ფრანჩესკო ტოტი: “რასიზმი, ისევე როგორც ფეხბურთი, სოციალური მოვლენაა”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 10-დეკ, 19:179 FCB 1555


იტალიური “რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ შემოდგომაზე საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო შემატა - 2010 წლის Golden Foot-ის გამარჯვებული გახდა. ეს პრიზი 2003 წელს დაწესდა და საერთაშორისო მასმედიის გამოკითხვის შედეგად, 29 წელზე უფროს ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 34 წლის იტალიელმა გამოკითხვაში ესპანელ რაულსა და ინგლისელ ბექჰემს აჯობა, ხოლო პრესტიჟული პრიზი მონაკოს პრინცისგან ჩაიბარა.

რუსული მედიიდან Golden Foot-ის გამოკითხვაში ხმის უფლება ჰქონდა ინტერნეტ-გამოცემა championat-ს და სწორედ მისი ჟურნალისტი ესაუბრა გამარჯვებულს.

- რას ფიქრობდით, როდესაც Golden Foot-ის პრემია უშუალოდ მონაკოს პრინცის ხელიდან მიიღეთ?

- ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება ძალიან სასიამოვნო იყო. ვფიქრობ, ეს ძალიან პრესტიჟული პრემიაა. პრინც ალბერტ II-ის ხელიდან მისი მიღება, ჩემთვის დიდი პატივია.

- “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ეროვნული გუნდისთვის ახალი კურსი დასახა და მის შემადგენლობაში გამოსათხოვარი მატჩის ჩატარება შეგთავაზათ. უარი რატომ უთხარით?

- საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მივიღე. ჩემთვის ეროვნული გუნდის დატოვება ძალიან რთული იყო, მაგრამ მსურდა კონცენტრაცია მთლიანად “რომაში” გამოსვლაზე მომეხდინა.

- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვის თვლით?

- ლიონელ მესი, ცალსახად, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.

- თქვენს ანგარიშზე ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოგიგიათ. შეგიძლიათ მშობლიური კლუბი დატოვოთ, რომ სხვა გუნდში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მოიპოვოთ?

- “რომაში” დარჩენას ვგეგმავ და კარიერის დასრულება სწორედ ამ კლუბში მინდა. ჩემი გუნდი მიყვარს და მას ყოველთვის მხარში ვედექი. ჩემპიონთა ლიგის მოგება მხოლოდ “რომას” შემადგენლობაში მინდა, როდესაც ამაყად დავიცავ კლუბის ფერებს – წითელსა და ყვითელს.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ “რომაში” ყველაზე ბედნიერი პერიოდი როდის გქონდათ? თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პარტნიორებთან გრძნობდით?

- “რომაში” ყველაზე ბედნიერი პერიოდი 2001 წელს მქონდა, როდესაც იტალიის ჩემპიონატი მოვიგეთ. სწორედ მაშინ ამიხდა სანუკვარი ოცნება. რაც შეეხება პარტნიორებს გუნდში, ბევრ “ვარსკვლავთან” ერთად მითამაშია და არაეთიკური იქნება კონკრეტული სახელები ვთქვა.

- მწვრთნელად ძალების მოსინჯვა არ გინდათ?

- დღესდღეობით არ ვგეგმავ. ჩემთვის უფრო მისაღები მენეჯერად მუშაობაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად არც ამაზე ვფიქრობ. მე ჯერ კიდევ მოედნისკენ მიმიწევს გული.

- კარიერის განმავლობაში გქონდათ მომენტები, რომელზეც გული გწყდებათ?

- ნებისმიერ ადამიანს ჰქონია რაღაც, რაზეც გული წყდება. მე უფრო მეტი გამარჯვების მოპოვება მსურდა. ჯერ კიდევ მაქვს შანსი, რომ საკუთარ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო.

- ფრანჩესკო ტოტის შეძენაზე ბევრი გუნდი ოცნებობდა, მათ შორის “მილანიც”. როდესმე “როსონერის” შემადგენლობაში გადასვლასთან ახლოს იყავით?

- დიახ, თუმცა ბოლომდე მაინც რომის ერთგული დავრჩი.

- ბევრი ამბობს, რომ თანამედროვე ფეხბურთი ის აღარაა, რაც ათწლეულების წინ იყო. მას შემდეგ რა შეიცვალა, რაც სერია A-ში დებიუტი გქონდათ?

