დღის ახალი ამბები

„პენალტების სერია, როგორც წესი, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“ - ბერძნული მედია

„პენალტების სერია, როგორც წესი, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“ - ბერძნული მედია
27-03-2024, 12:25

„პენალტების სერია, როგორც წესი, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“ - ასე ეხმაურება ბერძნული გამოცემა Gazzetta Greece ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრას, რომელშიც ბერძნებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მარცხი იწვნიეს. 
როგორც ბერძნული გამოცემა წერს, ქართველებს მოედანზე რაიმე განსაკუთრებული საფეხბურთო თვისებები არ გამოუვლენიათ. თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ჟინი და გამძლეობა.
„იმ ტაიმის შემდეგ, როდესაც ქართველებმა უკეთ ითამაშეს, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მოუმატა და გოლის გატანა შეეძლოთ ან მეორე ტაიმში, ან დამატებით ტაიმში. იმ მომენტიდან, რაც მატჩი „რუსულ რულეტკამდე“ მივიდა, იღბალმა, ასევე, ითამაშა გადამწყვეტი როლი და მას ჩვენთვის არ გაუღიმია. თუმცა, ეს ფეხბურთია.
საქართველოს ბალახზე რაიმე გამორჩეული საფეხბურთო თვისებები არ გამოუვლენია. მან აჩვენა ჟინი და გამძლეობა. სწორედ ეს ელემენტები აღმოჩნდა საკმარისი. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ბერძნებმა ყველაფერი გაიღეს. ხოლო პენალტების სერია, უმეტეს შემთხვევაში, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი სტადიონზე არსებულ ატმოსფეროსაც იწუნებს. 
„სტადიონზეც კი, ატმოსფეროს თვალსაზრისით, არ იყო ისეთი განწყობა, როგორსაც ქართველები მატჩამდე გვპირდებოდნენ. კი, სტადიონი სავსე იყო, თუმცა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სტადიონი ქუხდა. ბერძენ კოლეგებთან ერთად, „დინამო არენაზე“ სამი საათით ადრე მივედი და არაფერი იყო ისეთი, რაც გვაიძულებდა გვეფიქრა, რომ „თუ არ წავაგებთ, აქედან არ წავალთ. იგივე განწყობა იყო მატჩის მიმდინარეობისას“, - წერს ბერძნული მედია. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

წყარო: newshub.ge/




გაზიარება
მოინახულეს 1 945-ჯერ
კომენტარები
რეკლამა