Image

გეწაძის ბენეფისი - პასი+გოლი

ფეხბურთი / საქართველო 20-სექ, 20:019 Eke 2006


















ჩემპიონს ისეთი მეტოქე არ ჰყავდა, რომ მისი ძლევის გამო ქომაგმა ზარ-ზეიმი გამართოს, მაგრამ სუსტსაც ხომ უნდა დამარცხება. მით უფრო, თემურ მახარაძის გუნდი ჩემპიონატის დებიუტში არც ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის, თბილისის “დინამოს” ძლევას (1:0) მორიდებია.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარე სეზონს, ოქროს მედლების მოსაპოვებელ ბრძოლაში, გამორჩეული ფავორიტი არ ეყოლება, რის ნათელ სურათს მე-5 ტურის (მომავალ ოთხშაბათს გუნდები გამოტოვებულ პირველ ტურს ითამაშებენ და ნუმერაციით გამოწვეული გაუგებრობაც დასრულდება) საბოლოო ცხრილიც იძლევა.

მატჩი დათქმულ 17:30 საათზე 12 წუთით ადრე დაიწყო. როგორც რუსთავული საფეხბურთო არენის დირექციაში გვითხრეს, ყველაფერი ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. თამაშისას ციდან ნალექი “ცრიდა”, რაც მეტოქეთა მეკარეებისგან შორიდან დარტყმების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. საფეხბურთო გაზონს რაც შეეხება, მოგეხსენებათ “ფოლადზე” ხელოვნური საფარია დაგებული, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და ფეხბურთელებს საკუთარი ოსტატობის ბოლომდე ჩვენების საშუალებას აძლევს.

დასაწყისი მასპინძელთა შეტევებით აღინიშნა. პირველივე “სტანდარტი” ხიფათით შეიძლებოდა დასრულებულიყო, მაგრამ კუთხურიდან ჩაწოდებულის ღონღაძისეული გაგრძელება მიზანს ასცდა. მე-10 წუთზე ცხინვალელ შონიას მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მის მიერ კარის ჩარჩოს კარგა მანძილით აცილებულ ჯარიმიდან დარტყმულს, “ოლიმპის” კიპერმა თვალი გააყოლა.

რუსთაველთა შეტევებს განსაკუთრებული სიმწვავე ფლანგებიდან ჩაწოდებისას ჰქონდა. ამ კომპონენტში ყველაზე მეტად ღონღაძე და გეწაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთი განსხვავებით - თუ პირველი მათგანი მისი სათამაშო ამპლუის გამო (იგი მარჯვენა მცველია) ფლანგს არ იცვლიდა, მეორეს მწვრთნელისაგან სრული “კარტ-ბლანში” ჰქონდა მინიჭებული. გეწაძე “მოხეტიალე ხელოვანის” ფუნქციით იყო აღჭურვილი და ყველაზე მეტ პრობლემასაც სწორედ ის უქმნიდა ცხინვალელთა დაცვას. აკი მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ის გახლდათ - რეზომ ჯერ პარტნიორს გაატანინა მარცხნიდან ზუსტი ფლანგური გადაცემით (26-ე წუთზე ბერიაშვილმა იხეირა), მერე კი გაზონისა და ბურთის სისველით, გამოცდილ გრიშიკაშვილს მარჯვენა ფლანგიდან შესრულებული ზუსტი დარტყმის შემდეგ დააშვებინა შეცდომა.

გიორგი ბერიაშვილს გოლის გატანა ჯერ კიდევ 22-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ღონღაძის ზუსტ ჩაწოდებულზე მის თავურს მცირედი დააკლდა სტუმართა კარში მოსახვედრად. რაც შეეხება მატჩში “სპარტაკის” მიერ შექმნილ ყველაზე რეალურ საგოლე მომენტს, იგი მასპინძელთა დაცვაში მომხდარ გაუგებრობას მოჰყვა. პირველი ტაიმის ბოლომდე 15 წუთი იყო დარჩენილი, როცა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ერთმანეთს ჯაფარიძე და რეხვიაშვილი შეეჯახნენ, ბურთი იქვე მყოფ კოტდივუარელ ტიერი კლოვისს მიუვიდა, რომელმაც ბედიაშვილის კართან მიახლოებას, ბურთისთვის თხუთმეტიოდე მეტრიდან დარტყმა ამჯობინა - დარტყმულს კიპერი დაეუფლა.

შესვენებაზე წასვლამდე “ოლიმპი” კიდევ ორჯერ დაემუქრა სოსო გრიშიკაშვილის კარს. პირველად ეს 42-ე წუთზე, გიორგი ქავთარაძემ გააკეთა. მან დაახლოებით 25 მეტრიდან, ბურთი უძლიერესი დარტყმით გაგზავნა “სპარტაკის” კარისკენ; მეორედ, მარჯვენა ფლანგზე გადანაცვლებულმა გეწაძემ ოდნავ მოედნის სიღრმეში შეიწია და საკმაოდ მახვილი კუთხიდან კიპერს “ყუმბარისებური” დაურტყა. ცხინვალელთა კარის დარაჯმა ორივე შემთხვევაში შეძლო ხიფათის თავიდან აცილება.

მე-2 ტაიმის დასაწყისი, მანამდე “ჩრდილში მყოფი” ირაკლი მოდებაძის გააქტიურებით აღინიშნა. მწვრთნელმა ნახევარმცველს წინ წაწეული ბერიაშვილის სიახლოვეს ყოფნა დაავალა და მანაც კარში დარტყმას მოუხშირა. ოთხწუთიან მონაკვეთში მოდებაძეს სამჯერ მიეცა კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნის საშუალება და მიზანს სამჯერვე ააცილა. გოლთან ყველაზე ახლოს, ირაკლი 70-ე წუთზე რევაზ გეწაძის შესრულებული “სტანდარტის” შემდეგ იყო - “სპარტაკის” კართან სიახლოვეში მყოფი შუახაზელი გადაცემის “ჩახურვას” შეეცადა, მაგრამ კვლავ უზუსტოდ.

მატჩის საფინალო სასტვენამდე, მცველების - ღონღაძისა და რეხვიაშვილის შეტევაში მორიგი ჩართვების მიუხედავად, ანგარიში უცვლელი დარჩა - 2:0. ჩემპიონი ოთხ მატჩში დაგროვილი 7 ქულით, კიდევ სამ გუნდთან ერთად მოექცა სატურნირო ცხრილის სათავეში. “ოლიმპს” პროფლიგის რეგლამენტის ის პუნქტი აქცევს ლიდერად, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვით - მახარაძის შეგირდებს აგვისტოში ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი ჰყავთ დამარცხებული.

მატჩის შემდეგ

გოჩა ჩიქოვანი (“სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი): მეტოქეს აშკარა უპირატესობა ჰქონდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ჩემმა გუნდმა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მიცემული დავალება ვერ შეასრულა. მე-2 ტაიმში თითქოს ცოტათი გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ დაშვებული უხეში შეცდომების გამო, უკეთესობა არ დაგვტყობია”.

თემურ მახარაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “ორივე გუნდს თანაბარი ქულები გვქონდა და ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ვთვლი, რომ “სპარტაკი” კარგი გუნდია და მასთან იოლად ქულებს ვერავინ მოიპოვებს. ბიჭებმა, რაც დავავალე, თითქმის ყველაფერი პირნათლად შეასრულეს. ყველას მადლობელი ვარ დღევანდელი თავდადებისთვის, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო რეზო გეწაძის კარგი თამაში. დღეს დებიუტი ჰქონდა “დინამოს” აკადემიის აღზრდილს გიორგი ქავთარაძეს, რომლის კმაყოფილიც ვარ”.


“ოლიმპი” (რუსთავი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) 2:0 (1:0)

რუსთავი, 11 სექტემბერი, 2010. “ფოლადი”. 500 მაყურებელი.


ოლიმპი: ბედიაშვილი, ღონღაძე, რეხვიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ჯაფარიძე, ირაკლი მოდებაძე (ქემოკლიძე, 88), ქავთარაძე, რაზმაძე, დობროვოლსკი (უგულავა, 69), გეწაძე (ხოჭოლავა, 90+1), ბერიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: თემურ მახარაძე.

სპარტაკი: გრიშიკაშვილი, ბოიომო, თავბერიძე, კორსანტია, ჭაფოძე, შოთა კაშია, მგელაძე (ვალერი ბოლქვაძე, 77), შონია, სარალიძე (ნიკოლოზ მაისურაძე, 67), დეკანოიძე, კლოვისი (ბუზალაძე, 86).

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი.


გაფრთხილებები: ჯაფარიძე (8), კორსანტია (60).
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (26), 2:0 გეწაძე (83).
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი).


ავტორი: ერეკლე გორგოძე


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
cheki19 27 მარტი 2011 02:55
ოლიმპი მაგარია
DaviD 22 სექტემბერი 2010 21:57
ოლიმპი 4ევერრრ
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (150)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა