სოდერლინგმა მასტერსის სერიის პირველი ტურნირი მოიგო

სიახლეები / ჩოგბურთი 15-ნოე, 16:319 FCB 1231 1





რობინ სოდერლინგმა პარიზის მასტერსტურნირის ფინალში ფრანგი გაელ მონფისი დაამარცხა და ამ სერიის შეჯიბრებებზე კარიერის პირველი ტიტული მოიხვეჭა.

26 წლის შვედმა ორი წლით უმცროს მეტოქეს, რომელმაც ნახევარფინალში როჯერ ფედერერს უდაძაბულეს სამტაიბრეიკიან შეხლაში აჯობა, დამაჯერებლად – 6:1 7:6 (7:1) – სძლია.
“გუშინ ძალიან დიდი ენერგია გავიღე და დღეს უფრო აქტიური თამაშისთვის ძალა აღარ მეყო” – აღიარა ფინალის შემდეგ მონფისმა.

სოდერლინგი კი სიხარულს ვერ მალავდა: “დიდებული შეგრძნებაა. ფინალებში, განსაკუთრებით კი პარიზში ჩატარებულ ფინალებში, მაინცდამაინც კარგი შედეგებით ვერ დავიკვეხნიდი. სხვა თუ არაფერი, როლან გაროზე ორი ფინალი წავაგე. ამდენად, ცხადია, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ამ მატჩის მოგება ისე მინდოდა, რომ ღამე წესიერად არც მიძინია, ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა თამაში კარგად დავიწყე და, იმის მიუხედავად, რომ გაელი მეორე სეტიდან უკეთ ათამაშდა, დიდი უპირატესობით მოგებული პირველი სეტის შემდეგ თავს მშვიდად ვგრძნობდი და გეგმის მიხედვით, აუღელვებლად ვმოქმედებდი. სწორედ ამის წყალობით იყო, ტაიბრეიკიც საკმაოდ კარგად რომ ჩავატარე.”
ეს სოდერლინგისთვის წლის მეხუთე ფინალში მეორე, ხოლო კარიერის მეთექვსმეტე ფინალში მეექვსე გამარჯვებაა და მომავალი კვირიდან ის მსოფლიო რეიტინგში აქამდელი მეხუთე ადგილიდან პირადსარეკორდოდ მაღალ – მეოთხე – საფეხურზე აინაცვლებს, საიდანაც სკოტ ენდი მარეის დააქვეითებს.

ის გახდა პირველი შვედი მეჩოგნე 2000 წლის შემდეგ, მასტერსის სერიის ტურნირი რომ მოიგო. ბოლო იქაური, რომელმაც ამ სერიის შეჯიბრებებზე იმარჯვა, ტომას ენკვისტი გახლდათ – მან ხსენებული წლის ცინცინატის მასტერსტურნირის ფინალში ბრიტანელ ტიმ ჰენმანს აჯობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ის წლეულს უკვე მეხუთე მოთამაშეა, ტიტულის მოპოვება ტურნირის მსვლელობისას თუნდაც ერთი მატჩბურთის გადარჩენის შემდეგ რომ შეძლო. შეგახსენებთ, ნახევარფინალში, ფრანგ მიქელ ლოდრას წინააღმდეგ, მან გადამწყვეტი, მესამე სეტის, მე-12 გეიმში სამი მატჩბურთი გადაარჩინა.

მონფისის დამარცხებით მან წლეულს 20 მარცხის წილ 56-ე გამარჯვება მიითვალა. მიმდინარე წლის თებერვალში რობინმა როტერდამის ჭერქვეშა ტურნირი მოიგო, შემდეგ კი სამ თიხნარობაზე – ბარსელონაში, როლან გაროსა და ბასტადში – ფინალებში დამარცხდა.
რაც შეეხება მონფისს, მან ამ ტურნირზე უკვე ზედიზედ მეორე ფინალი დათმო და ამ სერიის შეჯიბრებებზე პირველი, მიმდინარე სეზონში მეორე, ხოლო კარიერაში მეექვსე ტიტულის მოხვეჭის შანსი გაუშვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

admin 15-ნოე, 18:32

რა საინტერესო ჯილდო ერგო, აშკარად არმატურისგან არის დამზადებული :D
კომენტარის დატოვება






რეკლამა