“ცირიონზე” 11 წლის შემდეგ

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 07-თებ, 23:169 beqa_beqa 1803


კვიპროსზე, 9 თებერვალს, სომხეთის წინააღმდეგ გასამართი საერთაშორისო მატჩი, ქართველი “ჯვაროსნებისათვის” რიგით 160-ე იქნება. ორი მეზობელი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები, ლიმასოლის 13-ათასიან “ცირიონზე” მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს, სულ კი მანამდე 4-ჯერ დაპირისპირებიან ერთმანეთს.
“ცირიონზე” პირველი ქართულ-სომხური პაექრობა, ქართველებისათვის იღბლიანთან ერთად, მომგებიანიც აღმოჩნდა. დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის მიერ ერთობლივად გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა. ეს კვიპროსის ტრადიციული ოთხთა ტურნირის დასკვნითი მატჩი გახლდათ და ამ მოგებით, “ჯვაროსნებმა” მე-2 ადგილი დაისაკუთრეს. სომხებთან მატჩი 2000 წლის ექვს თებერვალს შედგა, მანამდე სლოვაკებს ვძლიეთ (2:0), მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფ რუმინელებთან კი, მხოლოდ პენალტების სერიაში წავაგეთ (ძირითადი დრო 1:1 - ნაკრების ახლანდელი თავკაცის, თემურ ქეცბაიას გოლი ჰილდანმა 81-ე წუთზე გაქვითა).
რეიტინგი ვახსენეთ და პირველი შემთხვევაა, როცა სომხებთან თამაშისთვის საქართველოს ნაკრები მეზობლებზე რეიტინგით დაბლა იმყოფება. ახლახან გამოქვეყნებულ ფიფა-კოკა კოლას კლასიფიკაციაში “ჯვაროსნები” 71-ე ადგილზე არიან, “მთიელები” (ასე ითარგმნება სომხეთის ეროვნული გუნდის თიკუნი) კი 62-ეზე.
კვიპროსზე გამართულ კიდევ ერთ მატჩს უკავშირდება მომავალ მეტოქეთა ერთადერთი სანაკრებო შეხვედრა, როცა გამარჯვება სომხებს დარჩათ. ეს ამ ნაკრებთა ბოლო ურთიერთდაპირისპირებაში, 2004 წლის 21 თებერვალს, ნიქოზიაში მოხდა. მაშინ, ასიმილაციის გზაზე დამდგარ სომხეთის ნაკრებს რუმინელი მიხაი სტოიკიცა წვრთნიდა, გუნდში კი კარს ნიგერიელი კიპერი ბეტე იცავდა, დაცვაში კამერუნული ფესვების მქონე ნ’დუმბუკი, ხოლო ნახევარდაცვაში რუმინულ-სომხური მოქალაქეობის მატარებელი მარიან ზეიჩუ იდგა.
განვლილ ოთხ მატჩს, სომხეთის ნაკრების მხრიდან, 2 პოლარულად განსხვავებული ტრადიციულობა სდევდა თან. პირველი ის, რომ უკლებლივ ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა მცველმა სარგის ოვსეპიანმა. იგი 38 წლისაა და რა გასაკვირია, რომ სომეხთაგან ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩის ჩამტარებელიცაა. ვარდან მინასიანს კაპიტანი ამჯერადაც გამოძახებული ჰყავს ლიმასოლში სათამაშოდ.
მეორე ტრადიცია, რომელსაც ჩვენი მეტოქეები ჯიუტად არ არღვევენ, მწვრთნელებს ეხება. სომხეთის ნაკრებს, საქართველოსთან გამართულ მატჩებში ყოველთვის სხვადასხვა სპეციალისტი წვრთნიდა.
ბოლოს, იმ შეხვედრას გაგახსენებთ, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა სტატისტიკაში სამუდამოდ, ხოლო თავად მატჩის მხილველთა მესხიერებიდან კიდევ კარგა ხანს არ ამოიშლება. საუბარია 1997 წლის 30 მარტს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ პაექრობაზე. ის მატჩი ქართველთა უდავო უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 7:0. ამ შეხვედრაში, კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა შოთა არველაძემ (ანალოგიური შედეგი აჩვენა მან 2006 წლის 16 აგვისტოს, ფარერებთან გასვლითი მატჩისას). მისმა ტყუპისცალმა არჩილმა, მინდორზე თემურ ქეცბაიას ადგილი დაიკავა და რუსი არბიტრის, ვალენტინ ივანოვის საფინალო სასტვენამდე 2-ჯერ თავის გამოჩენა მოასწრო. ხორენ ოგანესიანის გაწვრთნილთა კიდევ ორჯერ დამწუხრება გიორგი ქინქლაძემ (პენალტით) და მიხეილ ყაველაშვილმა შეძლეს.
თითქმის 14 წლის წინანდელი მატჩის შედეგი, დღემდე სანაკრებო დონეზე ნაჩვენებ შედეგთა შორის ორივე ქვეყნისთვის მისათითებელია. ქართველებს არც მანამდე და არც მას შემდეგ, ასეთი დიდი ანგარიშით მატჩი არ მოგვიგია. სომხებს რაც შეეხებათ, მათ, იმავე 1997 წლის იანვარში, ჩილეში, იქაურ ნაკრებთან განცდილი “რეკორდული” მარცხის (0:7) სიმწარე გაიხსენეს...


თბილისი. 30 მარტი, 1997. ”ბორის პაიჭაძე”. 30000 მაყურებელი.
საქართველო - სომხეთი 7:0 (2:0)
საქართველო (96): ზოიძე (ტოგონიძე, 55), ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე (კაპ), შელია (შეყილაძე, 61), ჩიხრაძე (გოგიჩაიშვილი, 46), კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული (ყაველაშვილი, 46), ქეცბაია (არჩილ არველაძე, 57), ქინქლაძე (გახოკიძე, 61), შოთა არველაძე (ამირან მუჯირი, 68).
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
სომხეთი (108): ავაქიანი, სუკიასიანი, ვ. ხაჩატრიანი (სპეიანი, 65), ოვსეპიანი, ტერ-ზაქარიანი (ტუნოიანი, 46), ვარდანიანი (მანუკიანი, 57), პეტროსიანი (რ. ხაჩატრიანი, 61), ტერ-პეტროსიანი (ესაიანი, 57), მხითარიანი, ასადურიანი, ა. ავეტისიანი.
მთავარი მწვრთნელი: ხორენ ოგანესიანი.
გაფრთხილება: ტერ-ზაქარიანი (36).
გოლები: 1:0 შ. არველაძე (12), 2:0 ქინქლაძე (45, პენ.), 3:0 შ. არველაძე (53), 4:0 ა. არველაძე (58), 5:0 ა. არველაძე (60), 6:0 შ. არველაძე (67), 7:0 ყაველაშვილი (81).
მსაჯები: ვალენტინ ივანოვი, ვლადიმირ გესელევი, ალექსეი გარტი (რუსეთი).


ლიმასოლი. 6 თებერვალი, 2000. ”ცირიონი”. 300 მაყურებელი.
სომხეთი - საქართველო 1:2 (1:1)
სომხეთი (87): აბრამიანი (ბერეზოვსკი, 46), კაზანჯიანი (არა აკოფიანი, 79), ხაჩატრიანი, ოვსეპიანი, ასატრიანი, დოჰოიანი, პეტროსიანი, ნაზარიანი, არამ აკოფიანი (არუთინიანი, 87), არტ. ქარამიანი, სარქისიანი (არმ. ქარამიანი, 43).
მთავარი მწვრთნელი: ვარუჟან სუკიასიანი.
საქართველო (60): გრიშიკაშვილი, სილაგაძე, ქემოკლიძე, მენთეშაშვილი, ჩიხრაძე, თენგიზ სიჭინავა (შეყილაძე, 22), ნემსაძე (კაპ), ჯამარაული, ყაველაშვილი, არჩილ არველაძე, ზაზა ჯანაშია (მერაბ ძოძუაშვილი, 46).
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი.
გაფრთხილება: ყაველაშვილი.
გოლები: 0:1 ზ. ჯანაშია (7), 1:1 ხაჩატრიანი (44), 1:2 მენთეშაშვილი (55).
მსაჯი: კ. კონსტანტინისი (კვიპროსი).


ერევანი. 26 აპრილი, 2000. ”რაზდანი”. 22000 მაყურებელი.
სომხეთი - საქართველო 0:0
სომხეთი (91): აბრამიანი, ვარდანიანი, ოვსეპიანი, ხაჩატრიანი, სუკიასიანი, ხოჯოიანი, ვოსკანიანი, პეტროსიანი (ასატრიანი, 79), პეტროსიანცი (არტ. ქარამიანი, 56), შახგელდიანი, არამ აკოფიანი (არმ. ქარამიანი, 68).
მთავარი მწვრთნელი: ვარუჟან სუკიასიანი.
საქართველო (64): გრიშიკაშვილი, მიქაძე (რეხვიაშვილი, 34), ნემსაძე (კაპ), სილაგაძე, სევასტი თოდუა, ხიზანიშვილი (დიდავა, 72), თენგიზ სიჭინავა, ალექსიძე (მენთეშაშვილი, 55), ჩალაძე (იონანიძე, 46), დემეტრაძე, ყაველაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი.
გაფრთხილება: ყაველაშვილი.
მსაჯი: გ. იაკუბოვსკი (ბელარუსი), კ. ბალიანი, ვ. შაროიანი (სომხეთი).


ნიქოზია. 21 თებერვალი, 2004 წელი. “მაკარიონი”.
სომხეთი - საქართველო 2:0 (1:0)
სომხეთი (114): ბეტე, ოვსეპიანი, ხაჩატრიანი (ნ’დუმბუკი, 79), პაჩაიანი (ვ. ალექსანიანი, 87), მელიქიანი (მანუჩარიანი, 88), ზეიჩუ, ნაზარიანი (კ. ალექსანიანი, 89), მკრტჩიანი, ვოსკანიანი, არტ. კარამიანი (კირაკოსიანი, 87), არმ. კარამიანი (აკობიანი, 73).
მთავარი მწვრთნელი: მიხაი სტოიკიცა.
საქართველო (94): მამალაძე, ქემოკლიძე (კანდელაკი, 60), შაშიაშვილი, წერეთელი, კვირკველია, ვიტალი დარასელია, ნემსაძე (კაპ), ლევან კორღალიძე, გაბიდაური, ქინქლაძე, სანდრო იაშვილი (ლევან მელქაძე, 60).
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა.
გოლები: 1:0 არტ. კარამიანი (41), 2:0 არმ. კარამიანი (52).
მსაჯი: რ. ლაიუკსი (ლატვია).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი