რაგბის მმართველმა ორგანომ, ახლახან, იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობა და სანქციები გაამხილა, რომლებსაც დადებითი ტესტის პასუხი აღმოაჩნდათ. დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე მერყეობს. ყველაზე მკაცრად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაისაჯა. მას 11 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში.
სიაში მორაგბე ლაშა ლომიძევ - 9 თვიანი დისკვალიფიკაციით. აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობის ბრალდებით.
ქართული რაგბის სამყაროში მომხდარი მასშტაბური დოპინგ სკანდალი სპორტულ წრეებში დიდი ხანია ცნობილია. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველი მორაგბის ლაშა ლომიძის მეუღლე, მოდელი ანა შელია სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სიაში მოხვედრილი ლაშა ლომიძე, არა მისი ქმარი, არამედ, სხვა ლაშა ლომიძეა
"ისევ და ისევ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ჩემს მეუღლეზე - ლაშა ლომიძეზე. ლაშა უკვე რამდენიმე წელია არ არის აქტიურ სპორტში და ე.წ. "დოპინგ-სკანდალის“ დროს ნაკრებშიც აღარ იმყოფებოდა.
სანამ მსგავს ინფორმაციას დაწერთ ან გამოაქვეყნებთ, გთხოვთ, გადაამოწმოთ ფაქტები და ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. საუბარია სხვა ლაშა ლომიძეზე, რომელიც ასევე იყო მოკლე დროით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.ეს განსაკუთრებით შეეხება საინფორმაციო გვერდებსა და მედიასაშუალებებს".
ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თავად ლაშა ლომიძემაც გააკეთა კომენტარი აღნიშნულ საკითხზე :
,,მოგესალმებით,
დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი და ვის სიამოვნებს თავის მართლება?! მაგრამ ისე გამოვიდა იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას და მათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაშია შესული.
ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს სოციალურ ქსელში.
მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!
გთხოვთ, გადაუმოწმებლად ნუ მომიხსენიებთ, მით უმეტეს ცუდ კონტექსტში!
წარმატებებს ვუსურვებ მერაბს ახალ წამოწყებაში! ის თავის სიტყვას იტყვის!“, – წერს ლაშა ლომიძე.
წყარო: ambebi.ge
