დღის ახალი ამბები

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ატლანტა“ დაამარცხა და NBA-ის პლეი ოფის საგზური მოიპოვა

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ატლანტა“ დაამარცხა და NBA-ის პლეი ოფის საგზური მოიპოვა


16-04-2025, 08:49

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პლეი ინის ეტაპი დაიწყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციაში ორ-ორი გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებენ.


აღმოსვლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე გასული გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 120:95 გაიმარჯვა. ამით გუნდმა NBA-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღო.


გოგა ბითაძე ორლანდოელთა ძირითად ხუთეულში არ იმყოფებოდა და მწვრთნელისგან შეზღუდული სათამაშო დრო, 4 წუთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. ბითაძემ ერთი ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.


„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კოულ ენტონის ანგარიშზე იყო, ხოლო შეხვედრა 19 ქულით დაასრულა ვენდელ კარტერმა. შედეგიანობის მხრივ მესამე საუკეთესო პაოლო ბანკერო გახლდათ – 17 ქულით.


ფლორიდელთა მეტოქე NBA-ის პლეი ოფის პირველ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ იქნება. გუნდებს შორის სერია 20 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც 4 მატჩს მოიგებს.


პლეი ინის ეტაპი დაიწყო დასავლეთ კონფერენციაშიც. „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ საკუთარ დარბაზში დაძაბულ ბრძოლაში „მემფის გრიზლსი“ 121:116 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვება ჯიმი ბატლერისა (38 ქულა) და სტეფ კარის (37 ქულა) შედეგიანმა თამაშმა განაპირობა. „გოლდენ სტეიტი“ პლეი ოფის პირველ წრეში „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდება.


წყარო: 1tv.ge





გაზიარება
მოინახულეს 43-ჯერ
კომენტარები
რეკლამა