ზაფხულს მადრიდშიც შევხვდი მწვრთნელთა კონგრესზე. დარწმუნებული ვარ, ხორვატებიც მაქსიმალური სერიოზულობით მოეკიდებიან ჩვენთან თამაშს. ამას ბილიჩიც აღნიშნავს და იქაური პრესაც. მათთვის საქართველოს ნაკრები იოლი მეტოქე არაა და ეს ჩვენ მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.

- თქვენი აზრით, ხორვატიას თითქმის განაღდებული აქვს ჯგუფში პირველი ადგილი?

- ღმერთმა ქნას, ასე არ იყოს, მაგრამ ხორვატიამ მოიგო ისრაელში და ლატვიაში. არა მგონია, მალტაში დაკარგონ ქულები. ასე რომ... ლოგიკურად, შემადგენლობიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ხორვატიამ პირველი ადგილი არ უნდა დათმოს. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ...

- ჩანს, რომ ნაკრებს შუა ხაზში სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს თამაშს და შეტევაზე თამამად წავა. ამ ტვირთს ადრე ლევან ყენია კისრულობდა. ჯანმრთელი და კარგ ფორმაში მყოფი ყენია მოაგვარებდა ამ პრობლემას?  

- ყენიამ კარგი მატჩები ჩაატარა ნაკრებში. ჯერ 20 წლისაა, მაგრამ ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს – დიდი არა, თუმცა, გარკვეულწილად, საკმარისი. ჩვენც ველოდებით მის გამოჯანმრთელებას. კარგია, რომ კანკავამ დაიწყო თამაში, სლოვენიაში გვყავდა და იმედია, გაისად უკეთეს ფორმაში იქნება. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად და ნაყოფიერად გაივლიან ფეხბურთელები კლუბში მოსამზადებელ ეტაპს.

- 9 თებერვალს ნაკრები ვის ეთამაშება ამხანაგურად, ჯერ არ გადაწყვეტილა?

- ლუქსემბურგთან შეთანხმება, როგორც ვიცი, ჩაიშალა. სხვა ვარიანტებზე მოგვიწევს გადართვა. ალბათ, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

- ალბათ, თებერვალში ექსპერიმენტებს აღარ მიმართავთ.

- არა, 9 თებერვალს ექსპერიმენტების დრო არ იქნება. იმ დროს უკვე ისეთი შემადგენლობა უნდა მყავდეს, რომლებსაც ხორვატიასთან და ისრაელთან მარტის შესარჩევი მატჩებისთვის უნდა დავეყრდნო. კიდევ ვიმეორებ, ხორვატებთან 26 მარტს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და ეჭვიც არ მეპარება, სტადიონი სავსე იქნება, რაც ძალიან კარგია. გაისად ზედიზედ 3 რთული თამაშია – შინ ხორვატიასთან, სტუმრად ისრაელთან და ასევე სტუმრად ხორვატიასთან. ამ შეხვედრებში თუ ქულები ვერ ავიღეთ, ფინალურ ეტაპზე გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება.  

- აეკი, პაოკი, “პანიონიოსი”, “ომონია” – ამ გუნდებს და ალბათ, სხვებსაც სურდათ თქვენი გადაბირება. გასაგებია, რომ ჯერჯერობით, ნაკრებს არ მიატოვებთ, მაგრამ არც დაფიქრებულხართ?

- ამა თუ იმ კლუბზე ლაპარაკი ხშირია და ვერავის დავუშლი, არ დაწეროთ ან არ ილაპარაკოთ-მეთქი. კონტრაქტით საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი წელი უნდა ვიმუშავო და მანამდე არსად წასვლას ვაპირებ, მერე კი ვნახოთ, რა მოხდება.       






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)