მინისტრი ახალი სეზონის გახსნის წინ ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 12-იან, 14:129 beqa_beqa 1307 0





11 იანვარს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური ესტუმრნენ და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ. ქართველი სპორტსმენები ბაქოსა და თბილისის საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებიან.

აზერბაიჯანის დედაქალაქი მასტერსს 15-16 იანვარს უმასპინძლებს და ტატამზე მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ძიუდოისტები გავლენ, მათ შორის 6 ქართველიც - ამირან პაპინაშვილი დავით ასუმბანი (ორივე 60 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ). 29-30 იანვარს კი თბილისში ტრადიციული მსოფლიოს თასი გაიმართება და მასპინძლებს თითოეულ წონით კატეგორიაში 4-4 მონაწილე ეყოლებათ.

სოსო ლიპარტელიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):"ბაქოს მასტერსი წლეულს პირველი ტურნირია და მასზე მონაწილეებს ინდივიდუალურად იწვევენ. ჩვენი გუნდის წევრთაგან ხუთი თავისით მოხვდა მასტერსის სიაში, ხანჯალიაშვილის თაობაზე კი ორგანიზატორები მას შემდეგ დაგვიკავშირდნენ, რაც რამდენიმე მაღალრეიტინგიანი მძიმეწონოსანის ჭიდაობა გამოირიცხა. მართალია სეზონის დასაწყისია და ოპტიმალურ ფორმაშიც ვერ არიან, მაგრამ ბიჭებს შეუძლიათ მედლებისთვის იბრძოლონ.

რაც შეეხება თბილისის ტურნირისთვის სამზადისს, 16 იანვრიდან შევუდგებით. სპორტის სასახლეში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნები იჭიდავებენ, თუმც შესაძლოა რამდენიმე გამონაკლისიც დავუშვათ. მსოფლიოს თასის შედეგებით კი იმ ძიუდოისტებს შევარჩევთ, რომლებიც შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვებიან, ნაკრების ლიდერობისა და 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად".


ლადო ვარძელაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი):"წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. ბაქოს მასტერსით ახალი სეზონი იქყება და ძალიან საინტერესოა, თუ როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი ძიუდოისტები ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდს.

ძიუდოისტებმა ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და მჯერა, თავს არ შეირცხვენენ. ნაკრების ძირითადი ბირთვი კი თბილისის მსოფლიოს თასზე უნდა გამოიკვეთოს. გუნდში ვარჯიშის სტილი შეიცვალა, დატვირთვები გაორმაგდა და იმედია ეს სიახლე ქართულ ძიუდოს სასიკეთოდ წაადგება



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა