გარონე: კასანო უკვე წარსულია

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 17:449 beqa_beqa 1538


ანტონიო კასანოსა და "სამპდორიას" პრეზიდენტს შორის მომხდარ გაუგებრობაზე ძალიან ბევრი ითქვა. უმეტესობამ გაამართლა ფეხბურთელის საქციელი, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც პრეზიდენტ რიკარდო გარონეს მხარე დაიჭირეს. ვინც ჯერ კიდევ არ იცის რაშია საქმე, ორი სიტყვით გეტყვით, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ კასანო გუნდიდან მოკვეთეს. მიზეზი? - "სამპას" პრეზიდენტმა წვეულებაზე გუნდის მთელი შემადგენლობა დაპატიჟა, თუმცა კასანომ სახლში დარჩენა ამჯობინა და ამით, გარონე მეტისმეტად გაანაწყენა.

ანტონიოს თქმით, მისი მოვალეობა წვეულებებზე სიარული არაა და შესაბამისად, სახლში ფეხმძიმე მეუღლესთან დარჩენა არჩია. ბევრისთვის ეს მიზეზი სრულიად საპატიო იქნებოდა, მაგრამ არა გარონესთვის, რომელმაც გულში ჩაიდო წყენა და მას შემდეგ, კასანოს "სამპდორიას" შემადგენლობაში აღარც უთამაშია. შესაბამისად, უნიჭიერესი ფეხბურთელის საქმეები უკან წავიდა - ჩეზარე პრანდელიმ ეროვნულ გუნდს მიღმა დატოვა და პრინციპში ეს არცაა გასაკვირი, რადგან ანტონიოს ხეირიანად ვარჯიშის საშუალებაც კი არ ეძლევა. ბუნებრივია, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ჟურნალისტები არსებული ვითარებით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. პრეზიდენტ რიკარდო გარონეს შეეხმიანენ და ვრცელი კომენტარი ჩამოართვეს:

"თამამად შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ანტონიო კასანო "სამპდორიას" ფეხბურთელი აღარ არის. მასთან ხელშეკრულება გაწყდება და ამაში თავადვეა დამნაშავე. ყველაზე მეტად დაუნახავ ადამიანებს ვერ ვეგუები და სამწუხაროდ, ანტონიო სწორედ ასეთი აღმოჩნდა. არაერთხელ შევაქე პრესასთან საუბარში, მუდმივად მის მხარეს ვიჭერდი, თუმცა მწარედ შევცდი. პრესაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მუდმივად იმაზეა საუბარი თითქოს ოჯახში ფეხმძიმე მეუღლესთან დარჩენა არ ვაპატიე. ასე ნამდვილად არ არის და აუცილებლად აგიხსნით ყველაფერს. ანტონიო წვეულებაზე არ მოვიდა და როდესაც მიზეზით დავინტერესდი, არც კი ამიხსნა. მითხრა, რომ მისი მოვალეობა მხოლოდ ფეხბურთის თამაში იყო. ადამიანურად რომ აეხსნა არსებული ვითარება და მის ხმაში სინანულის გრძნობა შემენიშნა, არავითარი გაუგებრობა არ მოხდებოდა. კასანო კი ისე მელაპარაკა, რომ ტელეფონით საუბრისთანავე "ავფეთქდი" და საკმაოდ სერიოზული შელაპარაკება მოგვივიდა. უზრდელია და დაუნახავი, ასე რომ, მისი ადგილი "სამპდორიაში" არ არის".

ბოლო დროს, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა იტალიელმა ფეხბურთელმა. საუბარია "იუვენტუსზე", "ინტერზე", "ლაციოზე" და "პალერმოზეც" კი, თუმცა ყველაზე საინტერესოდ მაინც გუშინ გავრცელებული ცნობა გვეჩვენება. თურმე, ანტონიოს დამატებით თვით ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელსაც ჭირვეულ ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. შეგვიძლია მისი "ინტერში" მოღვაწეობა და ჯერ ადრიანოსთან, შემდეგ კი მარიო ბალოტელისთან რთული ურთიერთობები გავიხსენოთ. აი რა კომენტარს აკეთებს გარონე კასანოს "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე:

"ვერაფერს გეტყვით, თუ "რეალის" პრეზოდენტი ისეთივე მორალური მრწამსის მატარებელია, როგორიც კასანო, შეუძლია წაიყვანოს. ჩვენთვის ჯერ არავის მოუმართავს, მათ შორის არც მადრიდული კლუბის მესვეურებს. არც მიკვირს, რადგან რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ფეხბურთელი, თუ ელემენტარული კულტურა არ აქვს, გუნდს არ უნდა გააკარო. ძალიან აღშფოთებული ვარ, რადგან ბოლოს ისე ილაპარაკა ერთ-ერთ ტელეშოუში, პირადად რომ ეთქვა, აუცილებლად მივბეგვავდი. მით უმეტეს, ფიზიკურ მომზადებას არ ვუჩივი".

მოკლედ, კასანო თავის სტიქიაშია - იმდენად გამოიყვანა "სამპდორიას" პრეზიდენტი წყობიდან, რომ ეს უკანასკნელი მუშტებზეც კი იყურება. ეს ყველაფერი მაურიციო ძამპარინის თავს რომ ხდებოდეს, არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ გარონეზე გვაქვს საუბარი და რადგან ჭკუიდან არის გადასული, ალბათ აქვს კიდეც ამის მიზეზი.

"სამპდორიას" პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ იანვარში კასანო ახალ კლუბში გადაბარგდება. მართლაც ძალიან საინტერესოა სად გააგრძელებს კარიერას ანტონიო, იტალიაში დარჩება თუ უცხოეთს მიაშურებს? - ჯერჯერობით ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მით უმეტეს, პრესასთან ურთიერთობას თავად ფეხბურთელი ერიდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი