დღის ახალი ამბები

"მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების გამო უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" – შოთა არველაძე

"მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების გამო უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" – შოთა არველაძე
11-09-2023, 10:02

შოთა არველაძის პოსტი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან 7:1 წააგო, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველმა გულშემატკივრებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს ნაკრებს.

“მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ.

დინამო არენაზე მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.

განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, ამიტომ წარმოუდგენელია ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს. შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.


P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ”- წერს შოთა არველაძე.




გაზიარება
მოინახულეს 883-ჯერ
კომენტარები
რეკლამა