დღის ახალი ამბები

რა თანხა გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით

რა თანხა გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით


27-05-2025, 08:05

პარიზში წლის მეორე დიდმა სლემმა საფრანგეთის ღია პირველობამ აიღო სტარტი, სადაც ძირითად ბადეში მონაწილეობას ორი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა მიიღებენ. 

 

კალაშნიკოვა ავსტრალიელ მაია ჯოინტთანაა შეამხანაგებული და პირველ წრეში საკმაოდ ძლიერ ლიუდმილა კიჩენოკისა და სოფია კენინის წყვილს შეხვდება. 

 

რაც შეეხება ბასილაშვილს, რომელმაც საკვალიფიკაციო ბადეში სამი მატჩი მოიგო და ძირითად ეტაპზე გააღწია, პირველ წრეში 21 წლის პორტუგალიელს, მსოფლიოს 201-ე ნომერს ენრიკე როშას შეხვდება. 

 

ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ და 2024 წლის დასაწყისში მურსიას ჩელენჯერის ფინალში პორტუგალიელმა ქართველი სამ სეტში 6:3, 6:7, 5:7 დაამარცხა. 

 

"როლან გაროსის" საპრიზო ფონდი გასულ წელთან შედარებით 5.21%-ით მეტია და 56.352 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში კი გამარჯვებული 2,550,000 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

ბასილაშვილმა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლისთვის 43 000 ევრო უკვე გამოიმუშავა. თუ ის როშას აჯობებს, დამატებით 35 000 ევროსა და 10 სარეიტინგო ქულას მიიღებს. 

 

წარმატების შემთხვევაში ნიკოლოზი ძირითადი ბადის მეორე წრეში ან ფრანგ ალექსანდრ მიულერს ან ჩეხ იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდება. თუ კი ქართველმა იქაც მატჩი სათავისოდ დაასრულა, მაშინ კიდევ 39 000 ევროს მიიღებს. ორი მატჩის მოგებით ჩვენებურს ჯამში 117 000 ევროს გამომუშავება შეუძლია. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპებზე საპრიზო ფონდი გაცილებით იზრდება და მაგალითად, თუ ჩოგბურთელმა მერვედფინალს უწია მას 265 000 ევროს მიღება შეუძლია. 

 

ბასილაშვილისა და როშას მატჩის თარიღი და დრო დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.


წყარო: sportall.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 911-ჯერ
    რეკლამა