- მართალი ხართ, ბევრი რამ შეიცვალა. თანამედროვე გუნდები გაცილებით სწრაფ ფეხბურთს აჩვენებენ, ვიდრე 17 წლის წინ. ტელევიზია სპორტის ამ სახეობას უფრო მეტ დროს უთმობს. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთში უფრო მეტი ადგილი შოუს ეთმობა და ნამდვილ სპორტს – ნაკლები.

- პროფესიონალური კარიერის დასაწყისში თქვენი კერპი ვინ იყო?

- ჯუზეპე ჯანინი –“რომის პრინცი”. ის ნამდვილი რომაელი იყო, ნატიფი მოთამაშე, ერთგული გულშემატკივარი და “რომას” კაპიტანი. ის ჩემი კერპი გახლდათ.

- ახალგაზრდობაში გქონდათ შანსი გეთამაშათ “ლაციოში” ან “რომაში”. მაინცდამაინც “რომა” რატომ აირჩიეთ?

- რა კითხვაა... ეს გულმა მიკარნახა!

- ბევრი გულშემატკივრისთვის თაყვანისცემის საგანი გახდით, მოიპოვეთ რა გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი პრიზი. რას გრძნობდით, როდესაც თავს ზემოთ სანუკვარი ჯილდო აღმართეთ?

- კმაყოფილებას. გარდა ამისა, ვიგრძენი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა. საშინელ ტრავმას გავუმკლავდი, ვიდრე ამ გამარჯვებას მოვიპოვებდი.

- მონტე-კარლოში Golden Foot-ის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ფრანც ბეკენბაუერს შეხვდით. არასოდეს გიფიქრიათ, რომ “რომაში” ხელმძღვანელის თანამდებობა დაგეკავებინათ, როგორც ამას ის “ბაიერნში” აკეთებს?

- არა, საკუთარ თავს, მხოლოდ გუნდის კაპიტნად ვხედავ.

- “რომას”, საფეხბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორ ფიქრობთ, ფეხბურთში რასიზმის გამოვლენასთან ბრძოლა რთულია?

- მე საერთოდ არ მესმის რასიზმის არსი. განსხვავებული კანის ფერის მქონე ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა უმეტესობა მეტოქე გუნდების შემადგენლობაში თამაშობს. მთავარი პატივისცემაა. სამწუხაროდ, რასიზმი, ისევე როგორც ფეხბურთი, სოციალური მოვლენაა.

- იტალიის ჩემპიონატში ბევრი ნიჭიერი მოთამაშის წინააღმდეგ გითამაშიათ. ახლა პოპულარობას “ნაპოლის” ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი იხვეჭს. მის შესახებ რას ფიქრობთ? რას გრძნობდით, როდესაც სლოვაკეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიას აჯობა?

- ჰამშიკი საუცხოო ფეხბურთელია. ვფიქრობ, იტალიაში მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. იმ მატჩში სლოვაკეთის გამარჯვება ჩემთვის დიდი სურპრიზი გახდა. სიმართლე გითხრათ, მსგავს შედეგს არ ველოდი. მაშინ, ძალიან უსიამოვნო განწყობა დამეუფლა.

- დაასახელეთ სერია А-ს საუკეთესო ლეგიონერი...

- იტალიაში ბევრი პროფესიონალი თამაშობს. ბოლო წლის განმავლობაში სნეიდერმა და მილიტომ მნიშვნელოვნად მოუმატეს, ძალიან ძლიერია იბრაჰიმოვიჩი. ამ ფეხბურთელს ნებისმიერი მატჩის მსვლელობის შეცვლა მარტოს შეუძლია. ჩემი თანაგუნდელი ვუჩინიჩი ასევე იმსახურებს ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერის წოდების ტარებას.

- მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატი საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურება. ლიდერობისთვის მინიმუმ შვიდი გუნდი იბრძვის. თქვენი აზრით, რბოლის ფავორიტად რომელი გუნდი ითვლება?

- “რომა”.

- მომავალში იტალიური ფეხბურთის “ვარსკვლავად” გახდომის შანსი რომელ მოთამაშეს აქვს?

- ორ “რომაელს” დაგისახელებთ – ალესანდრო როსის და სტეფანო ოკაკას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი