მარეიც ნახევარფინალშია

მარეიც ნახევარფინალშია

26-11-2010, 18:06

ენდი მარეიმ წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დავიდ ფერერს სძლია და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

24 წლის სკოტმა მეჩოგნემ ესპანელ დავიდ ფერერს, ვინაც ტურნირის 2007 წლის ფინალისტია, დამაჯერებლად – 6:2 6:2 – მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ჯგუფში პირველ ადგილზე 3 მოგებით შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გავიდა, რომელმაც ხუთშაბათს შვედ რობინ სოდერლინგსაც სეტის წაუგებლად აჯობა.

შეგახსენებთ, მარეიმ პირველ ტურში სოდერლინგი დაჯაბნა 6:2 6:4, ხოლო მეორეში ფედერერთან დათმო 4:6 2:6.

ენდი რვაკაცაზე მესამედ გამოდის და ნახევარფინალში უკვე მეორედ მოხვდა. პირველად მან ამ ეტაპს 2008 წელს, შანხაიში უწია, სადაც რუს ნიკალაი დავიდენკოსთან წააგო. შარშან ლონდონში კი მან ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა...

“ბუნებრივია, ნახევარფინალში გასვლა ძალიან მახარებს – თქვა შემდეგ ენდიმ – ამის გაკეთება იოლი არ არის, აქ ხომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები გამოდიან. დღეს კარგად ვითამაშე – მოწოდებაზეც და მიღებაზეც. დავიდისნაირ მეტოქესთან ასეთი ანგარიში რომ მოიგო, მართლაც კარგად თამაში გმართებს.”

“ენდიმ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა – აღნიშნა თავის მხრივ ფერერმა – მე კი მთელი კვირის მანძილზე ურიგოდ ვაწვდიდი. ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში ისედაც რთულია და თუ მოწოდებაც არ მიგდის და ასი პროცენტით მზად არ ხარ, საერთოდაც შეუძლებელია.”

მიუხედავად რვაკაცაზე განცდილი სამი მარცხისა, ფერერისთვის ეს სეზონი ძალზე წარმატებული გამოდგა – მან ხუთ ტურნირზე ფინალში ითამაშა, ორგან – ვალენსიასა (ჭერქვეშა მაგარსაფრობა) და აკაპულკოში (ჭერგარე თიხნარობა) - ტიტული მოიხვეჭა, მსოფლიო რეიტინგის ზეათეულს დაუბრუნდა და კარიერაში მეორედ იასპარეზა სეზონის ფინალურ ტურნირში.

B ჯგუფი მ წ ს გ
როჯერ ფედერერი 3 0 6:0 37:20
ენდი მარეი 2 1 4:2 30:24
რობინ სოდერლინგი 1 2 2:4 29:35
დავიდ ფერერი 0 3 0:6 19:38

რაც შეეხება პირველ ჯგუფს, პარასკევს, ბოლო ტურის შეხვედრებში, რაფაელ ნადალი ტომაშ ბერდიხს შეხვდება (18.00), ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი – ენდი როდიკს (24.00).

A ჯგუფი მ წ ს გ
რაფაელ ნადალი 2 0 4:1 29:23
ნოვაკ ჯოკოვიჩი 1 1 2:2 19:19
ტომაშ ბერდიხი 1 1 2:2 19:20
ენდი როდიკი 0 2 1:4 24:29

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით